სადაა ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის? მოსამართლის შეკითხვა „ოცნებას“

მოსამართლე ვასილ როინიშვილი (მარჯვნივ) და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. პირველი შეკითხვა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დაუსვა.

„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“

პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, თუმცა პარტიას შეიძლება შეერაცხოს მისი ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.

თორნიკე ჭეიშვილმა 2004–2012 წლების პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინდელი მმართველობის სისტემა ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო იყო, რეალურად კი - მკაცრად ცენტრალიზებული და სუპერსაპრეზიდენტო.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა გვარამიას მოთხოვნა პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზე

მოსამართლემ დააზუსტა, პარტიას კონკრეტული პირების დანაშაულები იმის გამო უნდა შეერაცხოს, რომ ის მათ არ გაემიჯნა, თუ იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს სახელმწიფომ დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.

პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითა.

სხდომაზე კონსტიტუციის 78-ე მუხლზეც იმსჯელეს. ის სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, არის თუ არა 78-ე მუხლი კონსტიტუციური წყობილების ნაწილი.