გვარამია: ომზე ზურაბიშვილის განცხადებებზე დამოკიდებულება ვერ შემეცვლება

ნიკა გვარამია და სალომე ზურაბიშვილი (ფოტოკოლაჟი)

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულების ცვლილების მიუხედავად, 2008 წლის ომის შესახებ მის განცხადებებს კვლავ არ ეთანხმება. ამ საკითხზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა 16 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას ისაუბრა.

მოსამართლე გიორგი მოდებაძემ გვარამიას ჰკითხა, რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება ზურაბიშვილის მიმართ, რომლის არჩევასაც 2018 წელს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, მოგვიანებით კი მასთან თანამშრომლობდა.

გვარამიამ უპასუხა, რომ ადამიანს და პარტიას პოზიციების გადახედვის უფლება აქვთ. მან გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალებაც და თქვა, რომ გაუკვირდა, როგორ შეძლო პრეზიდენტმა მისგან წარსულში გამოვლენილი „ძალიან უსიამოვნო“ და „არასწორი ქცევის“ დაძლევა.

თუმცა, გვარამიას თქმით, ომის შესახებ ზურაბიშვილის შეფასებებთან მისი დამოკიდებულება უცვლელია:

„დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც მან თქვა […] ომთან დაკავშირებით, ვერ შემეცვლება, იმიტომ, რომ მე ეს გამონათქვამი ამ წიგნში დამხვდა ჰააგაში, სასამართლოში, როგორც იუსტიციის მინისტრს. ვერ შემეცვლება, ეს გამორიცხულია. სამწუხაროდ, მასაც არ უთქვამს აქამდე, რომ ეს იყო შეცდომა და არასწორი“.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აგვისტოს ომზე ამბობდა: „საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების“ და „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“. ამ განცხადებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით მან თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება კი პროვოკაციას აჰყვა.

ამავე დროს, გვარამიამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკურმა ფიგურამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: „დავიტოვებ საკუთარ თავს უფლებას, რომ ადამიანებზე წარმოდგენა შევიცვალო, ისევე, როგორც საკუთარი წარმოდგენები შევცვალო“.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

ვისი ნება იყო პარლამენტის ბოიკოტი

მოსამართლე გოგა კიკილაშვილი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა პარლამენტში შესვლაზე უარი იმ ამომრჩევლის ნებას, რომელმაც კოალიციას არჩევნებში ხმა მისცა.

გვარამიას პასუხით, ამომრჩევლის წარმომადგენლობა მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობას არ გულისხმობს და პოლიტიკური საქმიანობის ფორმის არჩევა პარტიასა და მის ამომრჩეველს შორის ურთიერთობის საკითხია.

„ხმა მისცეს ჩვენს შემთხვევაში ცვლილებას და არა ნიკა გვარამიას პარლამენტში ჯდომას ან გიგა ლემონჯავასას. ხმა მისცეს ცვლილებას და არა ჩვენს საბიუჯეტო დაფინანსებას“, - თქვა მან.

ევა გოცირიძემ გვარამიას ჰკითხა, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება კოალიციის თითოეულ ამომრჩეველთან გადაამოწმა თუ არა. საუბარში გვარამიამ ოფიციალური შედეგის დასახელებისას დაახლოებით 220 ათასი ხმა ახსენა.

გვარამიამ უპასუხა, რომ პოლიტიკაში თითოეულ ამომრჩეველთან ინდივიდუალური შეთანხმება არ ხდება - განწყობების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საარჩევნო ლიდერებისგან იღებენ.

ასევე ნახეთ

ევა გოცირიძე „ოცნებას“: სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საყვედურობთ?

შევიდოდა თუ არა პარლამენტში 2028 წელს

სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ჰკითხა, შევიდოდა თუ არა კოალიცია პარლამენტში 2028 წლის არჩევნების შემდეგ, თუ შედეგებს სამართლიანად მიიჩნევდა, თუმცა ვერ გაიმარჯვებდა.

გვარამიამ უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდნენ. მან განმარტა, რომ ამჟამინდელი ბოიკოტის მიზეზი არჩევნებში დამარცხება არ არის:

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დავმარცხდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაგვიყალბეს არჩევნები“.

გოცირიძემ ასევე იკითხა, ჰქონდა თუ არა არჩევნების გაყალბების შესახებ მის რწმენას საკმარისი მტკიცებულებები. მოსამართლემ განმარტა, რომ მოსარჩელის პრეტენზია სწორედ საკმარისი საფუძვლების გარეშე არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას უკავშირდებოდა.

გვარამიამ მიუთითა საარჩევნო საჩივრებზე, ადგილებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, ეგზიტპოლებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო შეფასებებზე. მისი თქმით, ეს საფუძვლები არჩევნების შედეგების „კეთილსინდისიერ არაღიარებას“ განაპირობებდა.

ასევე ნახეთ

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი: „გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?“

რას შეცვლიდა ხელისუფლებაში საქმიანობის პერიოდიდან

გვარამიას კითხვები დაუსვეს წინა ხელისუფლებაში მის საქმიანობაზეც. მან თქვა, რომ დღეს აღარ გამოაქვეყნებდა 7 ნოემბრისა და ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებულ სატელეფონო საუბრებს, თუმცა საქმის დანარჩენი ნაწილის შეფასებას არ ცვლის და მიაჩნია, რომ ქვეყანამ მაშინ მნიშვნელოვანი საფრთხე აიცილა.

გვარამიას თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრობისას ზოგიერთი მოსამართლის დანიშვნასაც აღარ დაუჭერდა მხარს. კონკრეტული გვარები მას არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ

ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარუდგინა

მან ასევე აღნიშნა, რომ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არ ეთანხმებოდა, და მეტად დაუჯერებდა კახა ბენდუქიძეს, რადგან დრომ აჩვენა, რომ ის ბევრ საკითხში მართალი იყო.

ამასთან, 2004–2012 წლების ხელისუფლებაზე საერთო შეფასება დადებითი დარჩა: „ამაზე უკეთესი და ამაზე მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია“. გვარამიამ იქვე დაამატა, რომ დემოკრატიულობის უფრო მაღალ ხარისხსა და საკუთარ უფრო კრიტიკულ მონაწილეობას ისურვებდა.