27 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ მდინარაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა „მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და დამსახურებისთვის გუნდის წინაშე“, შემდეგ კი თქვა:
„ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან“.
რაჭაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა: „ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული“.
„ფსიქოლოგიური სტრესი“ - ეს არგუმენტი გაიზიარეს
კობახიძემ ისიც თქვა, რომ მდინარაძე დაიღალა და მის „ფსიქოლოგიურ სტრესს“ გუნდში გაგებით მოეკიდნენ:
„მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართულნი. არ ვგულისხმობ ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რა თქმა უნდა, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული“.
„და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ“, - განაცხადა კობახიძემ და ბოლოს კვლავ დასძინა, რომ მდინარაძის ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ ეს საკითხი მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთად განიხილეს:
„ამაზე გვქონდა ჩვენც მსჯელობა... შემდეგ, ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინეთ მისი [მდინარაძის] პოზიცია საკუთარ გადადგომასთან დაკავშირებით“.
„საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური საქმიანობა... შესაბამისად, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა მან.
მდინარაძის განცხადება წასვლაზე
მდინარაძემ, - რომელიც ბოლო დღემდე ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, - 27 აგვისტოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ის უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკავშირდება და კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილისთვის წერილი არ გაუგზავნია:
„არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“.
ასევე ნახეთ
"კორუფციის საქმის" სასამართლო სხდომები ღარიბაშვილის გარეშე და მე-4 წერილი ციხიდან„ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო“, - თქვა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით - პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ერთად.
„მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“, - მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამაში კობახიძე და ივანიშვილი დაარწმუნა.
„ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ“, - თქვა მდინარაძემ მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულებაზე - „რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“.
ასევე ნახეთ
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდისღარიბაშვილის ბრალდებები
დაპატიმრებული ღარიბაშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისგან კორუფციული დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, - სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის აღკვეთის მიზნით.
მდინარაძე შუამავლობას უარყოფდა და ამბობდა, რომ ექსპრემიერი „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს“.
24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი, 750 000 ლარის ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
25 აგვისტოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს „სამარცხვინო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას“ და სასამართლო პროცესებს არ დაესწრება.
მდინარაძის პოლიტიკური კარიერა
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
- 2016 წლის შემდეგ, ის ძირითადად „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- 2025 წლის 3 სექტემბერს მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
- სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მას პრემიერი სპეციალურ წოდებებს ანიჭებდა - 2026 წლის 20 აპრილისთვის მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.
- 2026 წლის 21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მდინარაძე ვიცე-პრემიერად და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.
- 29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, მანამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.