ტრამპი პუტინის წარმომადგენელ დმიტრიევს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში. 2026 წლის 5 ნოემბერი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს

დმიტრიევი იყო რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან ერთად, 5 ნოემბერს თეთრ სახლში მიიღო აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა. ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა პირველი ლედის შუამავლობით უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის შეჯამებას.

დმიტრიევი რომ პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდა, ცნობილი გახდა თავად დონალდ ტრამპისგან. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს 5 ნოემბერს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში უთხრა ჟურნალისტებს, თუმცა არ დაუკონკრტებია, რა განიხილებოდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა რაიმე დეტალების გარეშე განაცხადა, რომ იქნება დიდი შეთანხმება, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ მოიცავს და შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს.

ასევე ნახეთ

კრემლში დარწმუნებული არიან, რომ ტრამპი გააგრძელებს თავის საგარეო პოლიტიკას

აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 10 ნოემბერს უნდა განახლდეს

10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დაგეგმილია აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილება ომის შემდგომი უსაფრთხოების ზომები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული ძალისხმევა და შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისკენ გზაზე, სამმხრივი მოლაპარაკების წინ კი აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური შესაძლებლობები უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად.

5 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს ბრიუსელში პროდუქტიული და არსებითი დისკუსია ჰქონდა უკრაინასთან, ნატოსა და ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და გაცილებით ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

კუშნერის თანახმად, ყველა მხარესთან ინტენსიურად მუშაობენ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ომის დასრულებას და მყარი მშვიდობისთვის საფუძვლის ჩაყრას.

აბუ-დაბიში მოლაპარაკების წინ ჯარედ კუშნერი აცხადებს, უკრაინასა და რუსეთთან მუშაობენ სერიოზულ წინადადებებზე, რომლებმაც მსჯელობა შეძლებისდაგვარად არსებითი და პროდუქტიული უნდა გახადონ.

ასევე ნახეთ

ზელენსკის იმედი აქვს, რომ გზა გაიხსნება ლიდერთა დონეზე სამმხრივი ფორმატისთვის
  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. პროცესი შეჩერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების (თებერვლის ბოლო) შემდეგ
  • 2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
  • მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი.
  • ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.

ასევე ნახეთ

დემოკრატების წარმატება - რას შეცვლის რუსეთის, უკრაინისა და ირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკაში?