უნდოდათ, ბურჭულაძეს ღარიბაშვილისთვის დაედო ხელი, ამიტომაც გაუფორმეს საპროცესო - ღარიბაშვილის ადვოკატი

„მათი ერთადერთი დათქმა და მოთხოვნა იყო, რომ რაიმე კი არ ეღიარებინათ ... არამედ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაედოთ ხელი“ - ღარიბაშვილის ადვოკატი

დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ჯუანშერ ბურჭულაძისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ამას უკავშირებს ექსმინისტრის მიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას, - რასაც სიცრუეს უწოდებს.

8 სექტემბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და მის ცოლისძმასთან, ვასილ მხეიძესთან, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების გადაწყვეტილება ბურჭულაძისა და მხეიძის „გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ მიიღეს.

გამოძიების ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ასევე ნახეთ

„გამოძიებასთან თანამშრომლობის“ მოტივით ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

8 სექტემბერსვე ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძესა და მხეიძეს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს საქმის პირველ ეტაპზე, როდესაც ბრალდება შედარებით მსუბუქი იყო, დამძიმების შემდეგ კი - შეთანხმება შედგა.

„ძალიან ლოგიკურია კითხვა - უფრო მეტი ეპიზოდის შემთხვევაში რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, როდესაც ნაკლები ბრალის პირობებში, მით უმეტეს, როდესაც ბრალდებულების მხრიდანაც მზაობა იყო, არ მოხდა?“ - იკითხა ადვოკატმა ჟურნალისტებთან და თავად გასცა შეკითხვას პასუხი:

„იმიტომ, რომ ესენი მძევლებად ჰყავდათ და მათი [პროკურატურის] ერთადერთი დათქმა და მოთხოვნა იყო, რომ რაიმე კი არ ეღიარებინათ, - ეს ნაკლებად აინტერესებდათ, - არამედ ... ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაედოთ ხელი“.

„სასჯელი კი არ გაუნახევრეს, მესამედი სასჯელი დაუტოვეს. მერე კიდევ, ალბათ, რამე შეეხებათ, ვადაზე ადრე გათავისუფლება ან რამე მსგავსი“, - ივარაუდა ადვოკატმა გელაშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ ბურჭულაძის ბოლო ჩვენების საფუძველზე წარუდგინეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალდება ქრთამის აღების შესახებ. ადვოკატის შეფასებით, „ასეთი ტყუილი“ მხოლოდ ასეთი სარგებლის მიღებით იხსნება.

რა მოხდა 8 სექტემბრის სხდომაზე

  • ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
  • ვასილ მხეიძეს სასჯელის სახით 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას დაეკისრება 100 ათასი ლარის ჯარიმა.
  • ვასილ მხეიძე 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს, ჯუანშერ ბურჭულაძე კი 2025 წლის 11 სექტემბერს. მხეიძე, სავარაუდოდ, ციხეს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დატოვებს, ბურჭულაძე კი 2028 წლის სექტემბერში.
  • მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაამტკიცა. მედიის ცნობით, სხდომას ბურჭულაძეც და მხეიძეც ესწრებოდნენ, თუმცა სიტყვით არ უსარგებლიათ და მხოლოდ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებს პასუხობდნენ.

საუბარია ეპიზოდზე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის სამ საიდუმლო შესყიდვას.

პროკურატურის ვერსიით, შესყიდვებისას „ხელოვნურად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო“ და 11,5 მილიონი ლარის რეალური ღირებულების საქონელი თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 18,5 მილიონ ლარად შეიძინა. უწყების თანახმად, სახელმწიფოს 6,98 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

პროკურატურის ვერსიითვე:

  • შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ბურჭულაძის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, დაახლოებით 1,9 მილიონი ლარი გადასცა;
  • მხეიძემ 400 ათასი ლარი დაიტოვა, ხოლო 1,5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა;
  • ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი, ასევე 750 ათასი ლარი, რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ბურჭულაძე და მხეიძე ამავე შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდადებული არიან. 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილს ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზე