ევა გოცირიძე „ოცნებას“: სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საყვედურობთ?

ევა გოცირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებების განმარტება სთხოვა.

მან იკითხა, რატომ ითხოვს მოსარჩელე სასამართლოსგან იმ გარემოებების დადასტურებას, რომელთა აღიარებასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად უთვლის.

კითხვა შეეხებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დოკუმენტის მხარდაჭერას ედავება.

„რადგან თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ინტერესების ღალატი, მაშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რატომ უნდა დაადასტუროს იგივე და ჩაიდინოს იგივე, რასაც თქვენ საყვედურობთ ნაციონალურ მოძრაობას?" - იკითხა გოცირიძემ.

ასევე ნახეთ

გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა

მოსამართლემ ასევე მოითხოვა განმარტება, რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების მიზანი საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა იყო.

„თქვენ ასევე გაქვთ იმის სარწმუნო მტკიცებულებები, რომ მიზანი ის იყო, რომ საქართველოს დაეკარგა ეს კონტროლი საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, თუ ეს იყო უბრალოდ არაგონივრული პოლიტიკის შედეგი, შეცდომის შედეგი, დაუფიქრებელი მოქმედება, თუ ეს იყო წინასწარ განზრახული?“ - იკითხა გოცირიძემ.

პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თქვა, რომ სასამართლოსგან არ ითხოვენ იმის დადგენას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი ან ვინ ჩაიდინა ომის დანაშაულები. მისი განმარტებით, ბრალდება თავად რეზოლუციის მხარდაჭერას ეხება: გორდულაძის მტკიცებით, ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან აღიარა დოკუმენტში აღწერილი ქმედებები, ან საკუთარ სახელმწიფოსა და სამხედროებს დაუსაბუთებლად დააბრალა ისინი.

„ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც კონსტიტუციის დარღვევაა“, - განაცხადა გორდულაძემ.

გოცირიძემ დამატებით იკითხა, როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ სამართლებრივი კრიტერიუმებით სარჩელში მოყვანილი მტკიცება, რომ რეზოლუციის მხარდაჭერამ რუსეთის პოლიტიკური პოზიცია გაამყარა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რეზოლუციას მხარი ომის დასრულების შემდეგ დაუჭირეს.

„ამ დაბრალებით დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა თუ ომის შედეგების გამო?“ - იკითხა მოსამართლემ.

ასევე ნახეთ

„ოცნების“ სარჩელი რუსეთის აგრესიის გამართლებას ემსახურება - ბეჟაშვილი

გორდულაძემ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, როდის დაუჭირეს მხარი რეზოლუციას - „ომის დასრულებიდან ორ თვეში“. მისივე თქმით, რუსეთი რეზოლუციას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა.

გორდულაძის მტკიცებით, დოკუმენტის მხარდაჭერა და მისგან დღემდე გაუმიჯნაობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

რას ითხოვს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასევე ნახეთ

უნდა შეერაცხოთ თუ არა სხვა პარტიებს „ნაცმოძრაობის“ ქმედებები? - მსჯელობა საკონსტიტუციოში

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.