„მეც მეშინია, მაგრამ...“ - ყოფილი პოლიტპატიმარი ანჯეი პოჩობუტი პოლონეთიდან ბელარუსში დაბრუნდა

ანჯეი პოჩობუტი გროდნოში. 2026 წლის 8 სექტემბერი

 „ცხოვრებაში შიშით არ უნდა იხელმძღვანელო“, - თქვა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ანჯეი პოჩობუტმა და 8 სექტემბერს პოლონეთიდან ბელარუსში დაბრუნდა. ხუთ წელზე მეტი ხნით პატიმრობის შემდეგ ის კვლავ მშობლიურ გროდნოშია - ქვეყანაში, სადაც რეჟიმმა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პოლონური გაზეთი Gazeta Wyborcza იუწყება, 8 სექტემბერს ყოფილმა პოლიტპატიმარმა ანჯეი პოჩობუტმა, რომელიც ბელარუსიდან პოლონეთში იყო დეპორტირებული, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და ბელარუსში დაბრუნდა.

„აპირებს შეხვდეს თავის ოჯახს და კოლეგებს „ბელარუსის პოლონელთა კავშირიდან“. ბელარუსში მისი მოგზაურობა ერთ კვირას გაგრძელდება“, - განაცხადა გაზეთ „ვიბორჩას“ ჟურნალისტმა ბარტოშ ველინსკიმ.

ასევე ნახეთ

„უნიკალური პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება - რას ცვლის პოჩობუტის გაცვლა ლუკაშენკასთვის

პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP-ს პოჩობუტის ბელარუსში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებთან დაახლოებულმა წყაროებმაც. მათი თქმით, ყოფილ პოლიტპატიმარს გამგზავრებისას თან ახლდა ქალიშვილი.

ანჯეი პოჩობუტმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი ბობროვნიკის გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და მშობლიურ ქალაქ გროდნოში გაემგზავრა. გაზეთ „ვიბორჩას“ ინფორმაციით, ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ პოჩობუტი შეერთებულ შტატებსა და კანადაში გამგზავრებას გეგმავს, სადაც ის პოლიტიკოსებსა და პოლონური დიასპორის აქტივისტებს შეხვდება. ამის შემდეგ ანჯეი პოჩობუტი პოლონეთში უნდა დაბრუნდეს და, მისი თქმით, დაასრულოს წიგნი, რომელშიც დეტალურად აღწერს თავის ყოფნას ბელარუსის სასჯელაღსრულების კოლონიაში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთამდე ანჯეი პოჩობუტმა გაზეთ „ვიბორჩას“ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომლისაც „ყველას შეეშინდებოდა“.

„მეც მეშინია. მაგრამ ცხოვრებაში შიშით არ უნდა იხელმძღვანელო“, - თქვა მან.

პოჩობუტს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან პარალელების შესახებ ჰკითხეს. ალექსეი ნავალნი, რომელიც მძიმედ მოწამვლის შემდეგ 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, აეროპორტშივე დააკავეს (მოგვიანებით კი ციხეში გარდაიცვალა).

პასუხად პოჩობუტმა თქვა, რომ ხუთი წლის განმავლობაში სპეცსამსახურებს ის „საბელზე ჰყავდათ“ გამობმული, მაგრამ არაფერი დაუშავებიათ.

„მაგრამ რატომ განვიხილავთ ნავალნის ისტორიას? პირველ რიგში, ბელარუსი სხვა ქვეყანაა და არა რუსეთი. ვითარებაც სრულიად განსხვავებულია. რუსებს ნავალნის მოკვლა მანამდეც სურდათ. მათ ის „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მე ხუთი წელი გისოსებს მიღმა გავატარე, მათ ხელში ვიყავი და არაფერი დამიშავეს. არადა, შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ“, - თქვა ყოფილმა პოლიტპატიმარმა.

ასევე ნახეთ

მზია ამაღლობელს გადასცეს სახაროვის პრემია

8 სექტემბერს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ანჯეი პოჩობუტი გროდნოში, მდინარე ნემანის ნაპირზეა გადაღებული.

ანჯეი პოჩობუტის თქმით, შექმნილ ვითარებაში მისი ხელახალი დაპატიმრება „მინსკისთვის უკიდურესად უხერხული იქნებოდა, რადგან მიმდინარეობს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობები“.

პოჩობუტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ვინ ელოდა მას საზღვრის მეორე მხარეს:

„ოჯახი. ჩემი ოჯახი და პოლონელთა კავშირის აქტივისტები. საზღვარს ჩემს ქალიშვილ იანასთან ერთად გადავალ. სახლში, გროდნოში წავალთ. ასევე შევჩერდები დიდ ბიერესტავიცაში, - თქვა მან, - ეს პატარა ქალაქია. წავალ ჩვენი ძველი სახლის სანახავად. სასაფლაოსაც მოვინახულებ. ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. მხოლოდ ახლა მომეცა ასეთი შესაძლებლობა. შემდეგ კი გროდნოში წავალთ - ჩემს ცოლთან, მშობლებთან“.

9 სექტემბერს დილით ანჯეი პოჩობუტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოპოჩკინოს სასაფლაოზე გადაღებული ფოტო მინაწერით, რომ მოინახულა გენერალ ოლშინ-ვილჩინსკისა და 1939 წლის სექტემბერში დაღუპულ მებრძოლთა საფლავები.

ანჯეი პოჩობუტმა, რომელიც ბელარუსის პოლონელთა კავშირის აქტივისტია, განაცხადა, რომ ასევე გეგმავს „სხვა ქალაქების“ მონახულებასაც: „უნდა ვნახოთ, იქ რა ხდება. ეს ბელარუსში პოლონელთა კავშირის აქტივისტებთან დაგეგმილ შეხვედრებს უკავშირდება“.

გაზეთ „ვიბორჩას“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ ბელარუსში გადაადგილებით ლუკაშენკას რეჟიმის რისხვას გამოიწვევს, პოჩობუტმა უარყოფითად უპასუხა.

„განათლებით იურისტი ვარ და კანონს ვიცავ. არანაირად არ ვარღვევ ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს. გარდა ამისა, მინდა პოლონელთა კავშირს მხარი დავუჭირო და მის დამოუკიდებლობას შევეწიო. რადგან მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანიზაცია შეძლებს პოლონური უმცირესობის წარმომადგენლობას“, - განაცხადა ანჯეი პოჩობუტმა.

ასევე ნახეთ

ადამიანებითა და კალიუმით ვაჭრობა? - როგორ იყენებს ლუკაშენკა პოლიტპატიმრებს

ბელიაცკი და ციხანოუსკაია - პოჩობუტის დაბრუნების შესახებ

„ეს საინტერესო ფაქტია, რომელიც აჩვენებს, რომ ანჯეი თავის სიტყვას ასრულებს და საკუთარი მაგალითით ყველაფერს აკეთებს ბელარუსში სიტყვის თავისუფლებისთვის“, - განუცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ალეს ბელიაცკიმ Freedom Peak-ს.

უფლებადამცველის თქმით, უჩვეულო ფაქტია, როდესაც ქვეყნიდან დეპორტირებული ყოფილი პოლიტპატიმარი ბელარუსში დაბრუნდა.

„თავად ეს შემთხვევა უჩვეულოა, რადგან ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. მაგალითად, მე იმავეს ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემ წინააღმდეგ უკვე აღძრულია ახალი სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ანჯეის გამო ძალიან მიხარია“, - თქვა ალეს ბელიაცკიმ.

პოჩობუტის ბელარუსში დაბრუნებას გამოეხმაურა ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია.

„ასეთი ადამიანები შთაგვაგონებენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის უსაფრთხოდ იყოს. ანჯეი პოჩობუტი ბელარუსში დაბრუნდა. ვფიქრობ, ყველას, ვინც მისი ისტორია იცის, ესმის, რამდენი სიმამაცე დგას ამ გადაწყვეტილების უკან. ზოგჯერ, დიქტატურის პირობებშიც კი, ადამიანს შეუძლია თავისუფლების მცირე სივრცე დაიბრუნოს - საკუთარი შეუპოვრობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით. ძალიან მიხარია, რომ ანჯეი ახლა ბელარუსშია და შეუძლია თავის სახლში იყოს“, - დაწერა ციხანოუსკაიამ საკუთარ Telegram-არხზე.

მისი თქმით, ბელარუსში რეპრესიები კვლავ გრძელდება: ადამიანებს აკავებენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ, ნათესავებზე ზეწოლას ახორციელებენ და "კაგებეში" იბარებენ:

„მათთვის, ვისაც დევნა ემუქრება, დაბრუნება კვლავაც შეიძლება საშიში იყოს. ანჯეის ისტორია განსაკუთრებულია. ასეთი ადამიანები თავიანთი სიმტკიცითა და გმირობით შთაგვაგონებენ. ახლა კი მთავარი ისაა, რომ ის უსაფრთხოდ იყოს. იმედი მაქვს, რომ უკან დაბრუნებასაც ასევე თავისუფლად შეძლებს“.

ანჯეი პოჩობუტი - ჟურნალისტი, წარმოშობით გროდნოდან, პოლონური გაზეთის, „ვიბორჩას“ კორესპონდენტი და ბელარუსის პოლონელთა კავშირის აქტივისტი. ეს ორგანიზაცია ბელარუსის ხელისუფლების მიერ აღიარებული არ არის. პოჩობუტმა ხუთ წელზე მეტი გაატარა გისოსებს მიღმა. ის 2021 წლის 25 მარტს დააკავეს, ხოლო 2023 წლის თებერვალში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასჯელაღსრულების კოლონიაში გაგზავნეს. უფლებადამცველებმა პოჩობუტი პოლიტპატიმრად აღიარეს, პოლონეთის ხელისუფლება კი მისი გათავისუფლებისთვის იბრძოდა.

ასევე ნახეთ

რატომ აძევებს ლუკაშენკა პოლიტპატიმრებს ბელარუსიდან?

2021 წელს პოჩობუტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, გათავისუფლების სანაცვლოდ ბელარუსი უნდა დაეტოვებინა. 2026 წლის 28 აპრილს, ხუთ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, ის გაათავისუფლეს და პატიმართა საერთაშორისო გაცვლის ფარგლებში პოლონეთში გადაიყვანეს.

გათავისუფლებისთანავე პოჩობუტმა განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებდა. მოგვიანებით მან ეს გადაწყვეტილება არაერთხელ დაადასტურა და განმარტა, რომ მისი სახლი გროდნოშია და ცხოვრების 20 წელზე მეტი ბელარუსის პოლონელთა კავშირის საქმიანობას მიუძღვნა. აგვისტოს ბოლოს პოჩობუტმა განაცხადა, რომ ბელარუსის პოლონელთა ყრილობამდე (13 სექტემბერი) შინ დაბრუნებას გეგმავდა.

სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ყრილობა გარკვეული ვადით გადაიდო, თუმცა პოჩობუტმა განაცხადა, რომ ამას ბელარუსში დაბრუნების გეგმები არ შეუცვლია.

ვინ არის ანჯეი პოჩობუტი?

ანჯეი პოჩობუტი

ანჯეი პოჩობუტი - ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ბელარუსის პოლონელთა არარეგისტრირებული კავშირის წევრი.

დაიბადა 1973 წლის 17 აპრილს დიდ ბიერესტავიცაში (გროდნოს ოლქი). ცხოვრობს გროდნოში. დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი: უფროსი ქალიშვილი გროდნოს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, უმცროსი ვაჟი კი სკოლის მოსწავლეა.

პოჩობუტმა ჟურნალისტური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მუშაობდა პირველ დამოუკიდებელ საქალაქო გაზეთებში - „პაგონია“, „ძენი“, „მიასტცოვი ჩასი“, რესპუბლიკურ გაზეთ „ნაროდნაია ვოლიაში“ და ბელარუსის პოლონელთა კავშირის პოლონურენოვან გამოცემაში „გლოს ნად ნემანემ“. იყო ბელარუსის პოლონელთა კავშირის ჟურნალის რედაქტორი და მსხვილი პოლონური გამოცემის, „გაზეტა ვიბორჩას“ კორესპონდენტი. იკვლევდა საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიას, დასავლეთ ბელარუსში ანტისაბჭოთა წინააღმდეგობასა და არმია კრაიოვას საქმიანობას.

2021 წლის 25 მარტს ანჯეი პოჩობუტი თავის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

ე.წ. პოლონური საქმის სამი ფიგურანტი - ირენა ბერნაცკა, მარია ციშკოვსკაია და ანა პანიშევა - 2021 წლის მაისში გაათავისუფლეს ბელარუსის დატოვების სანაცვლოდ. პოჩობუტმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. პოლონელთა კავშირის თავმჯდომარე ანჟელიკა ბორისი კი 2022 წლის მარტში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

დნმ-მასალა მუქარითა და მოტყუებით: ბელარუსში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გენომურ ბაზას ქმნიან

ანჯეი პოჩობუტს გულის დაავადება აქვს. წარსულში, განსაკუთრებით სიცხის დროს, მას ხშირად ემართებოდა შეტევები, სუსტდებოდა და გულის რიტმის დარღვევის გამო საავადმყოფოში ხვდებოდა.

პოლონეთზე საბჭოთა თავდასხმის შესახებ (1939 წ.) დაწერილი სტატიის გამო ანჯეი პოჩობუტს „ეროვნულ ნიადაგზე მტრობის გაღვივებაში“ დასდეს ბრალი. პუბლიკაციაში პოჩობუტმა 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთზე საბჭოთა თავდასხმას აგრესია უწოდა. სისხლის სამართლის საქმეში ასევე შეიტანეს პოლონური უმცირესობის დასაცავად გაკეთებული მისი განცხადებები, სტატია 2020 წელს ბელარუსული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შესახებ და 2006 წელს გამოქვეყნებული ტექსტი გროდნოს ოლქში მოქმედი პოლონური ანტიკომუნისტური იატაკქვეშეთის ერთ-ერთი მეთაურის შესახებ.

2023 წელს პოჩობუტს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე წლის 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიტპატიმარი ნავაპოლაცკის N1 ციხეში გადაიყვანეს.

2025 წელს პატიმრობაში მყოფ ანჯეი პოჩობუტს, მზია ამაღლობელთან ერთად, მიენიჭა სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

2026 წლის 28 აპრილს ანჯეი პოჩობუტი გაათავისუფლეს და პატიმართა გაცვლის ფარგლებში პოლონეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

უგზო-უკვლოდ გაუჩინარება: გაერომ ბელარუსის ციხეები ადამიანების გატაცებას გაუთანაბრა