უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევსა და კიევის ოლქში ვერცერთი რუსული რაკეტა ვერ მოიგერიეს

კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად განადგურებული საწყობი. 2026 წლის 5 აგვისტო

კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მორიგმა მასირებულმა შეტევამ, რომელსაც დიდი მსხვერპლი და მასშტაბური ზიანი მოჰყვა, ისევ აჩვენა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროება აქვს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვერცერთი რუსული რაკეტა ვერ მოიგერიეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 5 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 4 გემსაწინააღმდეგო და 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 უპილოტო საფრენი აპარატი.

დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 98 დრონის მოგერიება და ყველა რაკეტით და 17 დრონით პირდაპირი დარტყმა 26 ადგილზე.

ასევე ნახეთ

მსხვერპლი, მასშტაბური ხანძრები - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აგვისტოს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული დარტყმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დედაქალაქ კიევში - 1.

ზელენსკის ინფორმაციით, დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო სამოქალაქო საწარმოების საწყობები.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელოვანია პარტნიორები აცნობიერებდნენ, რომ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების შეფერხება, ან მიწოდებისთვის მზადყოფნის არარსებობა ასეთ საშინელ მსხვერპლს და ნგრევას იწვევს.

ზელენსკის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების დამჭერებს დღეს დაღუპულთა სიცოცხლის გადარჩენა შეეძლოთ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ პარტნიორებს, რომლებიც მზად არ არიან უკრაინას უფრო აქტიურად დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, მიმართა, რომ შეუძლიათ ახალი სანქციებით დახმარება, რადგან რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც სანქციების გარეშეა.

ასევე ნახეთ

უკრაინა ვერ მიიღებს Patriot-ის ტიპის რაკეტების შექმნის შესაძლებლობას - ტრამპი

უკრაინა დიდი ხანია რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად ითხოვს დამატებით სისტემებს, განსაკუთრებით ამერიკული Patriot-ის რაკეტებს.

  • 8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ საზენიტო სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
  • 28 ივლისს ზელენსკიმ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
  • ამ შეხვედრიდან სამ დღეში ტრამპმა თქვა, რომ Patriot-ი განსაკუთრებული იარაღია და მისი წარმოების უფლების გაცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მასირებული შეტევის შედეგები კიევსა და კიევის ოლქში

რუსეთის დარტყმის სამიზნეთა შორის იყო უკრაინის სავაჭრო ცენტრების ქსელის, „ეპიცენტრის“ საწარმოო და ლოგისტიკის ობიექტები. კომპანიის ინფორმაციით, დაიღუპა მისი ერთი თანამშრომელი და სამი დაიჭრა.

„ეპიცენტრის“ მონაცემებით, კიევში რუსული რაკეტებით ერთდროულად იყო დარტყმა კომპანიის ლოგისტიკის ორ ძირითად კომპლექსზე. სრულად განადგურებულია საწყობების ორი მსხვილი კომპლექსი და უკრაინაში კერამიკული ფილების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის, Epicentr Ceramic Corporation-ის ყველა ღუმელი. კომპანია იძულებულია ქარხნის მუშაობა შეაჩეროს. „ეპიცენტრის“ თანახმად, წარმოების სრულად აღდგენას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.

ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ინფორმაციით, კიევში განადგურებულია კომპანიის დამახარისხებელი ცენტრი, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა.

კომპანია LIQUI MOLY-მ, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ზეთს და ავტოტრანსპორტისთვის საჭირო სხვა პროდუქციას აწვდის, განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმით გამოწვეულმა ხანძარმა სრულად გაანადგურა კომპანიის ცენტრალური საწყობი.

სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს კომპანიის უმსხვილესი გამანაწილებელი საწყობი, სადაც დღეში 100 000-ზე მეტი შეკვეთის დამუშავება ხდებოდა და ეს კომპლექსი აღდგენას აღარ ექვემდებარება.

კიევის ოლქის ბროვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის სადგურ „კვიტნევაში".

რა თქვა რუსეთმა

5 აგვისტოს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და გამანაწილებელ ცენტრებს“, რომლებიც „ჩართული არიან სხვადასხვა იარაღის და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შენახვასა და მიწოდებაში და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და განაწილებაში“.

ობიექტების ჩამონათვალში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, არიან ლოგისტიკის ცენტრი „ჩაიკა“, ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია „ნოვა პოშტას" ტერმინალი და ლოგისტიკის ცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ტრანს-ლოგისტიკი“, კომპანია „ეპიცენტრის“ ლოგისტიკის ცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „რაბენ უკრაინა“ და ლოგისტიკის ცენტრი „ბროვარი“.

  • 2026 წლის ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეებს დაემატა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
  • 18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.

ასევე ნახეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Wildberries-ის საწყობებს ტულის ოლქშიც დაარტყეს