საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა.

ბოლო რეისები ირანულმა ავიაკომპანიებმა 20 სექტემბერს, შეასრულეს. 21 სექტემბრიდან კი მათი საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეზღუდული იქნება.

ამერიკული სანქციები

2026 წლის 8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. მათ შორის იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებდნენ.

10 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:

„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

ასევე ნახეთ

ირანის საელჩო აშშ-ის სანქციებზე თბილისის გადაწყვეტილებას უპასუხებს და რუკას აქვეყნებს

ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.

მან კომენტარში ასევე დაწერა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი (ირანული კომპანიების შეზღუდვა) „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.

14 სექტემბერს ელჩმა დაამატა, რომ თბილისის გადაწყვეტილებას, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“. მან წერილობით მიმოიხილა „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხი 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის დაასახელა „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.

ასევე ნახეთ

მინისტრ არაყჩის საქართველოსთან ურთიერთობების მომავალზე ვესაუბრე - ირანის ელჩი

მთავრობის პოზიცია

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის განცხადებების პასუხად თქვა, რომ თბილისის პოლიტიკას „ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“.

„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“, - თავდაპირველად ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში.

„თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 სექტემბერს კობახიძემ ასევე თქვა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმს ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანას ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.

„ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს, ირანს ორმხრივ სანქციებს არ ვუწესებთ - კობახიძე

საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ირანთან

საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში.

მაგალითად, 2013 წელს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აღწერდა, როგორ გაიზარდა ირანული ბიზნესი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ირანი დასავლური სანქციების ქვეშ იყო.

საქართველოში მოქმედ ათასობით ირანულ კომპანიაზე ახლახან წერდა რადიო თავისუფლებაც.

2026 წლის 7 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოში დაფუძნებულ კრიპტოკომპანია „შელბითს“ (Shelbit) და მის მფლობელს, სიავაშ კაივანპურს. OFAC-ის ცნობით, კომპანია ჩართული იყო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ტრანზაქციებსა და სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილ ფინანსურ სქემებში, მათ შორის ფულის გათეთრებაში.

ასევე ნახეთ

ირანიდან დუბაიმდე და საქართველომდე - ვინ არის აშშ-ის სანქცირებული „შელბითის“ მფლობელი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოდან ირანში ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა, ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე.

2024 წელს საქართველოდან ირანში ჯამური ექსპორტი 36,7 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 38,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-ივლისში 144 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ირანიდან იმპორტი 2024 წელს 285 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 251,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის შვიდ თვეში - 145,4 მლნ დოლარი.

ვიზიტორები ირანიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ირანიდან 29 397 ვიზიტორი ეწვია, რაც 48,7%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

კლება გამოწვეული იყო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომით, რომლის დროსაც რეგიონიდან, მათ შორის ირანიდან, ფრენები შეწყვეტილი იყო.

2022 წელს საქართველოში ირანის მოქალაქეების 102 877 ვიზიტი დაფიქსირდა, 2023 წელს - 126 282, 2024 წელს - 145 670, ხოლო 2025 წელს - 120 068.

სტატისტიკაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი ირანელი ეწვია საქართველოს საჰაერო გზით და რამდენი სახმელეთო გზით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანის მოქალაქეებმა 2024 წელს საქართველოში 151,1 მლნ დოლარი დახარჯეს, 2025 წელს - 124,2 მლნ დოლარი, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში - 19,9 მლნ დოლარი.

სების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ხარჯავენ - მათ მოსდევენ რუსეთის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.

ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტის გამო მოსალოდნელ გამოწვევებს კომპანია Mice & More Georgia-ს დამფუძნებელი ნონა ფოლადაშვილი „დაძლევადს“ უწოდებს, რადგან ირანის მოქალაქეების წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში დიდი არ იყო.

„უფრო მეტი გამოწვევა იყო გაზაფხულის პერიოდში, (ომის გამო) პირდაპირი ფრენები სხვადასხვა მიმართულებით შეწყდა და უფრო დიდი გავლენა მოახდინა (ახლო აღმოსავლეთის) ჰაბის ჩაკეტვამ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ფოლადაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ირანელი ტურისტების ნაწილმა საქართველოში მოსახვედრად მესამე ქვეყნები გამოიყენოს, თუმცა განმარტავს, რომ ეს ტურისტული პაკეტის გაძვირებას გამოიწვევს.