შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა რუსეთის VTB Bank-ი სანქციებისთვის გვერდის ავლაში ირანის დახმარების გამო

სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი (არქივის ფოტო)

14 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) „ოპერაცია ეკონომიკური განკვეთის“ ფარგლებში დაასანქცირა რუსეთის ცნობილი საფინანსო ორგანიზაცია „ვი-ტი-ბი ბანკი“ (VTB Bank) ირანის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლაში მონაწილეობის, მათ შორის - ირანის სანქცირებულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარების გამო.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა:

„“ოპერაცია ეკონომიკური განკვეთის“ ფარგლებში, ხაზინა გააგრძელებს მათ მიზანში ამოღებასა და ჩამოშლას, ვინც ირანს აწვდის მატერიალურ, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ირანის რეჟიმს თავისი ტერორისტული საწარმოს შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ხაზინა არ შეეგუება რეჟიმის რაიმე გზით მხარდაჭერას და გააგრძელებს ირანის ხელშემწყობთა იდენტიფიკაციას, გამოაშკარავებასა და იზოლაციას“.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეს VTB არის მსოფლიოში ყველაზე ყოვლისმომცველად სანქცირებული საფინანსო ინსტიტუტი. „ოპერაციამ ეკონომიკური განკვეთა“ გააძლიერა მეორადი სანქციების რისკი და ააჩქარა მათი გამოყენება მათ მიმართ, ვინც განაგრძობს ირანის რეჟიმთან ბიზნესის კეთებას“.

ვაშინგტონი განმარტავს, რომ ის საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც განაგრძობენ „ვი-ტი-ბისთან“ თანამშრომლობას, ირანზე მისი OFAC-ის სასანქციო სიაში ჩართვის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი სასანქციო საფრთხის ქვეშ ექცევიან, ვიდრე მანამდე და „დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ ეს ურთიერთობები“.

ასევე ნახეთ

აშშ მკაცრ სანქციებს უწესებს ირანის ყველა ავიაკომპანიასა და მათ ხელშემწყობებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში აპირებს გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთნ შეხვედრას, რომ მათ მიაწოდოს „ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ირანის რეჟიმთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ირანის ტერორისტულ პროქსიებთან და მათ ხელშემწყობებთან დაკავშირებული შემოსავლების ნაკადებისა და შესყიდვების ჯაჭვების ჩასაჭრელად“.

„ვი-ტი-ბი ბანკის“ შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე წერია რომ ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც ბოლო წლებში ირანში გახსნა ოფისები ირანის რეჟიმთან უფრო მჭიდრო საბანკო კოორდინაციის ჩამოსაყალიბებლად და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გასაფართოებლად:

„ბოლო სამ წელიწადში, „ვი-ტი-ბი ბანკმა“ საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობები დაამყარა ირანის სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებთან და 2025 წლის იანვარში შეუდგა ნაბიჯების გადადგმას თეირანში თავისი წარმომადგენლობის გასაზრდელად. „ვი-ტი-ბი ბანკმა“ გადადგა ნაბიჯები ირანის მილიარდობით გაყინული აქტივების გადასატანად და შექმნა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების სისტემა, ირანულ რიალსა და რუსულ რუბლში მოქმედი საკორესპონდენტო ანგარიშების გავლით ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად“.

ასევე ნახეთ

აშშ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ იწყებს "ეკონომიკურ შტურმს", ქვეყნებისგან მოითხოვს, თეირანთან გაწყვიტონ სავაჭრო კავშირები

OFAC-ის მიერ „ვი-ტი-ბი ბანკის“ სანქცირების შედეგად, აშშ-ში არსებული მისი მთელი ქონება ან აშშ-ის მოქალაქის საკუთრებაში არსებული წილი იბლოკება და ამის შესახებ უნდა ეცნობოს OFAC-ს. სანქციების დარღვევა იწვევს ამერიკის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის განხორციელებაზე, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, ყველა სასიცოცხლო წყაროს ჩაუკეტავს თეირანს.