ტრამპი ისევ აკრიტიკებს ზელენსკის და აცხადებს,რომ მისი დიდი გულშემატკივარი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა ბოლო ხანს ისევ დაიძაბა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც, ტრამპის აზრით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს.

„მე არ ვარ მისი დიდი ფანი(გულშემატკივარი)“, - განაცხადა ტრამპმა 15 ოქტომბერს ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში. ტრამპი მიიჩნევს, რომ ზელენსკი არ არის ის ადამიანი, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეთ.

  • უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს.

ასევე ნახეთ

„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზე

Newsmax-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება, განაახლოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ისევ ამას დაუკავშირა მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა და არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას, რომლის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტი და ფასების ზრდა დაიწყო.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის" მიუხედავად, რუსეთმა არ შეწყვიტა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევები.

უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის წარუმატებელ ძალისხმევაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როცა ასეთი სიძულვილია, რაიმეს მოგვარება ძალიან რთულია. ტრამპი, რომელიც პუტინს არასდროს აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან.

ასევე ნახეთ

ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?

რა მოხდა ბოლო დღეებში

9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ამ დღეს მაიამიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელიც დაგეგმილზე ადრე დასრულდა. სააგენტო Reuters-ის ამერიკული წყაროების თანახმად, ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ დიზელის საწვავზე შეთანხმება არის ნაწილი მცდელობისა, რუსეთი დააბრუნონ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან და მისი პოზიცია შეარბილონ.

ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები. თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა და პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს.

ასევე ნახეთ

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"

„დიზელის შეთანხმებაზე" პრეზიდენტ ზელენსკის რეაქციის შემდეგ, 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“.

კიევმა ენერგოზავს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა შეწყვიტოს შეტევა უკრაინის ენერგოობიექტებზე.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას არაერთხელ მოსთხოვა, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ზოგიერთი წყაროს ცნობით, კიევს დაემუქრა სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით.

ასევე ნახეთ

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას

12 და 13 ოქტომბერს უკრაინაზე რუსული ბალისტიკური რაკეტებით მასირებული შეტევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარტნიორებისგან არ მიუღიათ წინასწარი გაფრთხილება მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შენელებულია ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო-სადაზვერვო მიზნებისთვის პენტაგონისთვის ადაპტირებული Starshield-ის სიჩქარე. მას უკრაინის თავდაცვის ძალებიც იყენებენ ფრონტზე კავშირისთვის და რუსულ დრონებთან საბრძოლველად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მიერ ენერგოზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა Starshield-ის მუშაობა.

სააგენტო Reuters-მა ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და დასავლეთის კიდევ ერთი სახელმწიფოს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ პენტაგონმა თეთრი სახლიდან მიიღო უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის განკარგულება. სააგენტოს ანონიმ წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ვისი განკარგულება იყო ეს.

თეთრ სახლში Reuters-ს განუცხადეს, რომ პრეზიდენტ ტრამპს პენტაგონისთვის მსგავსი თხოვნით არასდროს მიუმართავს. ამასთან, არ უპასუხეს სააგენტოს შეკითხვას, იყო თუ არა მსგავსი მიმართვა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებისგან.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Starshield-ის შეზღუდვა არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა: „მტკივნეულია, როცა პრეზიდენტი ტრამპი ირჩევს მხარეს და ეს ჩვენი მხარე არ არის“. ზელენსკის შეფასებით, ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „ეს ისტორიის არასწორი მხარეა“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კარგავენ ძლიერ პარტნიორს, მაგრამ ეს უკრაინის ბრალი არ არის: „ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას... ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ბავშვები...“