„ველური ცხენი ცხრა“ (დიდი ბრიტანეთი, 2026, რეჟისორი მარტინ მაკდონა)
საქართველოს კინოთეატრებში გამოსული მარტინ მაკდონას ახალი ნამუშევარი ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის ყველაზე წარმატებული ფილმი იყო - კრიტიკოსთა შეფასებითაც და მაყურებლის გამოხმაურებითაც.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიმ მართლაც საუკეთესოები დააჯილდოვა და პოლიტიკურ მანიპულაციებს არ წამოეგო, „ველური ცხენი ცხრა“ მაინც მნიშვნელოვნად დაიჩაგრა - ჟიურის თავმჯდომარის, მეგი ჯილენჰოლის გუნდმა მაკდონას ფილმისთვის მხოლოდ ერთი ჯილდო გაიმეტა - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯონ მალკოვიჩს.
ჯონ მალკოვიჩის შესახებ მეტი წაიკითხეთ აქ
ჯონ მალკოვიჩი - გამჭოლი მზერით და კატისებრი პლასტიკითჩვენში რომ დარჩეს, მაკდონა, გარკვეული თვალსაზრისით, თავად მალკოვიჩმა „დაჩაგრა“ და გადაფარა - ისედაც ხომ დიდი მსახიობია, მაგრამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ასაკოვანი, დაღლილი და ცინიკური აგენტის ეს როლი, ვფიქრობ, მაინც კულმინაციაა მალკოვიჩის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ამ დიდი არტისტის თამაშის მანერაა გრძელი, უჩვეულო აქცენტებითა და პაუზებით საუბარი, რომელიც მაკდონას ექსცენტრულ დიალოგებში პოეზიასავით ჟღერს.
მისი გმირი სრულიად უემოციო სახით უყვება ჩილელ სტუდენტებს, რომ CIA-დან არის და რომ მათი ხელისუფლების დასამხობად ჩამოვიდა. კონტრასტი საშინელ ამბავსა და მალკოვიჩის მშვიდ, ირონიულ ტონს შორის, სრულიად უნიკალურ „შავ კომედიას“ ქმნის და სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს კინოში არაერთხელ გაცოცხლებულ ისტორიულ ფაქტს - 1973 წლის სამხედრო გადატრიალებას ჩილეში.
მაგრამ, ცხადია, ეს სიახლე, სიხალისე, წარმოდგენილი მჭრელი, გონებამახვილური დიალოგებით, იმპროვიზაციის ეფექტით, მხოლოდ მსახიობების, ჯონ მალკოვიჩის, სემ როკველისა და სტივ ბუშემის დამსახურება არ არის... ფილმს ჰყავს მართლაც რომ უნიკალური ავტორი თანამედროვე კინოში - მარტინ მაკდონა.
ასევე ნახეთ
ღია კადრი, ჩაკეტილი სამყაროამ კაცს თითქოს რაღაც მაგიური იარაღი აქვს, რომლითაც შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს უკიდურესი ტრაგედია და აბსურდული კომედია. ისევე როგორც თავის წინა ფილმებში, „ველურ ცხენშიც“ „ბედავს“ და ხუმრობს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიკვდილი, თვითმკვლელობა, კოლონიალიზმი, მორალური დეგრადაცია, რასიზმი. თანაც, როდესაც ასეთი მსახიობები გყავს, ეს იუმორი არასდროს ხდება თვითმიზნური - იუმორი თითქოს ემსახურება ადამიანების შინაგანი ტკივილის და სამყაროს აბსურდულობის ჩვენებას - ფილმის გმირები ერთ წამში შეიძლება გადავიდნენ ბავშვური გულუბრყვილობიდან უკონტროლო აგრესიაზე.
მსახიობების გარდა, რომელთა დიალოგებიც ჩოგბურთის თამაშს ჰგავს, მაკდონას „გზავნილებს“ ქმნის გარემო, რომელშიც ვითარდება მოქმედება. CIA-ს ბიუროს უფროსი ემ-ჯეი (სტივ ბუშემი) თავის ორ აგენტს, კრისს (მალკოვიჩი) და ლის (სემ როკველი), დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ადგილას, „აღდგომის კუნძულზე“ აგზავნის. კრისს სიმსივნის ბოლო სტადია აქვს. ავადმყოფობისა და ტკივილგამაყუჩებლების მოქმედების გამო მალკოვიჩის გმირი სახელმწიფო საიდუმლოებას წამოაყრანტალებს ხოლმე (ჩილეში გადატრიალება მზადდება).
საბოლოოდ ბიუროს უფროსი იძულებული ხდება, კრისის კვალს გაჰყვეს და ლის კრისის მოკვლა მოსთხოვოს. ისტორია სრულიად აბსურდული იმიტომაც ხდება, რომ ლის იმავეს სთხოვს კრისი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სიკვდილი ტანჯვას შეუმსუბუქებს. კუნძული, რომელიც თავიდან თავშესაფრის როლს თამაშობდა, თანდათან ხაფანგად გადაიქცევა.
ასევე ნახეთ
ახალი „პარაზიტები“ საქართველოშიაქ წინააღმდეგობა სასიკვდილო საფრთხესა და სრულიად „გიჟურ“, არსებითად სულელურ დიალოგებს შორის ქმნის უნიკალურ რიტმს, რომელიც ერთი წამითაც არ მოგაწყენთ. არადა თითქმის მთელი ფილმის მოქმედება გრძელდება მშვიდ, „სამყაროსგან გამიჯნულ“, იზოლირებულ გარემოში (ესეც მაკდონას სტილის ნაწილია), რომელსაც, ერთი მხრივ, პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობა უპირისპირდება და მეორე მხრივ, ჩვენი ცოდნა - გვახსოვს, რაც ხდება ამ დროს სანტიაგოში და ფილმის თუ არა, „ისტორიის სპოილერიც“ გვაქვს - ვიცით, რომ ცოტა ხანში გადატრიალება მართლაც მოხდება და ჩილეს ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვა.
მაკდონა ამჯერადაც არ ღალატობს თავის სტილს და პოლიტიკურ ტრილერს ეგზისტენციალურ დრამად აქცევს. "აღდგომის კუნძულის" სამყაროსგან მოწყვეტილ გარემოში ფილმის პერსონაჟები თავად ემსგავსებიან წარსულის ნაშთებს, ცივი ომის მონსტრებს, რომლებმაც არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, ახლა კი, ფაქტობრივად, ცივილიზაციისგან გამიჯნულები, მარტონი დარჩნენ თავიანთ სინდისთან.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოქმედება 1973 წელს ვითარდება, ვენეციის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინ მაკდონამ აღნიშნა, რომ ეს მისი ყველაზე პოლიტიკური და ბრაზით აღსავსე ნამუშევარია.
ჯონ მალკოვიჩი, სემ როკველი და მარტინ მაკდონა ვენეციის 83-ე კინოფესტივალზე ფილმის „ველური ცხენი ცხრა“ (Wild Horse Nine) პრემიერაზე
რეჟისორი დაეთანხმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ფილმში ესპანურენოვანი ქვეყნების დემოკრატიის დამხობაზე ნათქვამი რეპლიკები ვენესუელაში განვითარებულ პროცესებს დაუკავშირეს. უფრო მეტიც, პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხუმრობები რუსეთის მიერ ფინეთში განხორციელებულ ინტერვენციებზე მაყურებელს აუცილებლად გაახსენებს ომს უკრაინაში.
„ველური ცხენი ცხრა“ მრავალშრიანი ფილმია, რომელშიც უმნიშვნელოვანესი კითხვა „რამდენად არიან პასუხისმგებელი რიგითი შემსრულებლები დიდი ქვეყნების დანაშაულებზე“, ფაქტობრივად ქმნის მანიფესტს დღევანდელ მსოფლიოზე, სადაც პოლიტიკური ცინიზმი, გავლენების გადანაწილება და პატარა ქვეყნების ბედით თამაში კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს.
მაგრამ პირადად ჩემთვის მაკდონას ახალი ნამუშევარი 2026 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იმიტომ არაა, რომ აქტუალური პოლიტიკური მანიფესტია. „ველური ცხენი ცხრა“ უპირველესად თავისი სიღრმით მოგხიბლავთ, ამ ვირტუოზული ნაზავით ისტორიული ფაქტებისა და კონსპირაციების, რეალური ფაქტებისა და „სიგიჟე-წარმოდგენების“, სიცოცხლისა და სიკვდილის. დღეს ბევრ რეჟისორს არ შეუძლია მსახიობებთან ერთად გადაიღოს ფილმი, რომელშიც ყველაზე უკანასკნელი ნაძირალაც კი გულს გაგითბობთ და თავს შეგაყვარებთ - ძალიან სასაცილო ფილმი, რომელიც ძალიან, ძალიან გასევდიანებს.