სიორიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატარებულ რუსიფიკაციის პოლიტიკაზე ამონარიდები წაიკითხა და განაცხადა, რომ სუსი სწორედ ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არა სასულიერო პირებისა და პოლიტიკური ოპონენტების პირად ცხოვრებაზე უკანონო თვალთვალით.
გორდულაძემ ეს განცხადება „აბსოლუტურ ტყუილად და დეზინფორმაციად“ შეაფასა და სასამართლოს მოუწოდა, მსგავსი ბრალდებების გავრცელება არ დაეშვა.
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და ტყუილების გამეორებასა და სიცრუის გავრცელებას თავი დაანებოს!“ - თქვა გორდულაძემ.
სიორიძემ უპასუხა, რომ საუბარია საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე, რომელთა შესახებაც თავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძეს მოუწოდა, ბრალდებების გამოთქმისას კორექტულობა დაეცვა, თუმცა გორდულაძის შეფასებას არ დაეთანხმა:
„მე ბატონ გიორგი სიორიძეს გაღიზიანებას ვერ ვატყობ - სასამართლო ამ მითითებას არ იზიარებს“.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის - ბადრი ჯაფარიძე29 ოქტომბერს, იმავე საქმის განხილვისას, სიორიძემ განაცხადა, რომ არ სურს, საქართველომ „რუსეთს გადაასწროს ავტორიტარულ მისწრაფებებში“.
მან მაგალითად მოიყვანა რუსეთის კომუნისტური პარტია, რომელმაც 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, თუმცა ამის გამო პარტიის აკრძალვის საკითხი არ დამდგარა.
გორდულაძემ მაშინ სასამართლოს სთხოვა, სიორიძისთვის მოეწოდებინა, „ან ზრდილობა გამოეჩინა, ან ნერვები დაემშვიდებინა“. ნადარაიამ ამჯერად გორდულაძის შენიშვნა გაიზიარა და სიორიძეს მიმართა: „თავი შეიკავეთ, სწორია, არაეთიკურია“.
„ქართული ოცნების სარჩელი“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ასევე ნახეთ
რას წერდა კობახიძე პარტიების აკრძალვაზე 2008-ში და რას ითხოვს „ოცნება“ დღესოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.