მედია: საფრანგეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირის სასანქციო სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღება სურთ - Coreper-ის კონსულტაცია ერთი კვირით გაგრძელდა

რუსი ოლიგარქები: მიხაილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი (ფოტოკოლაჟი)

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (Coreper) ბრიუსელში შეთანხმდა კიდევ ერთი კვირით, 22 სექტემბრამდე გაგრძელდეს რუსეთის ათასობით მოქალაქისა და კომპანიის წინააღმდეგ სანქციების არსებული რეესტრის მოქმედება, რომელსაც ვადა 15 სექტემბერს ეწურებოდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სლოვაკეთმა და საფრანგეთმა მოითხოვეს ორი რუსი ოლიგარქის სანქცირებულთა სიიდან ამოღება. დანარჩენი 25 წევრი სახელმწიფოს დიპლომატები ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ.

საქმე ეხება ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხზე შეუთანხმებლობას. ელჩებს შორის კონსულტაციები კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. სანქცირებულთა არსებული სიის მოქმედების მომდევნო ექვსი თვით გაგრძელებას, სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა.

ონლაინ მედიაგამოცემა Euractive-ის ინფორმაციით, სლოვაკეთი მოითხოვს ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა.

EUobserver-ის ინფორმაციით კი, საფრანგეთი „ეროვნული უსაფრთხოების“ საფუძველზე მოითხოვს ალიშერ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას, რითაც „აღვივებს სპეკულაციას პარიზსა და ბაქოს ან მოსკოვს შორის საიდუმლო გარიგებაზე“.

„ეს ნიშნავს - შევთანხმდით, რომ ვერ ვთანხმდებით, ერთი კვირით“, - ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატის ეს სიტყვები მოჰყავს EUobserver-ს.

ამავე გამოცემას საფრანგეთის დიპლომატიურმა წყარომ ორშაბათს განუცხადა: „ჩვენ [საფრანგეთს] ეროვნული უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხი გვაქვს და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც მოგვმართავენ ბატონ უსმანოვთან მიმართებით“.

ევროკავშირმა სავიზო აკრძალვა და აქტივების გაყინვის სანქციები უზბეკური წარმოშობის რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს დაუწესა 2022 წელს მისი „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი განსაკუთრებით ახლო კავშირებისა“ და რუსეთის ეკონომიკის „წამყვან სექტორებში“ მისი მონაწილეობის გამო. იგივე გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ და 2023 წელს - შეერთებულმა შტატებმა.

ასევე ნახეთ

გამოქვეყნდა რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ფარული ჩანაწერი

EUobserver-ი წერს, რომ „საფრანგეთის მიერ ნახსენები „საერთაშორისო პარტნიორები“ შესაძლოა იყვნენ აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი, რომლებიც უსმანოვის სანქცირებულთა სიიდან ამოღებას მარტშივე ლობირებდნენ“ და რომ ბრიუსელისთვის გაგზავნილ წერილში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი უსმანოვს უწოდებს „ქველმოქმედს“, რომელიც „ხელს უწყობდა ცენტრალური აზიის ქვეყნების გახსნას დასავლეთისთვის, ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თურქულენოვან სამყაროში ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებაში“. თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანს კი მნიშვნელოვანი ბანქო უჭირავს ხელში „მარტინ რიანის, ფრანგი ბიზნესმენის სახით, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავს პატიმრობაში და რომლის დაბრუნებასაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს“.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სლოვაკეთი დიდი ხანია გამოდის უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებისკენ მოწოდებით. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები კი ამ მოთხოვნას „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნევენ.

„ევრონიუსს“ მოჰყავს 2026 წლის მარტში The Insider-ში გამოქვეყნებული მასალა და მასში გამოყენებული რეჯეფ ტაიპ ერდოანის 2 მარტის წერილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსადმი, უსმანოვისთვის სანქცირებულთა სიიდან ამოღებაში დახმარების თხოვნით: „ევროკავშირის სასანქციო სიიდან მის ამოღებასა და მისი დარღვეული უფლებების აღდგენაში თქვენი მხარდაჭერა უკიდურესად ღირებული იქნება“ - The Insider-ში მოშველიებულ წერილში ერდოანი აგრეთვე წერდა, რომ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთიც მხარს უჭერენ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას.

„ევრონიუსი“ წერს, რომ არ არის ნათელი უკავშირდება თუ არა საფრანგეთის პოზიცია დიპლომატიურ კულისებში მიმდინარე ლობირებას: „თუმცა, ნათელია ის, რომ ამან მოულოდნელი განზომილება შესძინა სლოვაკეთის ვეტოს და მნიშვნელოვნად გაართულა ერთსულოვანი შეთანხმების მიღწევა“.

ასევე ნახეთ

უნგრეთში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, სიიარტოს, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთთან კავშირების გამო

14 სექტემბრის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

„ყველას გვესმის: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მართლაც მნიშვნელოვანია. ახლა ნამდვილად არ არის სანქციების მოხსნის, მათგან რუსი ოლიგარქების გადარჩენის დრო და იმისი დრო, რომ ევროპამ რუსეთი დაასაჩუქროს. უსმანოვს, ფრიდმანს და მათ მსგავს სხვა რუს ფიგურებს ჯერაც არ გადაუდგამთ ნაბიჯები ომის წინააღმდეგ.

ახლა არ არის დრო, ევროპამ დაივიწყოს რა ხდება. გვჭირდება ახალი და უფრო ძლიერი სანქციები - ისეთბი, რომლებთან ადაპტაციასაც რუსეთი ვერ მოახერხებს, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მთელი წარმოების წინააღმდეგ ანტიბალისტიკური სანქციები, აგრეთვე სანქციები, რომლებიც რუსეთს ფინანსებს შეუზღუდავს.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაც და რუსეთიც თანახმა არიან არ დაარტყან ენერგოობიექტებს; ზელენსკი აზუსტებს დარტყმების შეწყვეტის პირობებს

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზომები, რომლებიც ომს შეაკავებს. ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტი სამწუხაროდ ჯერაც პროექტია და არა - კანონი. მნიშვნელოვანია, რომ ის კანონად იქცეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.