პოლონეთს შეუძლია სრული პასუხისმგებლობით დაადასტუროს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 30 ივლისს ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული ფრთოსანი Х-101 იყო. ეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა ტელეკომპანია TVN24-თან ინტერვიუში.
- 30 ივლისს გამთენიისას უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას, რომლის ერთ-ერთი სამიზნე პოლონეთის მახლობლად მდებარე ქალაქი ლვოვი იყო, საჰაერო ობიექტი პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ლუბლინის რაიონში, სოფელ ტარნავა-კოლონიასთან დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ 30 ივლისს დილითვე განაცხადა, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101.
- პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც 30 ივლისს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ლუბლინში გამართულ საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს იყო რუსული Х-101.
- რუსეთს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა TVN24-ის შეკითხვას, იყო თუ არა ეს მოსკოვის მიზანმიმართული ქმედება, უპასუხა, რომ ყველა ვარიანტი შესაძლებელია და მომდევნო კვირებში მეტი პასუხი ექნებათ.
ტომჩიკმა გაიხსენა 2025 წლის სექტემბრის ინციდენტი, როცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეფრინდნენ და განაცხადა, რომ ეს რუსეთმა ნატოს გამოცდის მიზნით გააკეთა.
ტომჩიკის ინფორმაციით, 30 ივლისს უკრაინის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე მოიგერიეს რუსული რაკეტების უმრავლესობა და უკრაინელი პილოტი აკვირდებოდა იმ რაკეტასაც, რომელიც საბოლოოდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა რაკეტამ კურსი პოლონეთის მიმართულებით შეიცვალა და მის მოსაგერიებლად უკრაინელი მფრინავი პოლონეთის ტერიტორიაზე ვერ შევიდოდა, ამიტომ საზღვართან მიახლოებამდე 20 წამით ადრე უკან გაბრუნდა.
- პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ 30 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცხო ობიექტის შესვლის გამო ინციდენტის რაიონში გაიგზავნა გამანადგურებელი F-16, თუმცა ობიექტი რადიოლოკაციური სისტემების ეკრანიდან იდენტიფიცირებამდე გაქრა და ჩამოვარდა.