რუსეთში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის საწყობებზე

უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებზე შეტევა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ივლისში სამიზნეებს შორის იყო პეტერბურგთან მდებარე საწყობები

11 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის, მსხვერპლისა და ხანძრების შესახებ განაცხადა.

ვორონეჟის ოლქში დრონებით შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე. ეს ობიექტი ნოვოუსმანსკის რაიონში მდებარეობს. კომპანიამ განაცხადა, რომ ლოგისტიკის ობიექტებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდ გუსევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა „მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის“ ორ საწყობში, საერთო ჯამში 36 000მ² ფართობზე. გუსევს კონკრეტულად Wildberries-ი არ უხსენებია. გუბერნატორის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა

დრონების სამიზნე რომ Wildberries-ის საწყობები იყო, თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ. ვორონეჟის ოლქის ნოვოუსმანსკის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში მდებარე ლოგისტიკის კომპლექსი, რომლის ფართობი თითქმის 153 000მ²-ია, Wildberries-მა სრულად 2025 წლის ნოემბერში გახსნა და მისი მშენებლობა დაახლოებით 11 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

განახლება: უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ 11 აგვისტოს დღისით დაადასტურა, რომ ვორონეჟის ოლქში დრონებით დაარტყეს Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრს.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.
  • რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს

ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ 11 აგვისტოს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით შეტევა დაადასტურა. ორენბურგის ოლქის გუბერნატორ ევგენი სოლნცევის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი დაიწყო ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში".

განახლება: 11 აგვისტოს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“ დარტყმა დაადასტურა.

  • ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2026 წლის აპრილშიც.

ასევე ნახეთ

რუსეთის ჯარებმა კიევს და ზაპოროჟიეს დაარტყეს


  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.