პროკურატურამ დაადასტურა გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებული ცნობა, რომ ბელარუსის ორი მოქალაქე, 39 და 50 წლის მამაკაცები გერმანიაში დააკავეს ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში.
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები გერმანიის ბავარიის მხარეში გეგმავდნენ ხანძრების გაჩენას სარკინიგზო და ელექტროგადამცემ ხაზებთან. საქმეს მიუნხენის პროკურატურის სტრუქტურაში არსებული, ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველო იძიებს.
გერმანიაში დაკავებულებს რუმინეთი ადანაშაულებს რუსეთის დაკვეთით მოქმედებაში
ბელარუსის ორი მოქალაქე, რომლებიც გერმანიაში დააკავეს, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაკვეთით ხანძრის გაჩენაში რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ ქარხანა Carfil-თან ახლოს მდებარე სამრეწველო პლატფორმაზე. ეს ინციდენტი 2026 წლის სექტემბერში მოხდა.
ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილია უკრაინის მოქალაქეც, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში პოლონეთში დააკავეს. რუმინეთი სამივეს ექსტრადიციას ითხოვს.
რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოავლინა საბოტაჟის მიზნით რუსეთის მიერ კოორდინირებული ქსელი, რომელიც მონაწილეობდა ხანძრის გაჩენაში ქალაქ ბრაშოვში.
დაზვერვის თანახმად, ქსელს, რომლის მისია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რუმინეთით, რუსი კოორდინატორების მიერ განსაზღვრული ჰქონდა რეგიონში სამიზნეთა ფართო სპექტრი - სამხედრო ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო და კერძო საწარმოები.
ასევე ნახეთ
რუმინეთმა გამოავლინა რუსეთიდან კოორდინირებული ქსელი, რომელიც იარაღის ქარხნის დაწვას ცდილობდა- უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ არაერთხელ განაცხადა სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საბოტაჟის და დივერსიის აქტების, ან მათი მცდელობის შესახებ.
- რუსეთი მსგავს ბრალდებებს უარყოფს და ევროპას ანტირუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს.
- სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით, მხოლოდ 2023-2024 წლებში ევროპაში ინციდენტები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. სამიზნეებს შორის იყვნენ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საწყობები და საწარმოები, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან.
- ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2026 წლის აგვისტოში იყო გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, სადაც დრონებით სცადეს უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის აფეთქება.
ასევე ნახეთ
ჟურნალისტებმა გამოავლინეს ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის ორგანიზატორისა და შემსრულებლის ვინაობაგერმანიამ დააკავა ბულგარეთში Starlink-ის სადგურის დაწვაში ეჭმიტანილებიც
28 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პროკურატურაზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასულ პარასკევს დააკავეს გერმანიის ორი მოქალაქე, რომლებიც ბულგარეთის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილი არიან თანამგზავრული კავშირის, Starlink-ის სახმელეთო სადგურის დაწვაში დედაქალაქ სოფიის მახლობლად.
ამ ხანძრის შესახებ ცნობილი გახდა 14 ოქტომბერს. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები ბულგარეთში სერბეთიდან ჩავიდნენ. პროკურატურა მათ ექსტრადიციას ითხოვს.
- 2026 წლის 23 სექტემბერს Starlink-ის სახმელეთო სადგურზე ხანძარი გაჩნდა პოლონეთშიც. დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
- 18 ოქტომბერს ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ დაუდგენელი პირები ცდილობდნენ დაეწვათ ობიექტი, სადაც Starlink-ის დანადგარი ინახება. ეს ინციდენტებიც რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად შეფასდა.