გიდასტურებთ, ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - იუსტიციის მინისტრი

„დანარჩენი, რატომ მოხდა ამ პირების შესახლება [გამოძიება დაადგენს]“ - თქვა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ „დადასტურებით“ შეუძლია თქვას: გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი, - რომელიც მძიმე დაზიანებებით „ვივამედში“ მოხვდა და ძალადობაში ვატო ყიფიანს ადანაშაულებდა - იზოლატორში „ნამდვილად არ იყო მარტო“.

28 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ „ღამის კურიერში“ ტელეწამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს მინისტრს - „ერთია იქ რა მოხდა, მაგრამ იყო თუ არა ფეიქრიშვილის საკანში შესახლებული ვატო ყიფიანი თანმხლებ პირებთან ერთად“, - პაატა სალიამ განაცხადა:

„დავიწყებ იმით, რომ როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი მედიის საშუალებით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება“.

ჯერ გამოძიება სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა „გარკვეული ჩვენებებიდან გამომდინარე“, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, პროკურატურას გაეგრძელებინა გამოძიება. მან თქვა, რომ ამ ჩვენებების დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრებს.

ასევე ნახეთ

ვატო ყიფიანი vs ძმები ფეიქრიშვილები – დაპირისპირების ისტორია

„ნამდვილად არ იყო მარტო“

„ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ ნამდვილად, ფეიქრიშვილი არ იყო მარტო საკანში“, - განაცხადა მან.

„დანარჩენი, რატომ მოხდა ამ პირების შესახლება [გამოძიება დაადგენს]“ - თქვა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე, სხვა პირები მასთან შეასახლეს თუ არა და იყო თუ არა მათ შორის ვატო ყიფიანი, მინისტრმა თქვა:

„ამას უკვე გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ“, - განაცხადა მან.

„იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები“, - განაცხადა მან. სხვა დეტალები აღარ დაუზუსტებია.

„ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს ვიტყვი დადასტურებით“ - თქვა მან და დასძინა: „ჩემთვისაც სავსებით მოულოდნელი იყო მსგავსი განვითარება“.

ფეიქრიშვილები და ყიფიანი ერთ ციხეში

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ისინი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

15 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო და შოთა ყიფიანები და ავთანდილ ბილანიშვილი (მეტსახელად „კაწრო“) „წინასწარი პატიმრობის“ შეფარდების შემდეგ ამავე ციხეში აღმოჩნდნენ.

ვატო ყიფიანსა და ძმებ ფეიქრიშვილებს დაპირისპირების ისტორია აქვთ.

ასევე ნახეთ

ციხეში დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობაზე საქმე აღიძრა
  • ფეიქრიშვილის ადვოკატის გადმოცემის თანახმად, დავით ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლად დაპატიმრებული ვატო ყიფიანი ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;
  • 19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;
  • ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;
  • დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.

მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა.

26 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართა - პროკურატურის „რეკომენდაციის“ შემდეგ, პოსტი დაეტოვებინა.

ფეიქრიშვილის ცემას უარყოფენ ყიფიანიც და ბილანიშვილიც, - მათი ადვოკატების თანახმად.

ასევე ნახეთ

ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა