უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი იყო, დრონებმა შეაღწიეს მეზობელი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეებში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს, ადგილობრივი დროით ღამის სამის ნახევრისთვის, როცა რადიოლოკაციურმა სისტემამ უკრაინის საზღვრიდან რუმინეთის სიახლოვეს საჰაერო ობიექტები დააფიქსირა, მონიტორინგისთვის გაგზავნეს F-18 ტიპის ორი თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი.
დაახლოებით ერთ საათში რუმინეთის საჰაერო შეაღწია უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც მალევე ჩამოვარდა ტულჩის რაიონში, დაუსახლებელ ადგილას. ამ რაიონის გამოსაკვლევად სამხედროთა ჯგუფი გაგზავნეს.
20 აგვისტოს, დაახლოებით იმავე დროს, დრონმა შეაღწია მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც, გაგაუზიის ავტონომიის სოფელ ეტულიას მიმართულებით წავიდა, თუმცა, მოლდოვის საჰაერო სივრცე მალევე დატოვა და უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ადგილობრივი მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ იდენტიფიცირების წინასწარი შედეგებით, ეს იყო რუსეთის დრონი Shahed-136 (Geran-2).
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ოდესის ოლქში რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს. რუსეთს ამ პუნქტზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
რა არის რუსეთის მიერ ოდესისკენ გაშვებული „ბანდეროლები“ და რა საბრძოლო მასალა მოხვდა კროკმაზს?მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში დრონები ადრეც არაერთხელ აღმოჩნდნენ.
10 აგვისტოს მოლდოვამ მოსკოვიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც წინა დღეს მოლდოვის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დრონების მარშრუტებად არ იყენებენ უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიებს.
2026 წლის მაისში დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიან სახლს. დაშავდა ორი ადამიანი.
ივლისში ნატოს მონიტორინგის მისიის თვითმფრინავებმა პირველად ჩამოაგდეს რუმინეთის ტერიტორიაზე შეჭრილი დრონი. გამანადგურებლებმა რუმინეთში დრონი ჩამოაგდეს 16 აგვისტოსაც.
არის შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.