კულტურის მინისტრად დაინიშნა პარლამენტარი მაია ბითაძე

კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძეა.

2026 წლის 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად დანიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე.

ის შეცვლის თინათინ (თიკა) რუხაძეს, რომელიც მინისტრის პოსტს 2024 წლის 14 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ივლისამდე იკავებდა.

„მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მაია ბითაძე X-XI მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ორივე შემთხვევაში იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • პარლამენტში მოხვედრამდე, 2017-20 წლებში იგი თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო.
  • კიდევ უფრო ადრე, 2014-17 წლებში იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.

თიკა რუხაძის გადადგომა

28 ივლისს თინათინ რუხაძე მინისტრის პოსტიდან გადადგა.

ინფორმაცია ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

მან დაწერა, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო: „ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას“.

რუხაძის დეკლარაციების მიხედვით, ის ფლობს ძვირადღირებულ ნივთებს.

  • მინისტრად დანიშვნის წინა დღეს, 2024 წლის 17 ოქტომბერს, მან 8100 ევროდ (23 949 ლარი) შეფასებული ჩანთა იყიდა;
  • ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ის ე.წ. ქეშად ინახავდა 68 000 დოლარს.

ასევე ნახეთ

თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

შეკითხვები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

2026 წლის 13 სექტემბერს „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები დასვა.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
  • დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა

გასულ კვირაში ამავე ტელევიზიასთან პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დასმულ შეკითხვაზე კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა მოადგილე მიხეილ კიკნაძემ თქვა: „გამოვლენილი ხარვეზები რაც იყო, ყველა დაფიქსირებულია შესაბამისი დოკუმენტაციით აუდიტის დასკვნებში“.

13 სექტემბრის გადაცემაში კი კიკნაძე კითხვაზე პასუხად ამბობს: „არ მითქვამს, რომ არსებობს დარღვევები“.

14 სექტემბერს პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-ზე“ დებატებისას პრემიერ ირაკლი კობახიძეს ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც კობახიძემ განაცხადა:

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული.

პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა.

ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“.

ასევე ნახეთ

კობახიძის თქმით, „უფრო მეტად ჩაჰყვება“ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს