კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ სოციალური ქსელებით 20 ნოემბერს დილის ცხრა საათისთვის გავრცელებული ცნობებით:
- დაიღუპა სამი ადამიანი, წინასწარი მონაცემებით, „კიევის წყალკანალის" თანამშრომლები. დაშავებულია 15-მდე ადამიანი.
- რუსული ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაზიანებულია პოდოლსკი-ვოსკრესენსკის გადასასვლელი ხიდი და დარნიცკის ხიდი. დარტყმა იყო სამხრეთის ხიდზეც.
ხიდების დაზიანების გამო ზოგიერთ მონაკვეთზე შეჩერებულია, ხოლო ზოგიერთზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე დნეპრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის.
ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მიმართა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში კერძო ავტომანქანებით ნუ გავლენ. კიევის მერმა დაწესებულებებისა და საწარმოების ადმინისტრაციებსაც მიმართა, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ, სადაც ეს შესაძლებელია.
ასევე ნახეთ
პუტინის ხიდის 200 მეტრი წყალქვეშ - რა დრო დასჭირდება აღდგენას?- 16, 17 და 19 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ყირიმის, იმავე ქერჩის ხიდს, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
- ყირიმის ხიდზე 16 ნოემბერს განხორციელებული შეტევის შემდეგ, 17 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა დაარტყეს კიევის სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩინეთის და აშშ-ის ლიდერებთან, სი ძინპინსა და დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმების გამო რუსეთის საპასუხო ქმედებები იქნება „გაცილებით მტკივნეული, ვიდრე ეს კიევის რეჟიმმა გააკეთა".
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იმავე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. ხიდზე აფეთქება იყო 2025 წლის ივნისშიც.
- უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
- 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
- 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
- უკრაინა უკანონოდ აშენებულ ხიდს, როგორც რუსეთის ლოგისტიკის მნიშვნელოვან ობიექტს, კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს.