ევროკავშირის პრესსპიკერს რადიო თავისუფლებამაც მიმართა ბლოკის პოზიციის დასაზუსტებლად, მათ შორის კითხვით, განიხილავს თუ არა ევროკავშირი კვიპროსის გარდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
ვიგანდის პასუხი ასეთი იყო: „ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას“.
საქართველოს პოზიცია
საქართველომ ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილმა „ხაზი გაუსვა საქართველოს პასუხისმგებლიან მიდგომას ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მიმართ“ და განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის შემთხვევაში თბილისი ხელს შეუწყობს დიალოგს, ნდობის აღდგენას, კონფლიქტების პრევენციასა და მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების გაძლიერებას.
„საქართველო მზად არის იყოს თავმჯდომარე ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის, მოუსმინოს ყველა ხმას, ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან და ეძიოს საერთო საფუძველი“, - განაცხადა მინისტრმა.
ასევე ნახეთ
ირანის ელჩი საგარეოში დაიბარესრას წერს Rapporteur
ეუთოში 57 მონაწილე სახელმწიფოა. ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარე ქვეყნის განსაზღვრა, კონსენსუსით მიიღება, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას არცერთი მონაწილე სახელმწიფო არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
Rapporteur-ის ცნობით, 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის საქართველოს კანდიდატურის გამოჩენამდე ოფიციალურად დასახელებული იყო კვიპროსი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს.
გამოცემის დიპლომატიური წყაროების თანახმად, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს. ამ ვითარებამ ეუთო 2027 წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსის გარეშე დატოვა და საქართველოს ალტერნატიული კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა მისცა.
ეუთოს შტაბ-ბინა ვენაში, 2019 წლის ფოტო
გამოცემის თანახმად, საქართველოს კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია ბალტიის ქვეყნებს აქვთ. Rapporteur ამას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუარესებულ ურთიერთობებსა და თბილისის რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე არსებულ შეშფოთებას უკავშირებს.
Rapporteur ასევე წერს, რომ ეუთოს თავმჯდომარეობა თბილისს მნიშვნელოვან დიპლომატიურ პლატფორმას მისცემდა იმ დროს, როდესაც საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და რამდენიმე დასავლურ მთავრობასთან დაძაბულია.
გამოცემის დიპლომატიური წყაროს ცნობით, 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურის წარდგენას სერბეთიც განიხილავს.
შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი 3-4 დეკემბერია, როდესაც ლუგანოში ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ეს შვეიცარიის 2026 წლის თავმჯდომარეობის ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.
ასევე ნახეთ
ლავროვი პოლონეთში "პეტრიოტის" რაკეტების წარმოების პერსპექტივაზე: ყურადღებით გაეცნონ ჩვენს სამხედრო დოქტრინასრუსეთის პოზიცია
Rapporteur-ის ცნობით, უცნობია, დაუჭერს თუ არა რუსეთი მხარს საქართველოს კანდიდატურას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს 2027 წლის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.
გამოცემა წერს, რომ დეკემბერში ლუგანოში გასამართ მინისტერიალში შესაძლოა პირადად მიიღოს მონაწილეობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. Rapporteur ამ კონტექსტში ასევე წერს საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკასა და დასავლეთის სანქციებთან არმიერთებაზე, რასაც ევროკავშირთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთ ფონურ გარემოებად განიხილავს.
საქართველო და ეუთო
საქართველო ეუთოს მონაწილე სახელმწიფოა 1992 წლის 24 მარტიდან. ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წლების განმავლობაში მოიცავდა უსაფრთხოების, კონფლიქტების მოგვარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საკითხებს. ეუთო დღემდე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს თანახელმძღვანელობს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, ODIHR-ი, საქართველოში არჩევნებს აკვირდება. მათ შორის, მისი სადამკვირვებლო მისია მუშაობდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლებზე ზეწოლაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობის გავლენასა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე.
2026 წლის 29 იანვარს, 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით პირველად ამოქმედდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი. მისი მიზანი იყო 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შეფასება.
ასევე ნახეთ
შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციამექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. მასში საუბარია „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლაზე“, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და დაუსჯელობაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის შემზღუდავ კანონმდებლობაზე.