საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, აქციის ორგანიზატორების მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ის პარტიები კი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ, უნდა აიკრძალონ.
წაიკითხე მეტი: პარტიების აკრძალვის საქმე
„მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“, საერთო ჯამში, აქციის 64 მონაწილე დააკავეს. ისინი ხუთ ჯგუფად დაჰყვეს, მათ საქმეებს ხუთი სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა: თამარ მჭედლიშვილი, რომეო ტყეშელაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, გიორგი გელაშვილი და თამარ მახარობლიძე.
ამ პროცესებზე პროკურორები 9-თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ „4 ოქტომბრის აქცია“ საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის მცდელობა იყო, მას წინ დამხობისკენ მოწოდებები უძღოდა, არშემდგარ რევოლუციას კი ჰყავდა ორგანიზატორები.
ამ აქციაზე დაკავებულები სამი მუხლით გაასამართლეს:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა;
- სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება.
64-ვე დემონსტრანტი დამნაშავედ ცნეს. სასჯელი სხვადასხვანაირი იყო - პატიმრობა, გირაო და საპროცესო შეთანხმებაც. მოსამართლეებს არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.
ამ საქმეზე დაკავებულების უმრავლესობამ საპროცესო შეთანხმებები გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მათი ხელმოწერაა დოკუმენტზე, სადაც წერია: „ვაღიარებ და ვინანიებ წარდგენილ ბრალს“.
ასევე ნახეთ
უკან დახევა თუ შეღავათი? - პროკურატურა, 4 ოქტომბრის საქმეზე, აღიარების სანაცვლოდ, საპროცესოს აფორმებსვის მიუსაჯეს, ვინ გააფორმა საპროცესო, ვინ გამოვიდა, ვინ დარჩა ციხეში?
პირველი ინსტანციის სასამართლოში [საქალაქო სასამართლო - რ.თ.] პატიმრობა მიესაჯა 29 ბრალდებულს. მათ შორის ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს. მათ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი შვიდი წელი იყო.
ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც 5 000-ლარიანი ჯარიმა, როგორც სასჯელი ისე გამოიყენეს, აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი აღმოჩნდა. მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ედებოდა ბრალად.
საპროცესო შეთანხმება გააფორმა 34-მა ბრალდებულმა. 22 დაკავებული სხდომათა დარბაზებიდან პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა, 12-ს კი ერთწლიანი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ნაწილმა ციხე უკვე დატოვა კიდეც.
12 მსჯავრდადებულიდან ორი, რომელთაც საპროცესო შეთანხმების თანახმად, ციხეში ერთი წელი უნდა გაეტარებინათ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. სიმონ მახარაძემ და ავთანდილ თოფჩიშვილმა ციხე დროზე ადრე დატოვეს.
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული თორნიკე მჭედლიშვილიც. ის ბრალს არ აღიარებდა და საპროცესო შეთანხმება არ ჰქონდა გაფორმებული. აღიარება და მონანიება, საპროცესო გარიგების მსგავსად, საპრეზიდენტო შეწყალების საფუძველია.
ერთ მსჯავრდადებულს, გიორგი კირვალიძეს, საპროცესო ჯერ გაუფორმეს, შემდეგ კი გაუუქმეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი კირვალიძემ სასამართლო დარბაზში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აგინა. ის დაკავებულია.
ასევე ნახეთ
საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესსაპროცესო შეთანხმებების გაფორმება სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სასამართლო დავის ამ ეტაპზე პროკურატურის პირობებს 10 მსჯავრდადებული დასთანხმდა. მათგან მხოლოდ ერთი - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდანვე.
დანარჩენების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება ასეთი იყო - ერთი წელი და ერთი თვე ციხეში, ორი წელი პირობითი მსჯავრი. მხარეები იმ დროს შეთანხმდნენ, როცა დათქმული ვადის გასვლამდე მაქსიმუმ კვირები, მინიმუმ კი დღეები იყო დარჩენილი.
საპროცესოთი გათავისუფლებულების ამ ნაკადში მოხვდნენ ე.წ. ორგანიზატორები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
„მამაკაცური ძალის“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების იდეის ავტორის, მურთაზ ზოდელავას თქმით, საპროცესო გააფორმა, რადგან იმედი აქვს, „მისი ციხიდან გამოსვლა სხვებს დაეხმარება, ხელი მოაწერონ საპროცესო შეთანხმების დოკუმენტს“.
რუსთავის ციხიდან რამდენიმე წუთის გამოსულმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე... თითქმის ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდევაც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ...“, - თქვა მან.
მურთაზ ზოდელავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ
ლაშა ბერიძემ პირდაპირ თქვა: „არ დავიწყებ თვალთმაქცობას, არ მინდოდა ციხეში ჯდომა და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე“.
ბერიძეს გათავისუფლების შემდეგაც არ შეუცვლია 4 ოქტომბრის მოვლენების პოლიტიკური შეფასება. აღიარების დოკუმენტზე ხელის მოწერის მიუხედავად, კვლავ ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებს „მახე დაუგეს“ და პრეზიდენტის სასახლის ღობესთან მომხდარი „დაგეგმილი პროვოკაცია იყო“.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ჯგუფში ვინმე მოღალატე იყო, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ…მე სრული რწმენა მაქვს იმ ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვამზადებდით ეროვნულ კრებას... ათონელზე რომ მივდიოდით, არაფერს ველოდით, უბრალოდ მივდიოდით, რომ პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტი გაგვეგრძელებინა... ეს ღობე იყო ხაფანგი...“, - განაცხადა მან.
ოპერის მომღერლის, 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მსჯავრდადებულის, პაატა ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება არა დანაშაულის აღიარება და მონანიება, არამედ „უკანონო პატიმრობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობაა“.
„საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას [პაატა ბურჭულაძე - რ.თ.] განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“, - ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
საპროცესო შეთანხმებების გაფორმებამდე, სასამართლო განხილვების დროს, 64 დაკავებულიდან ერთიც კი არ იყო ისეთი, ვინც წარდგენილ ბრალს ეთანხმებოდა.
ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტი
დანაშაულს არ აღიარებს და ციხეში რჩება 15 მსჯავრდადებული. ანტონ უპერს, ია დარახველიძესა და ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული პატიმრობა. ისინი საქართველოში არ არიან.
ყველაზე ბოლოს საპროცესო შეთანხმება ითხოვეს დავით სტურუამ, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით ჟღენტმა. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვთ, თუმცა ჯერ ისევ ციხეში რჩებიან გური ჟვანია და სულხან ტუღუში.
საპროცესო შეთანხმებით გური ჟვანიას 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობა და 2 წელი პირობითი სასჯელი განესაზღვრა. საბა კორძაიას - 1 წელი და 6 თვე რეალური პატიმრობა და 3 წელი პირობითი სასჯელი.
კითხვაზე - რატომ უფორმებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს მსჯავრდადებულებს, რომლებიც მათივე მტკიცებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციურ წყობილებას ამხობდნენ, პროკურორებისგან კონკრეტული პასუხი არასდროს მიგვიღია.
„საპროცესო შეთანხმება ყველა მსჯავრდებულის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება, მხარეებს შორის შეთანხმებაზეა დამყარებული, მონანიება მთავარი ფაქტორი იყო“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
იგივე გაიმეორეს სხვადასხვა დროს პროკურორებმა ლაშა ცქვიტარიამ, თამარ იაკობიძემ, ვაჟა თოდუამ.
პროკურატურამ საქალაქო სასამართლოში განხილვების ეტაპზე, განაჩენის დადგომამდე საპროცესო შეთანხმების პირობაც კი შეცვალა იმ ბრალდებულებისთვის, რომელთა ბრალშიც პოლიციელზე ძალადობის ეპიზოდი ნახსენები არ იყო. ახალი ვარიანტი ბრალდებულებს, აღიარების შემთხვევაში, სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლებას ჰპირდებოდა.
„არავის მხრიდან არც უკან დახევა ყოფილა და არც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეწყობა. სწრაფი მართლმსაჯულება ვეღარ მოხდება ამ საქმეზე, ვინაიდან ეს საქმე დასრულებულია. ერთადერთი, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მათ გავუწიოთ გარკვეული შეღავათი იმის, გამო, რომ მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ინანიებენ მას...“, - თქვა როინ ხინთიბიძემ რადიო თავისუფლებასთან 2026 წლის ივნისში.
რატომაა აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი და ანალიტიკოსი თამთა კახიძე სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იკვლევს. ის სხდომებს ესწრება და ანალიტიკურ დოკუმენტებსაც ამზადებს.
4 ოქტომბრის აქციის საქმის შემთხვევაში იურისტი საპროცესო შეთანხმებების გაფორმების სტატისტიკას და მათ პოლიტიკურ-სამართლებრივ ლოგიკას აკვირდება.
„საპროცესო შეთანხმებების მიზანი პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოშვებაა და ამის საფუძველი რამდენიმე სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს“, - ამბობს თამთა კახიძე და აგრძელებს:
„პირველი საერთაშორისო ზეწოლაა, პოლიტიკური პატიმრების საკითხი ნამდვილად წნეხად იქცა "ქართული ოცნებისთვის", მეორე კი აღიარების მოპოვებაა, რათა მაქსიმალურად შეამცირონ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების წაღების სტატისტიკა და შესაძლებლობები“.
დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება ეკარგება.
თამთა კახიძე, იურისტი და ანალიტიკოსი ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო")
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი რამ:
- დანაშაულის აღიარება - დაკავებული ადასტურებს, რომ დანაშაული ჩაიდინა.
- საპროცესო შეთანხმება - დაკავებული პროკურატურასთან თანხმდება ბრალის აღიარებასა და სასჯელზე, რასაც მოგვიანებით სასამართლო ამტკიცებს.
ანუ საპროცესოს გაფორმება არ ნიშნავს, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდადებულმა უარი თქვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ყველა უფლებაზე ან სტრასბურგში მიმართვის შესაძლებლობაზე.
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო?
საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (29 აპრილი, 2014) სტრასბურგმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეიძლება ნიშნავდეს გარკვეულ საპროცესო უფლებებზე უარის თქმას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია:
- შეთანხმება გაფორმდეს ნებაყოფლობით;
- ბრალდებულს სრულად ესმოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შედეგი, რომელსაც ეს შეთანხმება მოიტანს;
- ბრალდებულმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს იძულებით, მუქარით ან უკანონო ზეწოლით.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს სტრასბურგში მტკიცება, რომ
- უდანაშაულოა;
- არ ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის შესაძლებლობა;
- მიუხედავად აღიარებისა, ბრალს არ ეთანხმება.
„მეექვსე მუხლის ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას იცავს, ამ ქეისის წარმატების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. იუსტიციის სამინისტრო ამ აღიარებებს მტკიცებულებებად წარადგენს სტრასბურგში... ეს კი რაღაც კუთხით დაასუსტებს მოსარჩელის პოზიციას“, - ამბობს თამთა კახიძე.
იურისტი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სისხლის სამართლის საქმეებსაც იხსენებს და ასკვნის, რომ საპროცესო შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მხოლოდ ერთი მექანიზმია.
„გამოყენებულია შეწყალებაც“, - ამბობს ის.
ბოქსი: 2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა. მათ შორის იყვნენ 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსჯავრდადებულები - სულ 10 პატიმარი:
1. ფრიდონ ბუბუტეიშვილი;
2. დავით ხომერიკი;
3. საბა ჯიქია;
5. დანიელ მუმლაძე;
6. გურამ ხუტაშვილი;
7. დენის კულანინი;
8. თორნიკე მჭედლიშვილი;
9. სიმონ მახარაძე;
10. ავთანდილ თოფჩიშვილი.
„ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - თქვა აქტივისტმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.
ნანა სანდერს 7 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ბრალის აღიარებისა და საპროცესო გაფორმების შემდეგ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი.
ქალთა ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა:
„კარგია გარეთ ყოფნა, მაგრამ მე არ ვიმყოფები ახლა თავისუფალი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩემი გათავისუფლებით არ გათავისუფლებულა საქართველო და არ გათავისუფლებულა ასევე უამრავი სხვა პოლიტპატიმარი....რა თქმა უნდა, [საპროცესოს გაფორმებით] დედაჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასე ვთვლი, რადგან ჩემი ოჯახის მიმართაც გამაჩნია პასუხისმგებლობა“.
მსგავსი რამ თქვა ირაკლი ჩხვირკიამაც: „გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და მოვაწერე ხელი საპროცესოს. ბუნებრივია, როცა საპროცესოს აფორმებ, აღიარებ ბრალდებას. ეს არ არის ხელისუფლების საჩუქარი, ეს მიღწეულია ბევრი ბრძოლისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და ეს უნდა გამოიყენონ“.
ასევე ნახეთ
წერილები ქალთა ციხის „კუნძულიდან“ - ვინ არის, რისთვის იბრძოდა და დაისაჯა ნანა სანდერი4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტებისთვის თუ პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ციხე დატოვეს, პროკურატურას პოლიტიკური საქმიანობა არ აუკრძალია. აღიარება და მხოლოდ აღიარება იყო სასჯელის შემსუბუქების მთავარი პირობა. დამატებითი აკრძალვების დაწესება არავის მოუთხოვია.
„პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზეზიც შეიძლება იყოს. "ქართულ ოცნებას" სჭირდება აჩვენოს, რომ სასამართლო კი არ იყო პრობლემა, პროკურატურა კი არ იყო პრობლემა და მათ უსამართლოდ კი არ დასაჯეს ვიღაცები, არამედ ისინი აღიარებენ თავიანთ ბრალს, ინანიებენ და მხოლოდ ამიტომ ვუშვებთ ჩვენ გარეთ და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიხევთ უკან“, - ამბობს თამთა კახიძე.
2025 წლის 31 ოქტომბერს უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ისინი, ვინც 4 ოქტომბრის შეკრებაზე მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობდნენ; შეეწყვიტათ თვითნებური დაკავებები და სისხლისმართლებრივი დევნა, უკვე დაკავებულებს კი სამართლიანი სასამართლოს უფლებით შესძლებოდათ სარგებლობდა.
2026 წლის 30 ოქტომბერს ხუთმა ევროპარლამენტარმა: ჰელმუტ ბრანდშტეტერმა, ანა შტურგხმა, რაინჰოლდ ლოპატკამ, ლუკას მანდლმა და ანდრეას შიდერმა პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
საოპერო მომღერალი და ბოლო წლებში პოლიტიკოსი ბურჭულაძე იყო ერთადერთი, რომელსაც პირადად გამოუცხადეს მხარდაჭერა. მისი გათავისუფლება საჯარო განცხადებებით ლონდონისა და ბელგიის სამეფო ოპერის თეატრებმაც მოითხოვეს.
ორი პოლიტიკოსი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, საპროცესოზე უარს ამბობს.
პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში „საპროცესო შეთანხმება ვერ იქნება თავისუფალი არჩევანი“, თუმცა ის საზოგადოებას მოუწოდებს, „გაუგონ“ მათ, „ვინც ეს ნაბიჯი გადადგა“.
ის ბრალს არ აღიარებს:
„ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა, რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია... ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?“
ირაკლი ნადირაძე კი „რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განიხილავს“. პოლიტიკოსი ციხეში დარჩენას ამჯობინებს. ორივე 7 წლითაა დაპატიმრებული.
ასევე ნახეთ
"დაყარეს ფარ-ხმალი” თუ "საპროცესო ყველამ უნდა გააფორმოს"? - განსხვავებული რეაქციები 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდადებულებზე„4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის“ საქმის განხილვა მათთვის, ვინც საპროცესოს არ აფორმებს, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. პარალელურად გრძელდება პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ქართული ოცნების“ სარჩელის თანახმად, აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც მოითხოვენ [ენმ, "ლელო", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ფედერალისტები", "გახარია - საქართველოსთვის" - რ.თ.]
„ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებაა (ოქსიმორონია), რაც უტყუარად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების მხოლოდ უკანონო გზით შეცვლის შინაარსსა და ძალადობაზე“, - ნათქვამია სარჩელში.