„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგები

რუსეთის სახელმწიფო დუმის 2026 წლის სექტემბრის არჩევნებისთვის გახსნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვის ოლქში

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პუტინის მხარდამჭერ პარტია „ედინაია როსიას“(ერთიანი რუსეთი) სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ბიულეტენების 90%-ზე მეტის მონაცემთა შეჯამებით, „ედინაია როსიას“ 57,86% აქვს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის 450 წევრს შერეული სისტემით ირჩევენ - პარტიული სიებით და ერთმანდატიან ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, „ედინაია როსიას“ კანდიდატები ლიდერობენ 225-დან 200-ზე მეტ ერთმანდატიან ოლქში. საერთო ჯამში, ორივე სისტემით, პარტიას დუმაში 300-ზე მეტი წევრი ეყოლება.

არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა.

ასევე ნახეთ

კადიროვმა ხმების თითქმის 100% მიიღო - არჩევნების ოფიციალური შედეგი

სხვა პარტიები

დუმის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა ხმების 13%-ზე მეტით. მას მოსდევენ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია(8,9%) და „ახალი ხალხი“(7,94%).

ამ სამ პარტიასა და „ედინაია როსიასთან“(საკონსტიტუციო უმრავლესობა) ერთად რუსეთის წინა მოწვევის დუმაში წარმოდგენილი იყო პარტია „სპრავედლივაია როსიაც“ (სამართლიანი რუსეთი), რომელიც ამჯერად, სავარაუდოდ, პარლამენტს მიღმა დარჩება. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, პარტიის შედეგი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ქვემოთაა (4,95%).

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ ხუთი პარტია. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ასევე ნახეთ

„სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“ - რატომ სჭირდება პუტინს არჩევნები, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილია?!

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლისა და რეპრესიების გაძლიერების, ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვისა და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.

უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ერთადერთ პარტიას, „იაბლოკოს" 2026 წლის აგვისტოში გაუუქმეს საარჩევნო სიის რეგისტრაცია და არჩევნებზე არც მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა დაუშვეს.

სახელმწიფო დუმის არჩევნების მიმდინარეობისას „იაბლოკო“ და კომუნისტური პარტია აცხადებდნენ, რომ მათ ასეულობით დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში, უბნებიდან გაძევებას ცდილობდნენ და ხმების დათვლის პროცესზე წვდომას უზღუდავდნენ. დამკვირვებლებისგან იყო შეტყობინებები ე.წ. კარუსელებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

ასევე ნახეთ

უკრაინისთვის რუსეთის დუმის არჩევნები „სპექტაკლი“ და „ფარსია“

რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩაატარა საქართველოსა და უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

ასევე ნახეთ

„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში კი რუსეთის დუმის არჩევნებზე