Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვი: „ომი უნდა დასრულდეს სევასტოპოლში უკრაინის დროშის აღმართვით“

გარი კასპაროვი - რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში
გარი კასპაროვი - რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში

გარი კასპაროვი პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დროის კარგვად მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ უკრაინის გამარჯვება შექმნის რუსეთის რეჟიმის დაცემის შესაძლებლობას. ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ასევე საყვედურობს ევროპას და მას რუსეთის საფრთხის სათანადოდ შეუფასებლობაში ადანაშაულებს.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მცდელობებს აზრი არ აქვს, რადგან კრემლის ლიდერი ომის შეწყვეტას არ აპირებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში კასპაროვმა თქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უკრაინის გამარჯვებისკენ, რამაც, კასპაროვის აზრით, შესაძლოა პუტინის ხელისუფლების დაცემა გამოიწვიოს და რუსეთში დემოკრატიის დამყარების ახალი შესაძლებლობა შექმნას.

„პუტინის გეგმები არ შეცვლილა. მან მიზნად დაისახა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, განადგურება და ამ მიზანზე მას უარი არ უთქვამს“, - განაცხადა გარი კასპაროვმა.

ჭადრაკში კარიერის დასრულების შემდეგ გარი კასპაროვი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურად იქცა, 2013 წელს კი იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი. ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს 2016 წელს მის მიერ დაარსებულ „თავისუფალი რუსეთის ფორუმს“. ასევე კასპაროვის მიერაა დაარსებული ორგანიზაცია Renew Democracy Initiative, რომელიც ეხმარება უკრაინას და მხარს უჭერს დისიდენტურ ორგანიზაციებს.

„ჩვენ ვიყენებთ იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებსაც უშუალოდ ჰქონიათ შეხება ტოტალიტარიზმთან, რათა ამერიკელ და ევროპელ აუდიტორიას, უპირველესად კი ამერიკელებს, ავუხსნათ, რა ხდება”, - განმარტავს გარი კასპაროვი, რომლეიც ასევე არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) არსებული რუსული დემოკრატიული ძალების პლატფორმის წევრი.

PACE-ში რუსული დემოკრატიული ძალების პლატფორმა - საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შეიქმნა საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის 1 ოქტომბრის N2621 რეზოლუციის საფუძველზე და, რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფი რუსული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგი.

გარი კასპაროვი: მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პლატფორმაა და არა დელეგაცია. მის რუსულ ნაწილში თხუთმეტი ადამიანი შედის, ასევე - საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს პუტინის დელეგაცია გარიცხეს PACE-დან, ჩვენ მისი ადგილი პირდაპირ არ დაგვიკავებია. შეიქმნა საკონსულტაციო ორგანო, რომელმაც რუსულ ემიგრანტულ გარემოში არსებული ტენდენციების უკეთ გააზრებას უნდა შეუწყოს ხელი.

პლატფორმის მონაწილეებს შორის არსებობს პრინციპული უთანხმოებები. ზოგი მიიჩნევს, რომ ჩვენ რუსეთს წარმოვადგენთ. ჩემი აზრით, ეს აბსურდია: დღევანდელი რუსეთი პუტინის რუსეთია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგენდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც რეჟიმთან კავშირი გაწყვიტეს და, რომლებსაც სურთ საუბარი სხვა რუსეთის სახელით.

მე მხარს ვუჭერს ახალი რუსული იდენტობის ჩამოყალიბებას პუტინის რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამ იდეას „რუსულ ტაივანს“ ვუწოდებ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბერლინისა და სტრასბურგის დეკლარაციები. დოკუმენტს, რომელიც რუსეთის საკითხებში საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური მომხსენებლის მონაწილეობით მომზადდა, 29-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ახლა ამ საკითხმა ახალი პოლიტიკური სტატუსი შეიძინა.

რადიო თავისუფლება: რას უპასუხებთ ადამიანს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ომის წინააღმდეგია და გეკითხებათ: თქვენ რას აკეთებთ ასეთი ადამიანებისთვის?

გარი კასპაროვი: ვცდილობ, ვიმუშაო მათთან, ვინც პუტინის რუსეთთან კავშირი გაწყვიტა. თუ ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ის პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს აგრესიულ ომში. დღეს რუსეთის ეკონომიკა სამხედრო ამოცანებს ემსახურება. რა თქმა უნდა, ადამიანები განსხვავდებიან და ყველა უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამხედრო მრეწველობასთან. თუმცა ასეთი კავშირის ალბათობა ძალიან დიდია.

ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მუმინ შაკიროვი. 2026 წ. 11 ოქტომბერი, ვარშავა
ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მუმინ შაკიროვი. 2026 წ. 11 ოქტომბერი, ვარშავა

რადიო თავისუფლება: ადამიანი შესაძლოა უბრალოდ პურს აცხობდეს. რამით ხომ უნდა ირჩინოს თავი.

გარი კასპაროვი: რა თქმა უნდა, განსხვავებული ვითარებები არსებობს. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავპირდეთ იმას, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. შეგვიძლია კონკრეტულ ადამიანებს დავეხმაროთ და ეს იქ უნდა გავაკეთოთ, სადაც ამის რეალური შესაძლებლობა გვაქვს.

ერთ-ერთი ინიციატივა ე.წ. ნაცრისფერი პასპორტები და იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებმაც რუსეთი უკვე დატოვეს. მეორე - მივაღწიოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული კომპენსაციების გადახდას, რომლებიც 2019 წლამდე იქნა გამოტანილი. საუბარია 879 საქმეზე. „იუკოსის“ საქმის გამორიცხვის შემთხვევაშიც კი, კომპენსაციების სახით რჩება დაახლოებით 600 მილიონი ევრო, რომელიც რუსეთმა ადამიანებს უნდა გადაუხადოს.

ჩვენ ვცდილობთ, შევიმუშაოთ სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ამ კომპენსაციების გაყინული რუსული აქტივებიდან გადახდის საშუალებას მოგვცემდა. ეს კონკრეტული სამუშაოა. ყველას ერთდროულად ვერ დავეხმარებით, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, უარი ვუთხრათ მათ, ვის დახმარებაც რეალურად შეგვიძლია.

სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია აფერხებს იმ ადამიანების მასშტაბურ დახმარებას, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურთ და არ უნდათ, რეჟიმთან იყვნენ დაკავშირებული. რუსული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან წასვლის წახალისება ცუდი იდეაა. მე საპირისპირო აზრი მაქვს: უნდა შეიქმნას პირობები მათთვის, ვისაც ახალი ცხოვრების დაწყება და ომში მონაწილეობისაგან თავის არიდება სურს.

„მთავარია უკრაინის დახმარება, დანარჩენი გრანტებისთვის ბრძოლაა“

რადიო თავისუფლება: რუსული ოპოზიცია და პოლიტიკური ემიგრაცია გახლეჩილია. გწყდებათ გული, რომ გაერთიანება ვერ მოხერხდა?

გარი კასპაროვი: გაერთიანება მაშინ შეიძლება, როცა საერთო მიზნები არსებობს. მიმაჩნია, რომ დღეს ერთადერთი ამოცანა, რომელსაც მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა დავუთმოთ, ამ ომში უკრაინის დახმარებაა. დანარჩენი ყველაფერი ეშმაკისეულია. დანარჩენი ყველაფერი გრანტებისთვის ბრძოლაა, რითაც ზოგიერთი ჩვენი პატივცემული კოლეგა არის დაკავებული.

ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თქვას, რომ „ყირიმი უკრაინაა“, ჩემი მოკავშირე ვერ იქნება. მინდა რუსეთში ცვლილებები, მაგრამ არ ვაპირებ მსჯელობას მომავლის მშვენიერ რუსეთსა და იმ რეფორმებზე, რომლებსაც შემდეგ გავატარებთ. ომი ახლა მიმდინარეობს. დღეს უკრაინის გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის - ეს რუსეთის ომიცაა. პუტინს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. ბევრისთვის ეს ომი შეესაბამება სამყაროს შესახებ მათ წარმოდგენებს და ამ ომს მათთვის ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელიც მოაქვს.

რადიო თავისუფლება: პირადად თქვენ რა წვლილი შეგაქვთ უკრაინის დახმარებაში?

გარი კასპაროვი: ჩემმა ამერიკულმა ორგანიზაციამ უკრაინაში სხვადასხვა მიზნისთვის 15 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ჩვენ ასევე ვმუშაობდით აშშ-ის კონგრესთან, მათ შორის რესპუბლიკელებთან, რათა უკრაინის მხარდაჭერა გაგვეძლიერებინა. გარდა ამისა, ვეხმარებოდით დასავლელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას, უკეთ გაეგოთ ფრონტზე და უკრაინის გარშემო არსებული რეალური ვითარება.

ვინარჩუნებთ კონტაქტს უკრაინელ კოლეგებთან და ვაგროვებთ თანხებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ჩვენი პოზიციაა, მონაწილეობა მივიღოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დეკლარაციებით.

„ევროპას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა სტატუსი აქვს ამ ომში“

რადიო თავისუფლება: ერთხელ დაახლოებით ასეთი რამ თქვით, რომ გსურთ ნახოთ, რომელი ევროპული დედაქალაქი გაუძლებს რუსული დრონების ერთ თავდასხმას. ევროპა მართლაც არ არის მზად ასეთი გამოცდისთვის?

გარი კასპაროვი: პირველ რიგში, ვგულისხმობდი გერმანიასა და პოლონეთის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ხუთი წლის განმავლობაში ევროპას დღემდე არ განუსაზღვრავს საკუთარი როლი. ერთია უკრაინის დახმარება ისე, რომ კიევმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს, მაგრამ სულ სხვაა იმის აღიარება, რომ პუტინი ევროპას ებრძვის. ევროპაში სამხედრო წარმოება იზრდება, მაგრამ არა იმ ტემპით, რომელიც აუცილებელია. არც რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის დემონსტრირება ჩანს.

არსებობს პრინციპული განსხვავება იმაში, თუ როგორ აფასებენ საფრთხეს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი, სკანდინავია და როგორ პოლონეთის დასავლეთით მდებარე სახელმწიფოები. ქვეყნები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, აცნობიერებენ, რომ პროვოკაცია, მაგალითად, ნარვის ან დაუგავპილსის მიდამოებში, უკვე აღარ გამოიყურება ფანტასტიკად.

თუ ასეთი პროვოკაცია მოხდება, შესაძლოა, ამ ქვეყნებს დამოუკიდებლად მოქმედება მოუწიოთ. ნატოს შიგნით 32-ვე სახელმწიფოს სწრაფად შეთანხმება რთულია. მაგრამ საკითხი მხოლოდ იარაღის არსებობა არ არის. მნიშვნელოვანია, მზად არიან თუ არა ქვეყნები ომისა და სიკვდილისთვის. ერითია რაც პოლიტიკოსებს ესმით და სულ სხვა რის სათქმელადაც (ამომრჩევლებისთვის) ისინი არიან მზად.

რადიო თავისუფლება: რა უნდა გააკეთოს ევროპამ ახლა?

გარი კასპაროვი: მათ, ვისაც საფრთხე უშუალოდ ეხება, მოქმედებები უნდა შეათანხმონ: უკრაინამ, ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, სკანდინავიურმა სახელმწიფოებმა და, შესაძლოა, რუმინეთმაც. თუმცა ეს ადვილი არ არის, რადგან ამისთვის ზოგჯერ ნატოს ჩვეული პროცედურის გვერდის ავლით მოქმედება მოუწევთ. მაგრამ უმოქმედობაც სახიფათოა.

ევროპას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა სტატუსი აქვს ამ ომში. შეუძლებელია, ერთდროულად საუბრობდე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე და საქმეებს ისე აგრძელებდე, თითქოს არაფერი ხდება. ასევე მიმაჩნია, რომ იმ ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებმა, რომელიც დანაშაულებრივ ომს აწარმოებს, ევროპაში მოგზაურობა არ უნდა აღიქვან თავისთავად, ბუნებრივ ამბად.

"პუტინსაც არ აქვს უსასრულო რესურსები"

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს თქვენთვის უკრაინის გამარჯვება?

გარი კასპაროვი: ეს ნიშნავს, პუტინისთვის ომის გაგრძელების შესაძლებლობის შეწყვეტას. ომი სევასტოპოლში უკრაინის დროშის აფრიალებით უნდა დასრულდეს. უკრაინამ აუცილებელი მხარდაჭერა უნდა მიიღოს მანამდე, სანამ პუტინს ომის გასაგრძელებლად საჭირო რესურსები არ ამოეწურება.

სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ იმის მიხედვით, რასაც ვკითხულობ და ვაანალიზებ, პუტინსაც არ აქვს სრულმასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად უსასრულო რესურსები. არსებობს ორი სცენარი: უკრაინა ვერ გაუძლებს და მშვიდობიან მოსახლეობაზე საჰერო თავდასხმების შედეგად დაიშლება, ან უკრაინა გაუძლებს და მაშინ [პუტინის] რეჟიმი ჩამოიშლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმი დაეცეს.

ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღესვე რუსეთში ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ რეჟიმის ჩამოშლა ყოველთვის ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას. რუსეთის ისტორიაში წარუმატებელ ომებს დიდი ცვლილებები მოჰყოლია. საკითხავია, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

რადიო თავისუფლება: როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთი პუტინის შემდეგ? შესაძლებელია თუ არა ქვეყნის დაშლა?

გარი კასპაროვი: ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სცენარით ჩამოიშლება რეჟიმი. დიქტატორის წასვლის შემდეგ, როგორც წესი, იწყება ბრძოლა ელიტებს შორის, ჩნდება გავლენის სხვადასხვა ცენტრი. მოსალოდნელია უკრაინასთან, აშშ-სა და ევროპასთან შეთანხმების მიღწევის მცდელობებიც. ომში დამარცხებამ შესაძლოა ცენტრიდანული ძალები გააძლიეროს. ვფიქრობ, რომ მომავალ თავისუფალ რუსეთს, სავარაუდოდ, განსხვავებული გეოგრაფიული საზღვრები ექნება.

იმპერიის დაშლას საფრთხედ არ მივიჩნევ. თათრეთის ან ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები უმართავ პროცესად არ იქცეს და რეგიონებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა შენარჩუნდეს. ნოვოსიბირსკის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ: დამოუკიდებლობა შესაძლოა ისეთი ილუზია აღმოჩნდეს, რომელსაც ჩინეთზე დამოკიდებულება მოჰყვება. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის არჩევანია - გახდეს ჩინეთის პროვინცია ან სცადოს ევროპასთან შეთანხმების მიღწევა და შეუერთდეს თავისუფალ სამყაროს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG