მოლაპარაკებები უკრაინის ომის დასასრულებლად: ხუთი მიზეზი, რატომ არ უნდა ველოდოთ გარღვევას

ვითარება რუსეთის შეტევის შემდეგ კიროვოჰრადის რეგიონში. 10 ნოემბერი, 2026

მოკლედ

  • ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება ახლოსაა — რატომ არ იზიარებენ ანალიტიკოსები მის ოპტიმიზმს?
  • რას ითხოვს მოსკოვი, რისი დათმობაც კიევს განსაკუთრებით ძვირად დაუჯდება?
  • რას მოიცავს „დიდი შეთანხმება“ და რატომ შეშფოთდნენ ევროპაში?
  • რატომ შეიძლება პუტინს კიდევ ერთი ზამთარი სჭირდებოდეს?
ირანთან ომის დაწყების შემდეგ უკანა პლანზე გადასული ამერიკული დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, კვლავ აქტიურდება. თებერვლის შემდეგ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პირველი მოლაპარაკებები 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში იმართება.

შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთს“ უთხრა: „ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“ და ომი „მალე დასრულდება“.

მიუხედავად ამისა, ამ კვირის მოლაპარაკებებზე გარღვევის მოლოდინი დაბალია. აი, ამის ხუთი მიზეზი.

მოლაპარაკებები — რისთვის?

არსებითი წინსვლის ერთ-ერთი დაბრკოლება ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს: რუსეთი.

იმის თქმა, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია, შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო. მას, სულ მცირე, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება შეუძლია, თუ დათანხმდება იმას, რასაც კიევი და დასავლეთი ითხოვენ — ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის არსებული ხაზის შენარჩუნებით.

ასევე ნახეთ

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა

თუმცა პუტინს ამისთვის მზადყოფნის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია. ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ მოსკოვი წინა მოლაპარაკებებს დროის გასაყვანად და მშვიდობის იმედის შესანარჩუნებლად იყენებდა, თავად კი დათმობებზე უარს ამბობდა.

„დასავლეთისთვის მოლაპარაკებები ომის დასრულების საშუალებაა; პუტინისთვის კი ისინი, შესაძლოა, ომის მოგების საშუალება იყოს“, — დაწერა 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ბლოგში სემ გრინმა, ლონდონის კინგს-კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის პროფესორმა და პუტინზე დაწერილი წიგნის ავტორმა.

მისი თქმით, დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებებმა უნდა გააცნობიერონ განსხვავება „პუტინის სურვილს შორის, გაიმართოს მოლაპარაკებები, და მის მზადყოფნას შორის, რეალურად აწარმოოს მოლაპარაკება“.

დონბასი

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას პუტინის მიზანი უკრაინის დამორჩილება და დასავლეთის დასუსტება იყო. ექსპერტების შეფასებით, ტერიტორიების დაპყრობის სურვილი ამ მიზნებთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუმცა აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ პროგრესის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სწორედ ტერიტორიაა - დონბასის ნაწილი - დონეცკის ოლქის მონაკვეთი, რომლის აღებაც მოსკოვის ძალებმა უკიდურესად სისხლისმღვრელი მრავალწლიანი ბრძოლების მიუხედავად ვერ შეძლეს.

კრემლისთვის, მთელ დონბასზე რუსეთის კონტროლი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობაა და არა მოლაპარაკების საგანი. მოსკოვი აცხადებს, რომ თუ დარჩენილ ტერიტორიას დიპლომატიური გზით ვერ მიიღებს, მის ძალით დასაკავებლად ბრძოლას გააგრძელებს.

ასევე ნახეთ

პუტინს სიმართლეს ვერ ეუბნებიან - დონბასის სრულად დაპყრობის მორიგი ვადა ისევ იშლება

ტრამპმა მიანიშნა, რომ ასეთი შედეგი შესაძლებელია, როდესაც CBS-ს უთხრა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას „ცოტათი განსხვავებული კონტურები“ ექნება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ქვეყნის რომელი ნაწილის დათმობა შეიძლება მოუწიოს კიევს ან გულისხმობდა თუ არა რუსეთის კონტროლის ოფიციალურად აღიარებას — რაც კიევისთვის მიუღებელია. რუსეთს ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი უკავია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის ოკუპაციაც 2014 წელს მოახდინა.

ასევე ნახეთ

გარი კასპაროვი: „ომი უნდა დასრულდეს სევასტოპოლში უკრაინის დროშის აღმართვით“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთს არ უნდა გადაეცეს ტერიტორია, რომლის დაცვაც უკრაინის ძალებმა შეძლეს. ამ პოზიციის ცვლილების ნიშანი არ ჩანს.

კიევის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ დონეცკის ოლქის უკრაინის კონტროლქვეშ დარჩენილი ნაწილი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის „ციხესიმაგრეების სარტყელია“. მისი დათმობა უკრაინას მომავალი თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს დატოვებდა.

„დიდი, მშვენიერი შეთანხმება“

ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას 2025 წლის იანვარში თავისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ცდილობს. მანამდე ის არაერთხელ აცხადებდა, რომ ომის დასრულება ერთ ან ორ დღეში შეეძლო. გარკვეულ ეტაპებზე აშშ პირველ ნაბიჯად ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითხოვდა. რუსეთი ამ იდეას მუდმივად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საბრძოლო მოქმედებები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეიძლება შეწყდეს.

თუმცა 5 ნოემბერს ტრამპმა ბევრად უფრო ფართო ჩანაფიქრზე ისაუბრა — „დიდ, მშვენიერ შეთანხმებაზე“, რომელიც „მხოლოდ უკრაინას არ შეეხება“.

მისმა სიძემ და სპეციალურმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა, რომელიც აბუ-დაბიში სტივ უიტკოფთან ერთად აშშ-ს უნდა წარმოადგენდეს, ეს იდეა სოციალურ ქსელ X-ში განავრცო. მან დაწერა „ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის საჭიროებაზე, რომელიც ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სპეც. წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში. 6 სექტემბერი, 2026 წ.

კუშნერმა პირობა დადო, რომ ნებისმიერი ახალი შეთანხმება „სრულად უნდა სცემდეს პატივს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას. თითოეული ქვეყანა შეინარჩუნებს უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ალიანსებში გაწევრიანების საკითხები. არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვა ქვეყნის სუვერენულ არჩევანზე“.

9 ნოემბერს X-ში გამოქვეყნებულ ახალ პოსტში კუშნერმა დაწერა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებამდე ის და უიტკოფი შეხვდებოდნენ „პარტნიორებს უკრაინიდან, ევროკავშირიდან, ნატოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან, რათა გააგრძელონ მჭიდრო კონსულტაციები და კოორდინაცია ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის ომისშემდგომი მომავლის საკითხებზე“.

მან ასევე დაწერა, რომ „ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევას დასჭირდება უშუალო დიალოგიც რუსეთსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის უსაფრთხოების უფრო ფართო მექანიზმებზე, რომლებიც მათ ეხებათ“.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: რუსეთი ცდილობს უკრაინა მდინარე დნეპრით გაყოს

თუმცა ტრამპისა და კუშნერის განცხადებებმა კიევსა და მის ფარგლებს გარეთ შეშფოთება გამოიწვია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთი ფორმულირება კრემლის დიდი ხნის მოთხოვნებს ეხმიანებოდა: აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ძალების გასვლისა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათწლეულების შემდეგაც რუსეთს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს.

გაჩნდა შიში, რომ ევროპა, რომელიც სამმხრივ მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობს, შესაძლოა, საკუთარი მომავლის განხილვის მიღმა დარჩეს.

„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე არსებობს“, — განუცხადა ჟურნალისტებს 6 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. მან დასძინა: „ნებისმიერი შეთანხმების განსახორციელებლად აუცილებელი იქნება მასში ევროკავშირის მონაწილეობა“.

9 ნოემბერს კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი „სამოქალაქო მოსახლეობას ბომბავს“ და „თავს ისე აჩვენებს, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს“. მან დასძინა: „რუსული მხარისგან კეთილი ნების გამოვლენა არ გვინახავს“.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა და ევროკავშირი სიფრთხილით მოეკიდებიან განხილვებს, რომლებიც ევროპის გამორიცხვის საფრთხეს შექმნის ან გვერდს აუვლის მათთვის უფრო გადაუდებელ მიზნებს — საბრძოლო მოქმედებების დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მთელი კონტინენტის მომცველი შეთანხმების მიღწევის მცდელობამ კი შესაძლოა მშვიდობისკენ უფრო მცირე ნაბიჯების გადადგმაც გაართულოს.

ასევე ნახეთ

„გეოგრაფიის თვალსაზრისით" უკრაინა „უკვე სხვა ქვეყანაა" - პესკოვი

ზამთრის ომი

მოლაპარაკებები იმართება ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის ამომრჩევლებმა შუალედურ არჩევნებში ტრამპის პარტიას მძიმე მარცხი აგემეს: დემოკრატებმა რესპუბლიკელებს კონტროლი წაართვეს როგორც სენატზე, ისე წარმომადგენელთა პალატაზე.

თუმცა ახალი კონგრესი მუშაობას მხოლოდ 3 იანვარს შეუდგება. მანამდე რჩება რამდენიმე კვირა, რომელთა განმავლობაშიც თეთრ სახლს შესაძლოა შეთანხმების გაფორმება სურდეს.

შეთანხმების მიღწევას კი რომელიმე მხარის დათმობა დასჭირდება. ტრამპმა შესაძლოა მიანიშნა კიდეც, მისი აზრით, ვინ უნდა დათმოს, როდესაც უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობაზე ისაუბრა.

ასევე ნახეთ

კიბერშეტევით გამოვლენილი მონაცემებით, ომში დაიღუპა რუსეთის 450 100 ჯარისკაცი

თუმცა აშშ-ის შესაძლებლობა, კიევს მნიშვნელოვანი დათმობები აიძულოს, შეზღუდულია. ვაშინგტონში მოახლოებულმა ცვლილებებმა, ისევე როგორც ბრძოლის ველზე და რუსეთის ენერგეტიკულ თუ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კამპანიაში მიღწეულმა წარმატებებმა, შესაძლოა უკრაინას უბიძგოს, გაუძლოს ზამთარს, რომელიც მისთვის აქამდე ყველაზე მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.

ასევე ნახეთ

დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

ამავდროულად, რუსეთზე ახალი, მნიშვნელოვანი ზეწოლა ჯერჯერობით ნაკლებად მოსალოდნელია. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი, სავარაუდოდ, ზამთარშიც გააგრძელებს შეუჩერებელ თავდასხმებს უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, ისევე როგორც დარტყმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მისი იმედი იქნება, რომ ამ გზით კიევს 2027 წელს დათმობებისკენ უბიძგებს.

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ გაზაფხულამდე მშვიდობა გვექნება“, — თქვა გასული თვის ბოლოს თავის პოდკასტში ბრიტანეთში მცხოვრებმა ანალიტიკოსმა და მწერალმა მარკ გალეოტიმ. „სხვა თუ არაფერი, პუტინი იფიქრებს: მოდი, კიდევ ერთი ზამთარი ვურტყათ უკრაინელებს“.

გრინმა თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინელებს „კატასტროფული“ ზამთარი მოუწყოს. მოსკოვი ასევე იმედს დაამყარებს იმაზე, რომ მომავალ გაზაფხულზე საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი არჩევნები კიევისადმი ევროპულ მხარდაჭერას შეასუსტებს.

მაისისთვის ან ივნისისთვის „მოსკოვი, სავარაუდოდ, ჩათვლის, რომ მისი პოზიციები მაქსიმალურად მყარია და მიღწეულის განმტკიცებას შეეცდება“, — დაწერა მან. ამ კვირის მოლაპარაკებებზე კი დასძინა: „ჩემი ძირითადი მოლოდინია… რომ აბუ-დაბი არსებით შედეგს ვერ მოიტანს“.

ისტორიის მძიმე ტვირთი

იმის დასტურად, რომ რუსეთი დათმობებისთვის მზად არ არის, პუტინისა და სხვა ოფიციალური პირების შესაბამისი განცხადებებიც საკმარისია.

თუმცა კიდევ ერთი შესაძლო ნიშანი ისაა, რომ მოლაპარაკებებზე მოსკოვის დელეგაციას კრემლის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ უნდა უხელმძღვანელოს. ისტორიკოსი და კულტურის ყოფილი მინისტრი არა მხოლოდ იზიარებდა, არამედ თავადაც აყალიბებდა პუტინის შეხედულებებს უკრაინაზე — ქვეყანაზე, რომელსაც, რუსეთის პრეზიდენტის არაერთი განცხადებით, სრული სუვერენიტეტის უფლება არ აქვს.

ასევე ნახეთ

სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას

მედინსკი უკრაინის ისტორიისა და სხვა საკითხების შესახებ პუტინის რევიზიონისტულ შეხედულებებს იმეორებს. გავრცელებული ცნობებით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებული სტატიის მომზადებაში. ამ ტექსტმა, ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით მოვლენების ფონზე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე შვიდი თვით ადრე გამოააშკარავა პუტინის გეგმები უკრაინის მიმართ.

მედინსკი მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდზე, მათ შორის ბოლო სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც თებერვალში ჟენევაში გაიმართა. კიევსა და დასავლეთში მას აღიქვამდნენ რუსეთის მოთხოვნების გამხმოვანებლად, რომელიც მცირე მოქნილობასაც კი იშვიათად ავლენდა. ეს შეხვედრები მშვიდობისკენ წინსვლის გარეშე დასრულდა.

„თუ სერიოზული მოლაპარაკებები გინდა, სერიოზულ ადამიანებს აგზავნი“, — უთხრა რადიო თავისუფლებას 2025 წელს ყოფილმა რუსმა დიპლომატმა ბორის ბონდარევმა, რომელიც უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად გადადგა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. „მედინსკი? ის სამოყვარულო ლიგიდანაა, მეორე-მესამე ეშელონის ფიგურაა, რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამ“.

სტატიის მომზადებაში მონაწილეობდა რადიო თავისუფლების უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი მაიკ ეკელი.