Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია კადრი, ჩაკეტილი სამყარო

გოგი გვახარია გვირჩევს კრისტიან მუნჯიუს ფილმს, "ფიორდი". (Fjord)
გოგი გვახარია გვირჩევს კრისტიან მუნჯიუს ფილმს, "ფიორდი". (Fjord)

„ფიორდი“ (2026. რუმინეთი. რეჟისორი კრისტიან მუნჯიუ)

ყოველთვის მეუხერხულება თქმა: „ეს ფილმი დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ!“, მაგრამ კომპიუტერის ეკრანზე კრისტიან მუნჯიუს კინოს ყურების მიმართ აბსოლუტურად შეუწყნარებელი ვარ. მით უმეტეს, თუკი ფილმი რუსულადაა დუბლირებული. მუნჯიუს - რუმინული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ლიდერის - სტილს აუცილებლად იცნობთ ფართოეკრანიანი ფორმატის გახსნილ კადრში, როცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკრანული სივრცე კინოთეატრის სივრცეს უერთდება (კომპიუტერის ეკრანზე ეს ეფექტი აღარ ჩანს), ანუ ჩვენს სივრცეში აღწევს.

ესაა სატელევიზიო კინოს სრული ალტერნატივა - „ბევრი ჰაერით“, უსაზღვროებით, რაც ფორმისა და შინაარსის იდეალურ მთლიანობასაც გამოხატავს. ასეთ კინოში არც სივრცეს აქვს საზღვარი და არც ავტორის სათქმელს - მუნჯიუ არასდროს აწვდის მაყურებელს დასრულებულ პასუხს.

„ფიორდის“ ფინალი სწორედ საზღვარზე თამაშდება. ოღონდ ეს გამშვები პუნქტი პირობითია, ალეგორიული... შლაგბაუმი სიმბოლურად გამოყოფს გარე სამყაროსგან ფიორდის იზოლირებულ დასახლებას - ასახავს იმ მკაცრ, ცივ და დაურღვეველ სისტემურ ზღვარს, რომელსაც აქ რუმინულ-ნორვეგიული ოჯახი აწყდება. მანამდე კი, ფაქტობრივად მთელი ფილმის მსვლელობისას, ეს ნორვეგიული ლანდშაფტი თავად პერსონაჟების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამომხატველია.

ფიორდი - ეს არის მაღალი კლდეებით გარშემორტყმული ვიწრო, ღრმა, ცივი წყლის მასა, კლაუსტროფობიური გარემო, რომელშიც უცხო ქვეყნის, უცხო კულტურის ბიუროკრატიული მანქანა ფილმის გმირებს, ღრმად მორწმუნე რუმინელ მამას (სებასტიან სტენი), მის ნორვეგიელ ცოლს (რენატე რეინსვე) და მათ ხუთ შვილს მუდმივ მეთვალყურეობაში აქცევს.

ეს კრისტიან მუნჯიუს ფილმის პარადოქსია. ეკრანული სივრცე, რომელიც მაყურებლის სივრცეში შემოდის, რადგანაც კადრი არ ჰყოფნის (ზუსტად ისეთი, როგორიც ვნახეთ მუნჯიუს წინა ფილმებში) და, ამავე დროს, ჩაკეტილობის განცდას ქმნის - კადრის, გარემოს...

„იდეოლოგიის ჩაკეტილობა“, სისტემად გადაქცეული მორალი, რაც ხან გაბნევს, ხან გაბრაზებს, ხან უხერხულ მდგომარეობაში გაყენებს, შეიძლება გატიროს კიდეც. ეს წინააღმდეგობა კრისტიან მუნჯიუს ეხმარება, თავიდან აიცილოს ის, რაც დღეს თითქმის ყველა კარგ რეჟისორს აშინებს - მაყურებლის მანიპულაცია.

მუნჯიუს საუკეთესო ფილმები - „ბორცვებს მიღმა“ და „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე„ - ოლეგ მუტუმ გადაიღო. „ფიორდს“ სხვა ოპერატორი ჰყავს - ტუდორ პანდურუ, მაგრამ სახვითი გადაწყვეტა არ იცვლება: გამოსახულება ისევ კლასიკური მხატვრობის ჯგუფურ პორტრეტებს გვაგონებს - ფრანს ჰალსის თუ რემბრანტის ტილოებს, რომლებიც თითქოს მოითხოვენ, რომ ვათვალიეროთ(!) ადამიანები. ვხვდებით რა მიმდინარე მოვლენების პირდაპირი მოწმე, კამერა არ გვკარნახობს, „სად გავიხედოთ“ - ჩვენ თავად ვირჩევთ და თავად ვადევნებთ თვალს პერსონაჟებს.

ასეთი სტილი აძლიერებს ჩაკეტილის და ღიას დაპირისპირებას - მუნჯიუს ფილმი ბოლომდე ინარჩუნებს დისტანციას ამბავთან და, ამავე დროს, ისე ახლოს მოაქვს ჩვენთან გამოსახულება, რომ მოვლენების თანამონაწილეებად გვაქცევს. ეს არაა კინემატოგრაფი-ფანჯარა, ესაა უფრო კინემატოგრაფი-სარკე, რომელმაც საკუთარი თავი უნდა დაგვანახოს იქ, სადაც დასავლური ცივილიზაციის რაციონალიზმი და ტრადიციული სამყაროს მისტიციზმი ერთმანეთს ეჯახება.

თანაც, უბრალო შეჯახება არ არის. ეს, ფაქტობრივად ომია, რომელიც ორივე მხარეს აიძულებს, გაძლიერდეს და „გამწვავდეს“. შესაბამისად, დოგმად ქცეული ლიბერალური ღირებულებები და გადაჭარბებული რაციონალიზმი თავად ლიბერალიზმის დისკრედიტაციას იწვევს, ხოლო ულტრაკონსერვატიული ღირებულებები აკნინებს კონსერვატიზმს და ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებს.

„ფიორდში“ საზღვარი ორივე მხარეს აქვს ჩაკეტილი.

ღრმად მორწმუნე წყვილი შვილებსაც „აბსოლუტიზმის სულისკვეთებით“ ზრდის. ბავშვებისთვის სახარების ყოველდღიური შესწავლა სავალდებულოა. ასევე აკრძალულია მობილური ტელეფონები, სოციალური ქსელები და თანამედროვე მუსიკა. პატარები ჯერ კიდევ უჯერებენ მშობლებს, უფროსი ბავშვები კი დედ-მამის მიერ თავსმოხვეულ დოგმებს უბრალოდ ითმენენ.

სიტუაცია იძაბება მას შემდეგ, რაც უფროსი ქალიშვილის სკოლაში მასწავლებლები ბავშვის სხეულზე სილურჯეებს შეამჩნევენ და ჰკითხავენ: „მშობლები გცემენ?“ ბავშვები გულახდილად პასუხობენ, რომ თუ სახარებას კარგად არ შეისწავლიან, შესაძლებელია დუნდულებზე წამოარტყან, თუმცა უმატებენ, რომ მათ ეს არ სწყინთ. მასწავლებლები მყისიერად უკავშირდებიან სოციალურ სამსახურს.

კრისტიან მუნჯიუ თავის წინა ფილმში „რ.მ.ნ.“ იკვლევდა, თუ როგორ რეაგირებს ევროკავშირში ახლად გაწევრიანებული რუმინეთის კონსერვატიული სოფელი „პროგრესული უცხოელის“ გამოჩენაზე. ეს იყო „ენჯეოკინო“, მოსაწყენი ევროპული „არტჰაუზი“, ქსენოფობიის სტანდარტული კრიტიკით და ლიბერალური კლიშეებით... ფილმი ჩავარდა კანის ფესტივალზე, მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს პალმის“ ლაურეატის ახალი ნამუშევრის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო...

ამის შემდეგ რუმინელმა რეჟისორმა ყველაფრის შემობრუნება გადაწყვიტა, თითქოს თავის თავს ჰკითხა, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი სოფელში უმრავლესობა „პროგრესული“ იქნებოდა, ხოლო ახალმოსულები - სტუმრები - ულტრაკონსერვატორები? შეხვდებოდნენ თუ არა მათ ეჭვის თვალით? თანასწორებად აღიქვამდნენ თუ მხოლოდ და მხოლოდ „ეგზოტიკად“?

„ფიორდს“ ჯერ კიდევ კანის ფესტივალზე გამოუჩნდნენ ოპონენტები, ჩემი დაკვირვებით, პირველ რიგში, ლიბერალები აღმოსავლეთ ევროპიდან. ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ „ორი სიმართლის“ დაპირისპირებაში მუნჯიუ ვერ იცავს ბალანსს, რომ მისი სიმპათიები რუმინული ოჯახისადმი იხრება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ეჭვი იმიტომ გაჩნდა, რომ რეინსვე და განსაკუთრებით სებასტიან სტენი უბრალოდ გენიალურად თამაშობენ... აი, სულ პატარა სიყალბეც კი არ არის მათ პერსონაჟებში. განსაკუთრებით სებასტიან სტენს უხდება სიტყვა „გენიალური“...

რამდენიმე წლის წინ რუმინული წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა დონალდ ტრამპის სახე შექმნა ფილმში „შეგირდი“. მაშინაც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ „ვერ შეაფასა თავისი პერსონაჟი“, რომ „ირონია დააკლდა“. არადა, სტენი არასდროს აფასებს თავის პერსონაჟებს. ამ მხრივ დაუვიწყარია მისი გმირის დაკითხვა „ფიორდში“ - ყველა ზედმეტი დეტალისგან განტვირთულ გარემოში, თეთრი კედლებითა და ბუნებრივი განათებით. დაძაბულობის კულმინაცია აქ წმინდა ენობრივი და ვიზუალურია. სტენის გმირი იბნევა ინგლისურ და ნორვეგიულ ტერმინებში, როცა უსვამენ კითხვას „ფიზიკური დასჯის“ დეფინიციაზე. მორწმუნე მამა, რომელსაც მოძალადედ მიიჩნევენ, ცდილობს სიტყვები მოძებნოს. მუსიკა არ არის. სიჩუმე აუტანელი ხდება. ყოველი ამოსუნთქვა და პაუზა დაძაბულობას აძლიერებს. ესაა კრისტიან მუნჯიუს ხელწერა. იგი ფსიქოლოგიური „სასპენსის“ დიდოსტატია თანამედროვე კინოში.

კიდევ უფრო ძლიერია სასამართლოს სტატიკური მიზანსცენა, რომელშიც ხედები არ იცვლება, დაძაბულობა კი იქმნება არა მოქმედებით, არამედ იდეების, კულტურული კოდების შეჯახებით. მუნჯიუ არ იყენებს ე.წ. რევერსულ მონტაჟს მოსაუბრეთა შორის გადასართავად. ჩვენ ერთდროულად ვადევნებთ თვალს იმას, ვინც ლაპარაკობს და იმასაც, ვინც უსმენს. ეს ქმნის არა მარტო ფსიქოლოგიურ სიმჭიდროვეს, არამედ კვლავ აერთიანებს ორ უკიდურესობას და მთელ ამ სასამართლო პროცესს გადააქცევს „იდეოლოგიურ დისკუსიად“ ჩვენს ფიქრებში, ჩვენს საკუთარ თავში...

კრისტიან მუნჯიუს ენა კინემატოგრაფისტის ენაა. ის უხერხულად გრძნობს თავს იქ, სადაც აზროვნება გაჩერებულია. ფიქრი, როგორც პროცესი, როგორც დიალექტიკა, როგორც წინააღმდეგობათა შეჯახება („უარყოფის უარყოფა“) მისი სტიქიაა. ამ თვალსაზრისით „ფიორდი“ არის უკომპრომისო კრიტიკა ჩვენი მოთხოვნილებისა, რომ ყველაფერს იარლიყები მივაწებოთ. ესაა არა „MAGA-სთან კეკლუცობა“ (როგორც ფილმის ოპონენტები ამტკიცებენ), არა „კონსერვატორებისკენ გადახრილი კრისტიან მუნჯიუ“, არამედ სწორედაც რომ ლიბერალიზმის დაცვა ფარისევლებისგან და „მწიგნობრებისგან“, ადამიანის დაცვა ფანატიზმისგან, ფუნდამენტალიზმისგან, რომლის მთავარი მტერი სწორედ ესაა - ეჭვი და პროცესი, მოძრაობა.

არ არის შემთხვევითი, რომ იმ კრიტიკის მიუხედავად, რომელიც კრისტიან მუნჯიუს არ დააკლეს კანის ფესტივალზე, პარკ ჩან ვუკის ჟიურიმ გაბედა და სწორედ „ფიორდი“ აღნიშნა მთავარი პრიზით, „ოქროს პალმით“. ამ კორეელი რეჟისორისთვისაც ახლობელია რაციონალურის და მისტიკურის შეჯახების თემა და, რაც მთავარია, პარკ ჩან ვუკიც ის ხელოვანია, რომლისთვისაც ფორმა და შინაარსი კინოში აბსოლუტურად ერთიანია, ხოლო შინაარსისგან დაცლილი ფორმა მხოლოდ და მხოლოდ „ნარცისული თვითგამოხატვა“, რომელიც ხელოვნებას ადამიანებს აშორებს.

კორეელ რეჟისორს დისტანციის დაცვისა და ემოციური ზემოქმედების, ამ წინააღმდეგობის გაერთიანების განსაკუთრებული უნარიც აქვს, რომელიც მას კრისტიან მუნჯიუსთან აახლოებს. „ფიორდში“ მუნჯიუს ეს თვისება, „ჩაგვაფლოს“ ფიქრის პროცესში იმდენად, რომ კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირი მნიშვნელობით ვეძებოთ ადამიანი ფილმზე საკამათოდ (თუ გნებავთ, „საჩხუბრად“), „ფერს იცვლის“, როცა საქმე ბავშვებს ეხება. აქ მისთვის აღარ არსებობს „ორივე მართალია“ და „ორივე მტყუანია“. „ფიორდში ყველა ბავშვი იწვევს თანაგრძნობას და წუხილს - ადგილობრივიც და ჩამოსულიც. ნორვეგიელიც და რუმინელიც. და მუნჯიუც შედარებით სწორხაზოვნად სვამს კითხვას: რა არის ამ ბავშვებისთვის უფრო ტრავმული - დუნდულებზე ხელის გარტყმა თუ მშობლების გარეშე დარჩენა? „კარგი ნორვეგიელი მეურვე“ უკეთესია თუ მკაცრი, „ჩამორჩენილი“ მშობელი?

ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ბავშვების გარეშე იღებენ. მათ არავინ ეკითხება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG