მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა შეტევას ომის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. მისი განცხადებით, შაბათიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 1600-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, მათგან დაახლოებით 450 „მოსკოვის მისადგომებთან“. რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას მიაღწია.
ქარხნის ტერიტორიიდან გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს. Reuters-ის კორესპონდენტებმა მოსკოვში აფეთქებების ხმაც გაიგონეს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი დააფიქსირეს. ზარალის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
დრონის ჩამოვარდნა და აფეთქება დაფიქსირდა საცხოვრებელ რაიონშიც. ASTRA-ს ცნობით, ინციდენტი ბორისოვსკიე-პრუდის ქუჩაზე, მრავალსართულიან სახლთან მოხდა. მოსკოვში დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ
„სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“ - რატომ სჭირდება პუტინს არჩევნები, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილია?!მოსკოვის ოლქის სოფელ სოფინოში, ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, შეტევის შედეგად სასაწყობე კომპლექსიც დაზიანდა. რამენსკოეს რაიონში კი დრონის ჩამოვარდნის შედეგად 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შენობიდან 400 ადამიანის, მათ შორის 70 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.
შეტევა დაემთხვა რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ბოლო დღეს. სობიანინის მტკიცებით, დრონებით თავდასხმა არჩევნების ჩაშლის მცდელობა იყო, თუმცა „მიზანს ვერ მიაღწია“.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზედრონების გარდა, უკრაინამ სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „შორ მანძილზე განხორციელებული საპასუხო დარტყმების“ შედეგად დაზიანდა „რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი და აგრესორის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა“.
„საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას ამუშავებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, დრონებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის რაკეტებიც გამოიყენა, მათ შორის „ფლამინგო“ და „პელიკანი“.
მოსკოვის გარდა, ზელენსკიმ დაადასტურა შეტევა ვორონეჟის ოლქში მდებარე ობიექტზეც.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი ომი და მშვიდობა აირჩიოს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა რეგიონების ხარჯზე საჰაერო თავდაცვის მრავალშრიან რგოლებს ქმნიდეს“.
„დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უკვე მაგიდაზეა, მათ შორის ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით. საჭიროა პოლიტიკური ნება“, - დასძინა ზელენსკიმ.
მან უკრაინელ მებრძოლებს სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა.