ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - შსს მამაკაცის დაკავებას ადასტურებს

Baza-ს მიერ გავრცელებული ფოტო

ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი ქალის განცხადებით, თბილისში, რკინიგზის სადგურზე, მამაკაცმა რუსულად საუბრის გამო სცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე მამაკაცის დაკავებას ადასტურებს.

შემთხვევის შესახებ რუსული მედია, მათ შორის ტელეგრამ-არხი Baza და გამოცემა Lenta.ru, იუწყებოდა.

Baza-ს ინფორმაციით, დაზარალებული ალექსანდრა მინსკელი ფიტნესმწვრთნელია. მისი თქმით, უცნობი მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც გაიგონა, რომ ის მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა. ტურისტმა პოლიციას მიმართა. Baza-ს ცნობით, განყოფილებაში გადაყვანილმა მამაკაცმა მომხდარის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. მისი მტკიცებით, ქალს გაცნობა შესთავაზა, უხეში უარი მიიღო და ამის შემდეგ დაარტყა. დაზარალებული ამ ვერსიას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე მამაკაცი ცხელ კვალზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დააკავეს. მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ასევე ნახეთ

შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს საქართველოში „რუსოფობიის“ შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან ოპოზიცია რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტაა.
  • 20 აგვისტოს საქართველოში „რუსოფობიური გამოვლინებების“ გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.
  • მანამდე, 18 ივლისს, თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილის სტუმრებსა და რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ ურტყამდა გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს. პოლიციამ ჭიღლაძე დააკავა, 21 ივლისს კი სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.