24 ივლისს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. დაშავდნენ ქალი და ბავშვი.
ამ შედეგების შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებულ ცნობაში არ იყო დაკონკრეტებული სამრეწველო ინფრასტრუქტურის კონკრეტული ობიექტები და არც ის, რომელ რაიონებშია ზიანი.
საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ოდესის და იზმაილის რაიონებში. ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით, უშუალოდ ქალაქ ოდესაში „დაზიანებულია მაღაზია და ინფრასტრუქტურა”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივლისს დილით განაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით ოდესის პორტში დაარტყეს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარებს, ხოლო იზმაილის პორტში - სამხედრო ტვირთების საწყობებს. უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ასევე ნახეთ
დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის საწყობებზე პეტერბურგსა და ანექსირებულ სიმფეროპოლშიოდესის ოლქის იზმაილის რაიონი რუმინეთს ესაზღვრება. რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანის ინფორმაციით, 24 ივლისს დილით, გამანადგურებელ F-16-ის პილოტმა ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი.
პრეზიდენტ დანის თანახმად, დრონი დაუსახლებელ რაიონში იმყოფებოდა, ამიტომ მისი ჩამოგდება სარისკო არ იყო. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონებმა რუმინეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს, თუმცა პირველია, როცა რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო.
ასევე ნახეთ
რუსეთის ქალაქ კიროვში სარაკეტო შეტევა იყო სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე- რუსეთის ჯარები უკრაინის ოდესის ოლქს ინტენსიურად უტევენ. სახლების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაზიანებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ სამიზნე პორტებში არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.
- რუსეთის დარტყმების ქვეშ მოექცა არაერთი სამოქალაქო სატვირთო გემიც.