ზახაროვას მხარდაჭერა ფარცხალაძის ფონდს, პუტინის მადლობა მის თანამოაზრეს

„გვჯერა, ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებაში“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ძებნილი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვისა და მისი თანამოაზრეების მიერ „რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდის“ დაფუძნება და მას მხარდაჭერა აღუთქვა.

ერთი დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფარცხალაძის თანამოაზრეს, ამავე ფონდის თანადამფუძნებელს, დავით ცეცხლაძეს მისალოცი ბარათი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა, – როგორც მას დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრს.

„რუსთა და ქართველთა ერთობა“ – ახალი ფონდი

2026 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, მამუკა ფიფიამ, დავით ცეცხლაძემ და სხვებმა დააარსეს ფონდი „რუსთა და ქართველთა ერთობა“.

ასევე ნახეთ

ძებნილი ფარცხალაძე, რუსი მაღალჩინოსანი და მღვდელი – რაზე ისაუბრეს მოსკოვის ფორუმზე
  • ოთარ ფარცხალაძე (რომელმაც გვარში რომანოვი დაიმატა) აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული;
  • მამუკა ფიფია ფარცხალაძის მეგობარი ბიზნესმენია – ასევე პრორუსული ორიენტაციის მქონე ფიგურა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება ხოლმე;
  • მათი გარემოცვის წევრია დავით ცეცხლაძეც, – „რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე და რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტი.

5 ნოემბერს ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას პრორუსული მედია „თვალსაზრისის“ თანამშრომელმა შეკითხვა დაუსვა ახლადდაარსებული ფონდის შესახებ.

ასევე ნახეთ

ზახაროვა აცხადებს, რომ ფიფიასთან მხოლოდ ფოტო გადაიღო და არაფერზე უსაუბრია

„მივესალმებით“ – ზახაროვა

„რუსული მხარე მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“, – განაცხადა ზახაროვამ.

„პირადად მე, რუსულ-ქართულ მეგობრობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს ძალიან დადებითად ვაფასებ“, – თქვა მან.

ასეთ მაგალითებს შორის ზახაროვამ გამოყო ფარცხალაძის თანამოაზრის, დავით ცეცხლაძის – „რუსეთში ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტის – ინიციატივა, 2026 წლის ოქტომბერში „ქართული ენის პირველი საყოველთაო კარნახი“.

ასევე ნახეთ

ზახაროვა ქართული სასმელების აკრძალვაზე: რუსეთში პროდუქცია შემოაქვს ათობით ქართულ კომპანიას. დარღვევები გამოუვლინდა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს

„მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“

მარია ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ საგარეო უწყება მზადაა, „რუსთა და ქართველთა ერთობის“ ფონდს, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა აღმოუჩინოს:

  • „დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებები უდავოდ ხელს უწყობს ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებასა და ჩვენი ქვეყნების კულტურების მიმართ ურთიერთინტერესის შენარჩუნებას;
  • ასევე გვჯერა, რომ ამ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში;
  • შესაბამისად, მზად ვართ, განვიხილოთ კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ფონდი გეგმავს, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა მან.

ოთარ ფარცხალაძეს, – რომელზეც პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული, – საქართველოში ბრალად ედება:

ასევე ნახეთ

ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

მადლობა ცეცხლაძეს პუტინისგან

ფონდის თანადამფუძნებელი დავით ცეცხლაძე რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრია.

3 ნოემბერს, – როდესაც მოსკოვი „ხალხთა ერთობის დღეს“ აღნიშნავდა, – ცეცხლაძემ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაში. იმავე დღეს ფეისბუკზე გამოაქვეყნა 20-წამიანი ვიდეო, სადაც პუტინი მას და საბჭოს სხვა წევრებს მადლობას უხდის.

ვლადიმირ პუტინის მისალოცი ბარათი დავით ცეცხლაძეს

მოგვიანებით ცეცხლაძემ გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიღებული მისალოცი ბარათი ამ დღესთან დაკავშირებით. ადრესანტი მას, – როგორც საბჭოს სხვა წევრებს, – სწერს:

„პატივცემულო დავით ვაჟაევიჩ, გილოცავთ ეროვნული ერთიანობის დღეს…

ჩვენი წინაპრების მიღწევები ბრძოლასა და შრომაში, მათი ერთიანობა და სამშობლოსადმი თავდადებული სიყვარული, ასევე მათი ერთგულება პატრიოტული და სულიერი იდეალებისადმი, ღირსეულ მაგალითს წარმოადგენს ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.

გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ყველაფერს საუკეთესოს“.

ასევე ნახეთ

თბილისსა და მოსკოვს შორის - ვინ წარმოადგენს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსეთში?

„რუსთა და ქართველთა ერთობა“

2026 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაახლოების მიზნით ჩატარდა ფორუმი, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლები და პრორუსული ორიენტაციის ფიგურები, ასევე, რუსეთის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ვლადიმირ პუტინს მიმართეს და სთხოვეს, გაიხსნას „რუსულ-ქართული უნივერსიტეტი“ და „აღდგეს ღვთისმსახურება ლომისის ეკლესიაში“.

დისკუსიას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ვასილი გავრილოვი. „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ერის ინტერესებში შედის“, – თქვა მან.

ასევე ნახეთ

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის "გეორგიევსკს" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს

ეს ფარცხალაძის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ამავე წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით დააფუძნა „უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი გეორგიევსკი“.

მასთან ვრცელ ინტერვიუს 6 ნოემბერს გამოაქვეყნებს მისი თანამოაზრე, ვალერი კვარაცხელია.

ასევე ნახეთ

სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმე
  • აღნიშნული ფორუმი მოსკოვში ჩატარდა ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი.
  • ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“.

ასევე ნახეთ

„დიპლომატთა საზოგადოება“: რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათოა