პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს „აგარანის მამულის“ ინციდენტზე დაკავებული კაცისთვის

პროკურატურაში ამბობენ, რომ მოითხოვენ 5000-ლარიან გირაოს, - „როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში“.

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში 18 ივლისს მომხდართან დაკავშირებით პროკურატურა მოითხოვს, რომ ახალგაზრდა კაცს, - რომელმაც ქალს სახეში მუშტი დაარტყა, - სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდოს.

ინფორმაცია, რომ გიორგი ჭიღლაძისთვის მხოლოდ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ, თავდაპირველად პროკურატურაზე დაყრდნობით „იმედმა“ გაავრცელა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„იმედის“ მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჭიღლაძის ადვოკატებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ პროკურორმა მათ უთხრა, რომ მისთვისაც არ იყო ჯერ ცნობილი, რას მოითხოვდნენ.

პროკურატურის თანახმადვე, დაკავებულს ბრალი წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ისჯება:

  • ჯარიმით;
  • გამასწორებელი სამუშაოთი - ვადით ექვს თვემდე;
  • შინაპატიმრობით - ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე;
  • ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთი ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

მისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.

რას ამბობენ ინციდენტის მონაწილეები

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ შაბათს, 18 ივლისს, ქორწილში მომხდარის მონაწილე ქალი, იულია ნესტერიუკი, - რომლისთვის მუშტის ჩარტყმისთვისაც დააკავეს გიორგი ჭიღლაძე, - ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ძალადობის „პროვოცირება“ არ მოუხდენიათ.

ასევე ნახეთ

„არ ვფიქრობ, რომ რაიმენაირად პროვოცირება მოვახდინეთ“ - ქალი, რომელსაც კახეთში სახეში მუშტი დაარტყეს

ის უარყოფს გავრცელებულ ცნობებს წყლის და სასმლის გადასხმის შესახებ და ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები ოთხი გოგო ვულგარულად არ იქცეოდნენ, ქორწილის სტუმრებთან დაპირისპირებაში თავად საერთოდ არ ყოფილა ჩართული და ოთახში იყო, ხოლო გიორგი ჭიღლაძე „სრულებით არაადეკვატურად“ მოიქცა.

ასევე ნახეთ

ქალისთვის ხელის დარტყმის გამო დაკავებულის ადვოკატი ჰყვება, რა მოხდა თელავის სასტუმროში
  • მეორე მხრივ, დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ქორწილის სტუმრებს სასტუმროში მყოფი გოგოების ჯგუფი მესამე სართულიდან სითხეს ასხამდა და აფურთხებდა;
  • აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.