ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტი ვახო სანაია

„ფორმულის“ ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ, რომელიც ფეისბუკში დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით დააპატიმრეს, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იქ ოჯახი, კოლეგები და ახლობლები დახვდნენ.

"არაფერი იცვლება ჩვენი პატიმრობით ის რამდენხნიანიც უნდა იყოს და რამდენჯერად არ უნდა განმეორდეს... რა ჯარიმაც არ უნდა გაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენ ვერ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი, სადაც ის სიტყვები შეაქვს, რომელიც არ უნდა რომ გაიგონოს. ჩვენ ვილაპარაკებთ, დავწერთ და ჩვენ არ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე", - თქვა სანაიამ მედიასთან საუბარში იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ

პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

30-დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობა მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 19 ოქტომბერს შეუფარდა საქმის განხილვას ჟურნალისტი არ ესწრებოდა. პოლიციამ ვახო სანაია თავის სახლთან დააკავა.

ჟურნალისტი ვახო სანაია მანამდე 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშიც იმყოფებოდა. ის 22 ივლისს დააკავეს. მას პატიმრობა პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ასევე ნახეთ

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა


გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმეს. იმავე წლის 19 ოქტომბერს კი სანაია რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. სასამართლომ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

19 ოქტომბერს სანაიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ საქმეს თვალს არ ადევნებს. მისი თქმით, ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ სოციალურ ქსელებში უხამსობა შემცირდა, ხოლო ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას ირჩევს, სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოს.

რას ედავებოდა შსს ჟურნალისტს?

ვახო სანაიამ 1 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის საფუძველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტი იყო.

პოსტებში ეწერა:

  • 22 ივლისს, მის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე: „14 დღე **ეები არ დაუძახოთ შალვას [პაპუაშვილი] და ლადოს [ბოჟაძე], რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ საქმეს“;
  • 5 აგვისტოს: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, **ეები არ დაუძახოთ მეთქი, დამაპატიმრეს...“;
  • 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა, სათაურით „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ცენზურა დაამყაროს სოციალურ ქსელებში. საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების დაჯარიმება, დაკავება არის სხვებისთვის გზავნილი - მათ კარგად იციან, რომ ჩემი დაკავებით მე არ ვიტყვი უარს ჩემს გამოხატვის თავისუფლებაზე, დავწერ ისევ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი და მუდმივად გამოვხატავ ჩემს აზრს“, - უთხრა ვახო სანაიამ რადიო თავისუფლებას.

ჟურნალისტს ედავებოდნენ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173¹⁶-ე მუხლის დარღვევას, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 2500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

თავდაპირველად საქმის განხილვა 6 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა სხდომა 19 ოქტომბრისთვის გადაიდო. 6 ოქტომბრის სხდომაზე არც სანაია და არც მისი ადვოკატი არ გამოცხადებულან. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტს ადვოკატი სავალდებულო წესით დაუნიშნა.

სანაია მანამდეც აცხადებდა, რომ ადვოკატის მომსახურების საჭიროებას ვერ ხედავდა და სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.

წინა ორი საქმე

22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტისთვის:

„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.

მანამდე, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაია სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკსტატუსისთვის, რომელშიც ეწერა:

„ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

ასევე ნახეთ

Freedom House: ვახო სანაიას დაპატიმრება მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა


როგორ მუშაობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.

ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.

შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.