ომის ფონზე ირანი მძიმე ეკონომიკური კოლაფსისკენ მიექანება

ირანელი ქალი კვერცხს ყიდულობს ბაზარში. თეირანი, 28 აპრილი, 2026.

ყოველ კვირაში სულ უფრო მოკლდება ირანელების საყიდლების სიები, რადგან ინფლაცია იზრდება, მსყიდველობითი უნარი კი მკვეთრად ეცემა.

„როდესაც სუფრიდან რაღაცები ქრება, პირველ რიგში ხილი ქრება, შემდეგ რძის ნაწარმი, ხოლო შემდეგ ყველაფერი, რაც არაპირველადი მოხმარების საგნად ითვლება“, - განაცხადა ირანის დედაქალაქ თეირანში მცხოვრებმა ქალმა რადიო თავისუფლების სპარსულენოვანი განყოფილების, „ფარდასთვის“ გაგზავნილ აუდიოგზავნილში.

„საბოლოო ჯამში ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ, მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კი არაფერია ხელმისაწვდომი“, დასძინა ქალმა, რომელმაც ვინაობის გაუმჟღავნებლობის პირობით ისაუბრა უსაფრთხოების მოსაზრებებით.

ისიც იმ მილიონობით ირანელს შორის არის, რომლებიც ებრძვიან იმ ეკონომიკურ შედეგებს, რაც შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ირანის ხუთთვიანმა ომმა მოიტანა.

ასევე ნახეთ

ირანიდან დუბაიმდე და საქართველომდე - ვინ არის აშშ-ის სანქცირებული „შელბითის“ მფლობელი

ირანის ეკონომიკა უკვე დასუსტებული იყო მრავალწლიანი საერთაშორისო სანქციებისა და მთავრობის მიერ ქვეყნის არასწორი მართვის გამო. მაგრამ ომმა დაახლოებით 90-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის პირას მიიყვანა.

შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაბომბვის კამპანიამ ირანის ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის ნაწილი გაანადგურა, რამაც უმართავ ინფლაციასა და უმუშევრობას შეუწყო ხელი. ამ ფონზე, როდესაც უმუშევრობა გაიზარდა, კვების ძირითადი პროდუქტების, მედიკამენტებისა და კომუნალური მომსახურების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

თეირანში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქალმა თქვა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

მისი თქმით, გასულ კვირაში ერთი კილოგრამი კარტოფილი 540 000 რიალი ($0,39) ღირდა, დღეს კი 720 000 რიალი ($0,52) ღირს. 30 კვერცხის ფასი, მისი თქმით, სულ რაღაც ერთ კვირაში 4 000 000 რიალიდან ($2,90) 5 700 000 რიალამდე ($4,15) გაიზარდა. ამასობაში, თეირანში პურის ფასი ერთი წლის წინანდელთან შედარებით გაორმაგდა.

„ხილზე ლაპარაკიც კი არ მინდა - ის უკიდურესად ძვირია“, თქვა ქალმა რადიო „ფარდასთვის“ გაგზავნილ აუდიოგზავნილში. „ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მისი ყიდვა. ფული თვის ბოლომდე არ გვყოფნის“.

ირანში მინიმალური თვიური ხელფასი დაახლოებით 100 დოლარია. ირანული მედიასაშუალებების ცნობით, ოთხსულიანი საშუალო ოჯახი ახლა თავისი შემოსავლის დაახლოებით 70 პროცენტს ძირითად საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს.

48 წლის ქალმა, რომელმაც უსაფრთხოების მოსაზრებებით ვინაობის გაუმჟღავნებლობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ ბევრი ირანელი „ჩუმად მიემართება სიკვდილისკენ“.

„საკუთარ თავზე ხელი ჩავიქნიე“, - დასძინა მან. „მხოლოდ ჩემი შვილის მომავალზე ვდარდობ, რადგან მათ მომავალი არა აქვთ“.

ასევე ნახეთ

ირანი და ტრამპი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს

ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 28 თებერვლამდე დუღდა.

ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ, ეროვნული ვალუტის კატასტროფულმა ვარდნამ და ცხოვრების პირობების გაუარესებამ დეკემბრის ბოლოს საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც შედეგად მოიტანა ის, რასაც ბევრი ანალიტიკოსი ირანის სასულიერო მმართველებისთვის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უწოდებდა.

ხელისუფლებისთვის შექმნილმა საფრთხემ უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკი დარბევა გამოიწვია. უფლებადამცველმა ჯგუფებმა დარბევის დროს 6 000-ზე მეტი დაღუპული აღრიცხეს, თუმცა ბევრი ამბობს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა ბევრად მაღალია.


ეკონომიკური ზეწოლა

დაბომბვის კამპანიით მიყენებული ზიანის მიღმა ვაშინგტონი ცდილობდა, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა გაეზარდა მისი შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროების მიზანში ამოღებით.

რათა შეეფერხებინა ირანის ნავთობის ექსპორტი, რომელიც მისი ეკონომიკის სასიცოცხლო წყაროა, შეერთებულმა შტატებმა საზღვაო ბლოკადა დააწესა ირანის პორტებსა და გემებზე. ემბარგო მოიხსნა დროებითი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელსაც თეირანმა და ვაშინგტონმა ივნისში მოაწერეს ხელი. მაგრამ ის ხელახლა დაწესდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება რამდენიმე კვირაში ჩაიშალა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომაც დაუწესა ირანს ახალი სანქციები, რათა კიდევ უფრო შეეზღუდა თეირანის წვდომა უცხოურ ვალუტასა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ფსონს დებდა იმაზე, რომ სანქციებისა და საზღვაო ბლოკადის შედეგები აიძულებს ირანს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის პირობებით, განაცხადეს დამკვირვებლებმა.

„ჩვენ ამას მშვიდად და აუჩქარებლად ვაკეთებთ“, განუცხადა ტრამპმა ამერიკულ გამოცემა Axios-ს 9 აგვისტოს და მიანიშნა, რომ უფრო მზად არის დაუშვას ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, ვიდრე კიდევ ერთი სამხედრო თავდასხმა წამოიწყოს.

„ჩვენ მათთან მხოლოდ ნახევრად ვმართავთ მოლაპარაკებებს. ჩვენ უბრალოდ ვადევნებთ თვალს ირანის უზარმაზარ ინფლაციას და იმ ფაქტს, რომ მათ ფული არა აქვთ“, თქვა მან.

ასევე ნახეთ

აშშ-ის სენატის დახურულ ბრიფინგზე უკრაინელებმა დრონებით ომის გაკვეთილებზე ისაუბრეს

ექსპერტები ამბობენ, რომ გაურკვეველია, იმუშავებს თუ არა ეს სტრატეგია. ისლამურმა რესპუბლიკამ უარი თქვა დათმოს თავისი საკვანძო მოთხოვნები და აჩვენა, რომ მზადაა, საკუთარი გადარჩენის უზრუნველსაყოფად გაუძლოს მაღალ ფასს - ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.

ირანმა ასევე შეძლო ზიანის მიყენება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის. ჰორმუზის სრუტის - გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების საკვანძო არტერიის - ფაქტობრივი ჩაკეტვით, თეირანმა რყევები გამოიწვია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე და თავდაყირა დააყენა მსოფლიო ეკონომიკა.

ივნისში ხელმოწერილი დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებას ეკონომიკური შეღავათების სანაცვლოდ. მაგრამ მისმა ბუნდოვანმა პირობებმა სწრაფად გამოიწვია დავა სრუტეზე კონტროლის შესახებ. თეირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ აკონტროლებს საზღვაო გზას, ომში თავისი ბერკეტის მთავარ წყაროს. მან ფართო მოთხოვნები წამოაყენა საერთაშორისო ნაოსნობისთვის მის ხელახლა გასახსნელად.


„ირანის აქილევსის ქუსლი“

ნათელია, რომ აშშ-ის ზომები ირანში ეკონომიკურ კრიზისს აღრმავებს.

ირანული ნავთობის იმპორტი შეჩერდა. ხელისუფლება ახდენს საწვავისა და ელექტროენერგიის ნორმირებას, ასევე ზღუდავს წვდომას უცხოურ ვალუტაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საერთო ინფლაცია წელს თითქმის 69 პროცენტს მიაღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

„ირანის აქილევსის ქუსლი ეკონომიკაა“, - განაცხადა ეკონომიკის ლონდონელმა ანალიტიკოსმა მასუმე თაჰერხანიმ. „ირანის ეკონომიკა ომამდეც კი უკვე სერიოზულ გასაჭირში იყო და მიემართებოდა მძიმე სტაგფლაციისა და შესაძლოა ჰიპერინფლაციის პერიოდისკენაც კი“.


ახლა ომმა და საზღვაო ბლოკადამ ახლო აღმოსავლეთის ეს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო, თქვა მან.

„ერთ წელზე ნაკლებ დროში ეკონომიკა შეიძლება მიუახლოვდეს მკვეთრ კოლაფსს, რაც შეიძლება გახდეს მომენტი გარდამტეხი“, განუცხადა თაჰერხანიმ რადიო „ფარდას“.

საბოლოო ჯამში სწორედ რიგითი ირანელები გადაიხდიან ფასს, თქვა მან, რადგან პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტი გაუარესდება და მთავრობა მკვეთრად შეამცირებს სუბსიდიებს.

„ხვალისთვის გეგმების დაწყობა უკვე შეუძლებლად გვეჩვენება“, თქვა თეირანში მცხოვრებმა პირველმა ქალმა. „ფულის დაზოგვა ჰგავს საცერში წყლის ჩასხმას: მისი ღირებულება ხელიდან გვისხლტება“.

„ხალხის ყურადღება ფოკუსირებულია იმაზე რომ დღევანდელი დღე გადაიტანონ, რადგან არავინ იცის, რამდენად უფრო ძვირი იქნება ხვალინდელი დღე“.