პატიმრობა თუ მონობა - რა ხდება ბელარუსის ქალთა კოლონიებში?!

პატიმარი ქალები. ბელარუსი

ბელარუსში ქალებისთვის ამნისტია მზადდება, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი პატიმარი გათავისუფლდება და რა პირობებით. ამ ფონზე, ყოფილი პოლიტპატიმრები გვიყვებიან, თუ როგორ არის მოწყობილი ქალთა პატიმრობის სისტემა ბელარუსის კოლონიებში.

ბელარუსში გისოსებს მიღმა რამდენიმე ათასი ქალი იმყოფება. ბევრი მათგანი ციხეში ბავშვებზე არასათანადო ზრუნვის ბრალდებით მოხვდა, ზოგი - ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, ასზე მეტი კი პოლიტიკური ბრალდებით იხდის სასჯელს.

ბელარუსის სასჯელაღსრულების კოლონიებში ქალების ცხოვრებაზე საუბრობენ უფლებადამცველი და ყოფილი პოლიტპატიმარი ნასტა ლოიკა და ასევე ყოფილი პოლიტპატიმარი პოლინა შარენდა-პანასიუკი.

პატიმარი ქალები ჯიბით ატარებენ კოვზებს. ხუთ-ხუთად ეწყობიან რიგში და იღვიძებენ საჰაერო განგაშის სირენის ხმაზე. ესმით თავიანთი ჩვილი შვილების ტირილი, მაგრამ ბავშვის ხელში აყვანა არ შეუძლიათ. ისინი არ ირჩევენ, სად დაიძინონ, ვისთან იმუშაონ ან რას უყურონ ტელევიზორში, რადგან კოლონიებში არც ინტერნეტია და არც სმარტფონები.

დილით ადგომა

ქალთა კოლონიაში დღე დილის ექვს საათზე იწყება. პირველი, რაც გომელის N4 სასჯელაღსრულების კოლონიის ქალებს ესმით, არის მორიგის ხმა: „კოლონია განგაშს აცხადებს! განგაში!“ - ამბობს მორიგე ქალი რუსულად, საბჭოთა პერიოდის ხმის გამაძლიერებლის საშუალებით. შემდეგ ის შუქს ანთებს საძინებლებში. ამ დროს იღვიძებს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც მეორე ცვლაში იმუშავა და გამთენიისას დაწვა (შემდეგ ისინი ისევ იძინებენ). იმავდროულად, დაახლოებით ას კილომეტრში, ზარეჩიეს ქალთა N24 კოლონიაში პატიმრებს აღვიძებთ სირენის ხმა, სწორედ იმ სირენისა, რომელიც უკრაინაში საჰაერო განგაშის შესახებ იუწყება.

ბელარუსში ქალებისთვის განკუთვნილი ორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. პირველი, N4 კოლონია, მდებარეობს გომელის გარეუბანში, ანტოშკინას ქუჩაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებელი ქარხანა „გომსელმაშის“ მახლობლად. მეორე, N24 კოლონია, რეჩიცის რაიონის სოფელ ზარეჩიეშია განთავსებული, ტყის შუაგულში. ამ უკანასკნელში მხოლოდ იმ ქალებს ამყოფებენ, რომლებსაც ერთი და იმავე დანაშაულისთვის სასჯელი არაერთხელ აქვთ მოხდილი.

შენიშვნა: გომელის სასჯელაღსრულების კოლონიაში პირველად მსჯავრდადებულებს აგზავნიან. უფლებადამცველების ინფორმაციით, ამჟამად N4 კოლონიაში დაახლოებით 1400 პატიმარია. რეჩიცის N24 კოლონია ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე დახურული სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. მის შესახებ საჯარო სივრცეში მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ რეციდივისტები [რეციდივისტი - ადამიანი, რომელმაც განმეორებით ჩაიდინა დანაშაული] და რეჟიმის დამრღვევები იმყოფებიან. მთლიანობაში, უცნობია, საერთო ჯამში რამდენი ქალია პატიმრობაში, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე ათასს შეადგენდეს. მათ შორის დაახლოებით 100 პოლიტიკური პატიმარია. საერთაშორისო კვლევითი ცენტრების მონაცემებით, ბელარუსს ევროპაში არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობა, არამედ პატიმარი ქალების ყველაზე მაღალი წილიც აქვს, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა გათვალისწინებით. ქალები პატიმართა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10-11%-ს შეადგენენ, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ია.

გომელის ქალთა კოლონიის ერთ-ერთ ოთახში, რომელსაც „სექციას“ უწოდებენ, 20-დან 40-მდე ქალი სძინავს. ორსართულიანი, ლითონის, ზამბარებიანი საწოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ ან ერთმანეთისგან ხელის გაწვდენაზეა განლაგებული. ლეიბი, ბალიში, საბანი, ორი ზეწარი და ბალიშის პირი - ეს არის საწოლის აღჭურვილობა. თეთრეულის სახლიდან მოტანაც შეიძლება.

ასევე ნახეთ

"საკანშიც შეიძლება იყო თავისუფალი" - ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმარ მაქსიმ ზნაკთან

პატიმარს არ შეუძლია საწოლის არჩევა. თითოეულ ქალს ადგილს კოლონიის ადმინისტრაცია უსაზღვრავს. საწოლზე კიდია იარლიყი, რომელზეც მითითებულია პატიმრის სახელი, დაბადების წელი, განაჩენის მუხლი, პატიმრობის დაწყებისა და დასრულების თარიღები. პატიმარ ქალს ასეთივე იარლიყი აქვს ტანსაცმელზეც. N24 კოლონიაში ქვედა საწოლები ძირითადად იმ პატიმრებს უკავიათ, რომლებსაც პატიმრობა ხანგრძლივი ვადით აქვთ მისჯილი. პოლიტიკური მუხლებით მსჯავრდადებული ქალები ატარებენ ყვითელ იარლიყებს წარწერით „ექსტრემისტი“. მათ ქვედა საწოლზე დაძინება არ შეუძლიათ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციისა და კოლონიის თანამშრომლების ნებართვის შემთხვევაში.

„როგორც წესი, ეს პენსიონერები ან ავადმყოფი ადამიანები არიან“, - განმარტავს ყოფილი პოლიტპატიმარი ნასტა ლოიკა, რომელმაც გომელის N4 კოლონიაში ორ წელზე მეტი გაატარა.

ნასტა ლოიკა - გისოსებს მიღმა გატარებული აქვს 1238 დღე, რომელთაგან 869 გომელის ქალთა გამოსასწორებელ კოლონია N4-ში.

პოლინა შარენდა-პანასიუკი, რომელიც ორივე ქალთა კოლონიაშია ნამყოფი, ამბობს, რომ ზარეჩიეს კოლონია თავდაპირველად სამხედრო ნაწილი იყო და ამიტომ ის უფრო მოხერხებულადაა მოწყობილი. N24 კოლონია სამი სართულის მქონე ოთხი ყოფილი ყაზარმისგან შედგება. თითოეულ სართულზე ამჟამად კოლონიის თითო რაზმია განთავსებული. ერთ საძინებელში (ორსართულიან საწოლებზე) 70-დან 100-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება. ლითონის საწოლები დაპრესილი ხის ფიცრებისგან დამზადებული საწოლებით შეცვალეს, თუმცა, პოლინას თქმით, ისინი ნაკლებად კომფორტულია.

პოლინა შარენდა-პანასიუკი - ციხეში გატარებული აქვს 1491 დღე.

წესები განსხვავებულია კოლონიისა და კონკრეტული საცხოვრებელი შენობის მიხედვით. ზოგიერთში ღამით ფანჯრებს აღებენ. ასეთ დროს ფანჯარასთან მძინარე ქალებს სცივათ, რის გამოც ისინი იძულებული არიან პიჟამაზე ზემოდან ხალათები ჩაიცვან. თუ ვენტილაცია არ არის, ოთახში ჰაერი იხუთება და სუნთქვა ჭირს.

„როდესაც პირველ რაზმში ვიყავი, ჩემი ფანჯარა ყოველთვის ღია იყო. ზოგჯერ ქუდით მეძინა და საბანზე დადებული თოვლის გამო მეღვიძებოდა“, – იხსენებს ნასტა ლოიკა.

გომელის კოლონიაში დილის ჰიგიენურ პროცედურებს 15-20 წუთი ეთმობა, ზარეჩიეში კი - ცოტა მეტი. ზოგი რისკავს და უფრო ადრე დგება მაკიაჟის გასაკეთებლად, თუმცა წესებით ეს აკრძალულია. ნასტა ლოიკას აღწერით, ას ადამიანზე შვიდი ხელსაბანი და ოთხი უნიტაზი მოდის. სხვა რაზმში სანიტარული მოწყობილობების რაოდენობა ორჯერ მეტია. ზოგიერთ ტუალეტს კარი არ აქვს.

„ამ 20 წუთის განმავლობაში ასი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა მოასწროს საწოლის გასწორება სპეციალური, „კონვერტის“ ფორმით, ტანსაცმლის გამოცვლა, პიჟამის გასახდელში წაღება, ტუალეტში შესვლა, კბილების გახეხვა და თმის დავარცხნა“, - ასე აღწერს მოთხოვნებს ყოფილი პატიმარი.

პატიმრების პირადი ნივთები ინახება ცალკე ოთახში, სპეციალურ კარადაში, რომლის გაღება მხოლოდ გარკვეულ საათებშია ნებადართული. ამასთან ამ კარადიდან ნივთებს მხოლოდ მორიგე ზედამხედველი გასცემს.

ასევე ნახეთ

„ბელარუსი ჩერნობილის ლაბორატორიაა“: სვიატლანა ალექსიევიჩი სამყაროზე, რომელიც „სიბნელეში ბრუნდება“

ზაფხულში დილის ადგომის პროცედურას კიდევ ერთი ფრაზა ემატება: „გამოცხადებულია დრეს-კოდი (ჩაცმულობა) ნომერი პირველი (მეორე, მესამე)“. ეს ნიშნავს, რომ იმ დღეს ყველა ვალდებულია ჩაიცვას კაბა, კაბა ჟაკეტთან ან ქვედაბოლო ჟაკეტთან ერთად. „ვარდისფერ კაბებს ყვავილებით „ბარბაროსულებს“ ვეძახდით“, - იხსენებს ნასტა ლოიკა. ჟაკეტი და ქვედაბოლო მომწვანო ფერის იყო. წლის თბილ პერიოდში ქალებს თავზე ვარდისფერი შარფის შემოხვევა ევალებათ.

„ნაცრისფერ“, ცივ სეზონზე - 15 ოქტომბრიდან 15 აპრილამდე - აუცილებელია ნაცრისფერი პალტოს, შავი ქუდისა და შავი კოლჰოტის ან ლეგინსის (leggings) ტარება. ხელთათმანებისა და შარფის ტარება ნებადართულია, თუმცა ისინი სადა უნდა იყოს. ფეხსაცმელიც სტანდარტულია - შავი. საცვლები ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. ნასტა ლოიკას განმარტებით, ქალები ადმინისტრაციას გრძელ შარვლებს სთხოვენ, რადგან მათში სიარული და მუშაობა უფრო მოსახერხებელია და ფეხებსაც არ უხეხავს. ტანსაცმლის გარეცხვა კვირაში ერთხელ, ბანაობის დღეს არის ნებადართული, თუმცა ზოგი სხვა დღეებშიც ახერხებს რეცხავს.

„გოგონებთან ვხუმრობდით, რომ დილით ტანსაცმლის შერჩევის პრობლემა არ გვქონდა. ჩვენ მაგივრად ყველაფერს სხვები წყვეტდნენ“, - იხსენებს ნასტა.

ყოფილი პატიმრის, პოლინა შარენდა-პანასიუკის თქმით, ზარეჩიეს კოლონიაში პატიმრის ფორმა გაცილებით გაცვეთილია. ხშირად ქალებს არასწორი ზომის ტანსაცმელს აძლევდნენ - ან ზედმეტად პატარას, ან ძალიან დიდს. ერთ მომენტში ქალებს ჩამოართვეს გაუმჭვირვალე საწვიმრებიც (მხოლოდ გამჭვირვალე საწვიმრების ტარების უფლება ჰქონდათ), რომლებიც მათ საათობრივი შემოწმებების დროს წვიმისგან იცავდა.

ყოფილი პოლიტპატიმრის, ალიონა გნაუკის პირადი ნივთები, რომელთა წამოღებაც მან კოლონიიდან შეძლო.

"6:15-6:20 საათზე ისმის საუზმის სიგნალი. ქალები ხუთ-ხუთად უნდა ჩადგნენ რიგში და მწყობრად წავიდნენ სასადილოში. საუზმე ყველასთვის ერთნაირია: რძიანი ფაფა, თეთრი პური და ჩაი. ბოლო მისულ რაზმებს საჭმელად დაახლოებით ათი წუთი რჩებათ. სასადილოში საკვების შეტანა წესების დარღვევაა. თუმცა ზოგიერთს მაინც შეჰქონდა თხილი ან სხვა რაღაც და მალულად ფაფაში ამატებდა", - ამბობს ნასტა. საუზმის შემდეგ ყველა თავის რაზმს უბრუნდება. ყავის მოსამზადებლად ან წასახემსებლად 5-10 წუთი აქვთ.

ფაბრიკა

გომელის კოლონიის ფაბრიკაში პირველი ცვლა დილის რვა საათზე იწყება. მანამდე მომუშავე ქალების ნახევარი გარეთ გადის და ჯგუფებად ეწყობა. პირველ რიგებში აუცილებლად უნდა იდგნენ ე.წ. „პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე მყოფები“ - ქალები, რომლებსაც ყვითელი იარლიყები აქვთ. ოცი წუთის განმავლობაში ინსპექტორები ხმამაღლა კითხულობენ მათ სახელებს. რაზეც პატიმარმა პასუხი უნდა გასცეს და ნაბიჯი წინ გადადგას. ამასობაში ჯგუფებში უკვე მეორე ცვლის ქალებიც იღვიძებენ და ისინიც ეწყობიან შემოწმებისთვის შიგნით.

კოლონიის ტერიტორია რამდენიმე ღობით არის შემოსაზღვრული. თუმცა იქიდან მაინც შეიძლება კოლონიის მიღმა ცხოვრების მცირე ნაწილის დანახვა მეზობელი მაღალსართულიანი სახლების, „გომსელმაშის“ და მაღაზია „ალმის“ სახით. გათავისუფლების შემდეგ ბევრი ქალი სწორედ ამ მაღაზიაში შევლას გეგმავს, რათა პიცა, წვენი, კენკრა, ნაყინი ან ბანანი იყიდოს - ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქტია. პატიმრები ზოგჯერ ასევე ხედავენ მოძრავ ავტომობილებს - ნაგავმზიდს ან პურის მანქანას. კოლონიის ტერიტორიაზეა ყვავილების ბაღები, რომლებსაც თავად პატიმრები უვლიან. თუმცა ყვავილის მოწყვეტა და ლარნაკში ჩადგმა აკრძალულია.

„ამ სახლების ფანჯრებს ვხედავთ. ადამიანები უამრავ გირლანდას, გულსა და ვარსკვლავს კიდებენ ახალ წელს, დღესასწაულებზე. გვგონია, რომ რაღაც წარმოუდგენლად მშვენიერს ვუყურებთ“, - იხსენებს ნასტა ლოიკა.

გომელის კოლონიაში ბევრი განსხვავებული სუნია. ზოგი მათგანი სასადილოდან მოდის - შემწვარი თევზისა და მჟავე კომბოსტოს სუნი. გაზაფხულზე კი - იასამნის არომატი. გალავნის მიღმა მდებარე „გომსელმაშიდან“ რეზინის სუნი აღწევს. ამას ემატება ტანსაცმლის არცთუ სასიამოვნო სუნი, რადგან ტანსაცმლის გარეცხვა ხშირად ვერ ხერხდება. სუნამოს გამოყენება აკრძალულია. ყოფილი პატიმრის, შარენდა-პანასიუკის მონათხრობის მიხედვით, ქალები სუნამოს შამპუნის, შხაპის გელის, საპნისა და წყლის ერთმანეთში შერევით ამზადებენ.

პოლინა შარენდა-პანასიუკი გომელის კოლონიის სამკერვალო სახელოსნოში. ბელორუსი პროპაგანდისტების ვიდეოს სქრინშოტი.

„გარეთ ტყისა და ასფალტის სუნი იდგა. დროდადრო საცხობიდანაც მოდიოდა სურნელი. სასადილოდან კი მჟავე კომბოსტოს სიმყრალე აღწევდა. ყაზარმებში მთავარი სუნი იყო ჭუჭყიანი ტანსაცმლისა, რომელიც წესიერად არასოდეს შრებოდა. პატიმარი ქალების უმეტესობა ტანსაცმელს რეცხავდა ძალიან მძაფრი სუნის სარეცხი ფხვნილით, რომელსაც „ტუზიკს“ ეძახდნენ. ამ ფხვნილით თვითონაც იბანდნენ. სწორედ ამიტომ იდგა ასეთი სიმყრალე“, - ასე აღწერს პოლინა ზარეჩიეს კოლონიას, რომლის ტერიტორიიდანაც მხოლოდ ტყე მოჩანს.

გომელის სასჯელაღსრულების კოლონიის თანამშრომლები ქარხნისკენ მიმავალ გზაზე ქალებს შერჩევით ამოწმებენ. მათ შეუძლიათ მთელი ბრიგადა გაჩხრიკონ, მთელი ბრიგადა გაატარონ ან მხოლოდ ის მსჯავრდადებულები შეამოწმონ, რომლებსაც ყვითელი იარლიყები აქვთ.

„როდესაც ქურთუკს გაიხსნით, ისინი გიმოწმებენ ჯიბეებს და ხელებით გისინჯავენ მთლიანად“, - აღწერს ნასტა.

ასევე ნახეთ

„თითქოს არც გამოვსულვარ ციხიდან“ - როგორ აკონტროლებენ ბელარუსში ყოფილ პოლიტპატიმრებს

ზამთარში შეიძლება თან იქონიო ხელთათმანები, სიგარეტი (არაუმეტეს ერთი კოლოფისა), სანთებელა და კიდევ ერთი სანთებელა. მთავარია, ჯიბეში უნდა გედოს საკუთარი კოვზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სადილის დროს ვერაფერს შეჭამ.

ქალების უმეტესობა მუშაობს სამკერვალო ფაბრიკაში, რომელსაც, ნასტას მოგონებით, სამოქალაქო პირი ხელმძღვანელობს. ქალები ჭრიან, კერავენ და აუთოებენ უნიფორმებს. ქსოვილის საჭრელი საამქრო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილად ითვლება. იქ თვეში 100 რუბლზე მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი (1 ბელარუსული რუბლი 0,9 ლარია) და ამ ფულით მაღაზიაშიც შეიძლება შესვლა. ეს შეღავათია იმ ქალებისთვის, რომლებსაც სახლიდან ფულის გადმორიცხვა ეკრძალებათ (ასეთებია „ტერორისტების სიაში“ შეყვანილები). უფრო მაღალ ხელფასს უხდიან შეკერილი ტანსაცმლის დაუთოებაში - „მათ, ვისაც ორთქლის არ ეშინია“. ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოა შეკერილი ტანსაცმლიდან ძაფების მოჭრა. ფაბრიკაში საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 20-30 რუბლია, მინიმალური კი - დაახლოებით ერთი რუბლი. ამასთან, პატიმარ ქალებს ხელფასის დიდი ნაწილი ალიმენტის სახით ექვითებათ.

ისინი, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქარხანაში მუშაობა არ შეუძლიათ, ხის საქსოვი ჩხირებით ჭურჭლის სახეხ ღრუბლებს ქსოვენ. ზოგი სანიტარულ განყოფილებაში მუშაობს, ზოგი - კლუბში, ზოგი კი კოლონიის ტერიტორიაზე სისუფთავეს იცავს. ზოგიერთი ქალი სასადილოში მუშაობს, ზოგიც კოლონიაში ბავშვებს უვლის. პენსიონერები სამუშაოდ არ დადიან. მათ მეტი თავისუფალი დრო აქვთ, თუმცა შეუძლიათ მორიგეობაში დაეხმარონ სხვებს ან ჭიშკართან დადგნენ.

ქარხანაში სამუშაო ცვლა რვა საათზე ნაკლებს გრძელდება. პირველი ცვლის თანამშრომლები საამქროებს დაახლოებით 15:00 საათზე ტოვებენ, შემდეგ სამუშაოდ მეორე ცვლა მიდის. სადილი შუადღესაა და დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.

იარლიყი, რომელიც ქალ პატიმრებს გისოსებს მიღმა ტანსაცმელზე ტარება ევალებათ.

ყოფილი პატიმრის, პოლინა შარენდა-პანასიუკის თქმით, N24 კოლონიაშიც ძირითადი სამუშაო სამკერვალო ფაბრიკაში სრულდება. კერავენ ფორმებს რუსი სამხედროებისთვის (ჯავშანჟილეტებს, ხელთათმანებს, ბალაკლავებს, საკაცეებს), რუსი პროკურორებისთვის, ბელარუსის უსაფრთხოების ძალებისთვის, კგბ-სა და სხვა სამსახურებისთვის. ლუკაშენკას დაცვის სამსახურის ფორმებსაც იქ კერავენ. ამ სამუშაოს ყველაზე გამოცდილი ოსტატები ასრულებენ - ისინი, ვისაც ხანგრძლივი ვადით აქვთ მისჯილი, მათ შორის მკვლელობისთვის. ასეთი პატიმრები თვეში 200-300 რუბლს გამოიმუშავებენ. თუმცა, რესპონდენტის თქმით, ამ თანხით რაზმისთვის ჩაიდნების, მაცივრებისა და სარეცხი მანქანების შეძენა უწევდათ.

N24 კოლონიაში ასევე არის საცხობი და სათბურები, სადაც კიტრი, პომიდორი, წიწაკა და მწვანილი მოჰყავთ. სათბურებისა და საცხობის პროდუქციის ნაწილი კოლონიის მაღაზიაში ხვდება, ნაწილი კი ქალაქში იყიდება. პურს სხვა კოლონიებშიც აგზავნიან. ზოგიერთი პატიმარი სწორედ სათბურებსა და საცხობში მუშაობს.

„პირობები ძალიან მძიმეა, ტემპერატურა მაღალია. ვნახე ქალი, რომელსაც მუშაობისგან მთელი სხეული ისე ჰქონდა გარუჯული, თითქოს სოლარიუმში ყოფილიყო“, - იხსენებს პოლინა, რომელიც თვითონაც საცხობში მუშაობდა.

დედები ბავშვებით, არასრულწლოვანები და ტუბერკულოზით დაავადებულები

დანაშაულები, რომელთა გამოც ქალები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, მათ იარლიყებსა და საწოლებზე მითითებულ წარწერებშია ასახული. თუმცა საქმის დეტალები ყველასთვის ცნობილი არ არის.

უფლებადამცველ ნასტა ლოიკას დაკვირვებით, გომელის კოლონიაში ქალების დაახლოებით ნახევარი სასჯელს 328-ე მუხლით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის იხდის. ადრე მათ ცალკე რაზმებში ათავსებდნენ, თუმცა 2019 წელს ეს პრაქტიკა შეწყდა. პატიმრობის სხვა მიზეზებს შორისაა მკვლელობა, ეკონომიკური დანაშაულები და სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება. ნასტას თქმით, როდესაც თავად ციხეში იმყოფებოდა, იქ დაახლოებით 200 „პოლიტიკური“ პატიმარი იყო. ამჟამად უფლებადამცველებს კოლონიაში 86 პოლიტიკური პატიმარი ჰყავთ აღრიცხული.

N4 კოლონიის ყოფილი პოლიტპატიმრის ნახატი

გომელის კოლონიაში ოცი რაზმია. პირველი საკარანტინოა, სადაც პატიმრები სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ პირველ ორ კვირას ატარებენ. მეათე რაზმი არასრულწლოვანი პატიმრებისთვისაა განკუთვნილი. ნასტა ლოიკას მოგონებით, სხვადასხვა დროს იქ რვიდან ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ქარხანაში 14 წლიდან მუშაობენ, თუმცა მათი სამუშაო დღე მოკლეა. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც „თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი“. მეთორმეტე რაზმი ტუბერკულოზით დაავადებული ქალებისთვის იყო განკუთვნილი. იქ ათზე ნაკლები პატიმარი იმყოფებოდა. მოგვიანებით ეს რაზმი დაშალეს. თუმცა ნასტამ არ იცის, სად გადაიყვანეს ეს ადამიანები.

მეთერთმეტე რაზმი იმ დედებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც ბავშვები ციხეში გააჩინეს. ნასტა ლოიკას თქმით, მისი პატიმრობის დროს, ასეთი ოცზე მეტი ქალი იყო. თუმცა მათგან მხოლოდ ათს შეეძლო სპეციალურ შენობაში - კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე ბავშვთა სახლში - ცხოვრება და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვს ერთი წელი შეუსრულდებოდა. “ბავშვთა სახლი” - კოლონიის ერთ-ერთი უახლესი შენობაა. დანარჩენი დედები ჩვეულებრივ რაზმებში ცხოვრობენ. ბავშვებს კოლონიაში სამ წლამდე შეუძლიათ დარჩენა.

ასევე ნახეთ

სრული იზოლაცია - წამების ფორმა და სისტემური რეპრესიის მექანიზმი ბელარუსის ციხეებში

მშობიარობამდე სამი თვით ადრე და მშობიარობის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ქალებს სამუშაოდან ათავისუფლებენ. ამის შემდეგ კი, როგორც ყველა დანარჩენი პატიმარი, ისინი ქარხანაში მიდიან სამუშაოდ. ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში დედებს ეკრძალებათ შვილის ხელში აყვანა. ასევე არ აქვთ უფლება, ბავშვთან ერთად ერთ საწოლში ან თუნდაც ერთ ოთახში დაიძინონ. დედებს ჩვილების გამოკვება დღეში რამდენჯერმე შეუძლიათ, თუმცა არა დედის რძით, არამედ მხოლოდ რძის ნარევით. დანარჩენ დროს ბავშვებს სამოქალაქო პერსონალი უვლის. ნასტა ლოიკას თქმით, პატიმარ დედებს კოლონიის რამდენიმე ადგილიდან, თუ გაუმართლებთ, შეუძლიათ ჩვილების დანახვა ან მათი ტირილის მოსმენა.

„ეს ყველაზე საშინელებაა, რადგან ბავშვის ცხოვრების პირველი წელი მისი ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბავშვს დედის სითბოს შეგრძნება სჭირდება. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი შეზღუდვაა“, - ამბობს უფლებადამცველი ბავშვების ხელში აყვანის აკრძალვაზე.

N24 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათი განყოფილებაა. ცალკე განყოფილებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. აქ ცალკე განყოფილებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ამ განყოფილებაში ათავსებენ ქალებს, რომლებიც ყავარჯნებით გადაადგილებიან, ერთი თვალი ან ხელზე თითები აკლიათ, – განმარტავს პოლინა შარენდა-პანასიუკი, ყოფილი პატიმარი, - ისინიც მუშაობენ, თუმცა კერვის ნაცვლად კონვერტებს აწებებენ. N24 კოლონიაში არასრულწლოვანები და ბავშვებთან ერთად მყოფი დედები არ არიან. ნარკოტიკული ან ეკონომიკური დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული ქალები შედარებით უზრუნველყოფილებად ითვლებიან, რადგან მათ თავისუფლებაზე მყოფი ახლობლები ურიცხავენ ფულს. 174-ე მუხლით მსჯავრდადებულ ქალებს კი ხელფასის თითქმის მთელ თანხას ართმევენ და, როგორც პოლინა ამბობს, „ისინი ფაქტობრივად არაფრის ამარა რჩებიან“.

N4 კოლონიის ყოფილი პოლიტპატიმრის ნახატი

პოლინა შარენდა-პანასიუკის თქმით, ერთი მხრივ, ზარეჩიეს კოლონიაში რეჟიმი უფრო მკაცრია და ქალებს ხშირად აგზავნიან წინასწარი დაკავების იზოლატორში, რადგან იქ „რეციდივისტები“ არიან მოთავსებული. მაგრამ მეორე მხრივ, ამ კოლონიის პატიმრებს ადმინისტრაციის ნაკლებად ეშინიათ და უფრო ხშირად აკეთებენ იმას, რაც გომელის კოლონიაში აკრძალულია - მაგალითად, ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად მიირთმევენ.

„ეს პარადოქსია. ერთი მხრივ, აქ რეჟიმი უფრო არაადამიანურია. მეორე მხრივ, ამ ქალებს უკვე ბევრი რამ აქვთ ნანახი და გადატანილი, ამიტომ მათი დაშინება ძნელია“, - აღნიშნავს ყოფილი პატიმარი.

მისი თქმით, ზარეჩიეს კოლონიაში პატიმრები პოლიტიკური მუხლებით მსჯავრდებულებს უკეთ ეპყრობოდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ისინი წესიერად იქცეოდნენ (არ იპარავდნენ) და სასჯელაღსრულების კოლონიაში უსამართლოდ იყვნენ მოხვედრილი. „პოლიტიკურ“ პატიმრებს ინფორმატორების შესახებაც აფრთხილებდნენ და მათ პროვოცირებაზეც უარს ამბობდნენ.

ასევე ნახეთ

2020-ში დაკავება, 2024-ში დაპატიმრება, 2025-ში ემიგრაცია -  21 წლის ბელარუსელი „ტერორისტის“ ამბავი 

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, იქ ყოფნა უფრო ადვილი იყო“, - ასე აფასებს ყოფილი პოლიტპატიმარი N24 კოლონიაში ყოფნის გამოცდილებას.

პოლინას თქმით, სასჯელის სახით მსჯავრდადებულ ქალს შესაძლოა ტუალეტის დასუფთავება დაევალოს. თუმცა სხვა პატიმრები ამას სტატუსის დაქვეითებად არ აღიქვამდნენ, როგორც ეს მამაკაცთა კოლონიებში ხდება. პოლინას განმარტებით, ქალთა კოლონიაში ასეთი იერარქია უბრალოდ არ არსებობს. მისი დაკვირვებით, მსჯავრდადებულებს შორის მთავარი განსხვავება, სიმდიდრე და სიღარიბეა.

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ქალი იმყოფება ამჟამად ბელარუსის სასჯელაღსრულების კოლონიებში, არ ქვეყნდება. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინფორმაციით, გომელის N4 კოლონიაში პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 1200-3000-ის ფარგლებში მერყეობს. ყოფილი პოლიტპატიმრისა და უფლებადამცველის, მარფა რაბკოვას ინფორმაციით, გომელის კოლონიაში ცოტა ხნის წინ დაახლოებით 1350 ქალი იმყოფებოდა, N24 კოლონიაში კი - დაახლოებით 700-900 ქალი. პოლინა შარენდა-პანასიუკის თქმით, მისი პატიმრობის დროს, ზარეჩიეს კოლონიაში დაახლოებით 870 პატიმარი იყო.

საჭმელი, აბანო და სატელეფონო ზარები

კოლონიაში სადილი, როგორც წესი, შუადღესაა. სადილის მენიუში შეიძლება იყოს: წვნიანი, ერთი ნაჭერი შავი და ერთი ნაჭერი თეთრი პური, ბარდა ხორცით, ხორციანი ფარში, თევზი კარტოფილის პიურესთან ერთად, ფაფა კატლეტით, მოშუშული კარტოფილი მწნილეულობასა და ხორცთან ერთად, „ბაბკა“ (კარტოფილის ღვეზელი) და ა.შ. .

„ბაბკა“ არ გვიყვარდა, რადგან მისი მომზადება ძალიან რთული იყო - უამრავი კარტოფილის გაფცქვნა გვიწევდა, მერე ამ კარტოფილის გახეხვა და ხორცთან ერთად ღუმელში გამოცხობა“, - იხსენებს ნასტა ლოიკა.

ვახშმად მენიუში შეიძლებოდა ყოფილიყო: მაკარონს ხორცით ან ბრინჯს თევზით. არსებობს პროდუქტები, რომლებიც კოლონიაში საერთოდ არ არის. მათ არც მენიუში რთავენ, არც სასურსათო ამანათებით ატარებენ და არც მაღაზიაში შეაქვთ. ასეთია, მაგალითად, კენკრა. ბოსტნეული და ხილი ციხის მაღაზიაში სამშაბათობით შეაქვთ. თუმცა იმ რაზმებს, რომლებსაც ხუთშაბათობით უწევთ მაღაზიაში პროდუქტების შეძენა, როგორც წესი, აღარაფერი ხვდებათ.

N4 კოლონიის ყოფილი პოლიტპატიმრის ნახატი

პოლინა შარენდა-პანასიუკი ამბობს, რომ N24 კოლონიის პატიმრებს სამჯერ აძლევდნენ ცივ ხორცს. კითხვაზე: „კვირაში სამჯერ თუ თვეში სამჯერ?“ - ყოფილმა პატიმარმა უპასუხა: „წელიწადში სამჯერ“. ზოგჯერ ქალებს დამპალი ხახვის, სტაფილოს, ჭარხლისა და კომბოსტოს დასახარისხებლად აგზავნიდნენ.

„უბრალოდ იღებენ ამ ჭარხალს ან სტაფილოს, ყველაფერს, რაც მიწაში იზრდება, შეძლებისდაგვარად ასუფთავებენ, ფხეკენ და შემდეგ ამ ჭუჭყიან ბოსტნეულს ჭამენ. ხახვსაც ფცქვნიან და ჭამენ, კომბოსტოსაც“, - ასე აღწერს პოლინა პატიმარი ქალების მცდელობას მიეღოთ საჭირო ვიტამინები.

„კოლონიებში ვიტამინებით მდიდარი საკვები საკმარისი არ არის“, – ასკვნიან ყოფილი პატიმრები.

მსჯავრდადებულ ქალებს უფლება აქვთ სამ თვეში ერთხელ ნათესავებისგან მიიღონ 50 კგ-მდე წონის სასურსათო ამანათი, ექვს თვეში ერთხელ კი - 50 კგ-მდე წონის პირადი ნივთების ამანათი და ორ კილოგრამამდე წონის გზავნილი. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ პატიმარს დარღვევა არ აქვს და ადმინისტრაციაც წინააღმდეგი არ არის.

სადილის შემდეგ პირველი ცვლის პატიმრებს რაზმში 30-40 წუთი თავისუფალი დრო აქვთ, თუკი მათ რაიმე არასტანდარტული სამუშაოს ან მორიგეობის შესასრულებლად არ გაიყვანენ. ამ დროს პატიმრებს შეუძლიათ წაიხემსონ, ჩაი დალიონ, წიგნი წაიკითხონ ან წერილი დაწერონ.

16:00 საათზე მეორე შემოწმება ტარდება, რომელსაც გარეთ მორიგეობა ახლავს. სადილის შემდეგ პატიმრები ვალდებული არიან ტელევიზორში უყურონ პროფილაქტიკურ და საგანმანათლებლო გადაცემებს, სახელწოდებით „ვექტორი“. ეს შეიძლება იყოს ფილმი ნარკოტიკების საფრთხეებზე ან სხვა ვიდეორგოლები, რომლებიც ქალ პატიმართა გამოსწორებას ისახავს მიზნად. „ვექტორის“ ჩვენებებს შორის ვახშამია. ზარეჩიეს კოლონიაში „ვექტორის“ ყურება სავალდებულო არ არის. იქ ტელევიზორში რუსულ სერიალებსა და ტოქშოუებს უყურებენ. 20:00 საათზე მესამე შემოწმება ტარდება, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც „პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე“ იმყოფება.

ასევე ნახეთ

„საკანი დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც თავად ციხანოუსკი“. როგორ ცხოვრობს უკვე ორი წელი ციხეში ბლოგერი სიარჰეი ციხანოუსკი

კიდევ რისი გაკეთება შეიძლება თავისუფალ დროს? პატიმრების განკარგულებაშია ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, ეკლესია, კლუბი, სადაც თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ღონისძიება იმართება: კონცერტები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (КВН) შეხვედრები, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. თუმცა პოლიტიკური პატიმრებისთვის ეს ყველაფერი ხშირად მიუწვდომელია.

კვირის ზოგიერთი დღე განსხვავებულია სხვა დღეებისგან. კვირა დასვენების ერთადერთი დღეა. თუმცა ყოველთვის ასე არაა - ხანდახან პატიმარი ქალები კვირა დღესაც მუშაობენ. კვირაობით ქალები ასევე მიდიან აბანოში - თითოეულ ბრიგადას კვირაში ერთი განსაზღვრული დღე აქვს. ტანსაცმლის გახდისთვის, დაბანისა და ჩაცმისთვის სულ 15 წუთია გამოყოფილი. ბრიგადა აბანოში რამდენჯერმე შედის. ჩვეულებრივ, საშხაპე კაბინები საკმარისია. კვირის განმავლობაში კიდევ ერთი დღეა, როდესაც პატიმარ ქალებს რაზმში, ხელსაბანთან ან ტაშტში შეუძლიათ დაიბანონ.

„აბანოში წასვლის დღე თავისთავად ცოტა უფრო სასიამოვნოა“, – აღნიშნავს ნასტა ლოიკა.

სასიამოვნო დღეებს შორისაა მაღაზიაში წასვლის დღე, რომელიც ასევე კვირაში ერთხელაა. ნათესავებთან შეხვედრის დღეც - ასეთი დღე თვეში სამი შეიძლება იყოს. ახლობლებთან ხანგრძლივი პაემნები, რომლებიც ერთიდან სამ დღემდე გრძელდება და წელიწადში მხოლოდ სამია. ამდენჯერვე შეიძლება ხანმოკლე პაემნებით სარგებლობაც. ეს ყველაფერი იმ პირობით, რომ პატიმარს სასჯელი ან დისციპლინური სახდელი არ აქვს დაკისრებული და არ არის ჩამორთმეული მაღაზიაში რაიმეს შეძენის ან სახლში დარეკვის უფლება.

საღამოს ერთი საათი აქვთ ქალებს იმისთვის, რომ, სურვილის შემთხვევაში, უნიფორმა გაიხადონ და მუქ სპორტულ კოსტიუმში გამოეწყონ. თუმცა ტანსაცმელს ყველა ვარიანტში უნდა ჰქონდეს მიკერებული სპეციალური იარლიყი. ნასტა ლოიკა ამბობს, რომ ამ უხერხულობის გამო საღამოობით ტანსაცმელს თითქმის არასოდეს იცვლიდა.

დარღვევები

კოლონიაში პატიმარმა ქალმა დღის განმავლობაში შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს, რის გამოც კარცერში გაგზავნიან. კარცერი - ეს არის ცივი, ბეტონის ოთახი, რომელშიც განსაკუთრებულად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კოლონიაში დარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედებებიც, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში სრულიად ნორმალურია: ვინმეს ჩახუტება, სხვისთვის საკუთარი ფინჯნიდან ყავით ან კანფეტით გამასპინძლება, ტუალეტის ქაღალდის სესხება, კაბის ზედა ღილის შეხსნა, მისალოცი ბარათის ჩუქება, შემოწმების დროს საუბარი ან საკუთარი აზრის გამოთქმა. ზოგჯერ ადმინისტრაცია ამ „დარღვევებს“ ყურადღებას არ აქცევს, ზოგჯერ კი ისინი დასჯის საბაბი ხდება.

უფლებადამცველი ნასტა ლოიკა მიიჩნევს, რომ გისოსებს მიღმა მყოფი ქალების უფლებები ხშირად და უხეშად ირღვევა. მისი თქმით, დარღვევების ჩამონათვალი ძალიან გრძელია. ერთ-ერთი პრობლემაა გენდერული მგრძნობელობის არარსებობა. მართალია, პატიმარ ქალებთან შეხებისა და მათი გაშიშვლების უფლება მხოლოდ თანამშრომელ ქალებს აქვთ, მაგრამ მამაკაც თანამშრომლებს შეუძლიათ სხვადასხვა საკანში მყოფ პატიმრებს ვიდეოკამერების საშუალებით უთვალთვალონ.

ყოფილი პოლიტპატიმარი მარია კალესნიკავა მამას, ალექსანდრეს, საპატიმრო განყოფილებაში შეხვდა. სქრინშოტი პროსამთავრობო ტელეგრ-არხების ვიდეოდან. 2022 წლის 5 დეკემბერი.

„როდესაც საღამოს ვბრუნდებოდით, ქალები ტანსაცმელს იცვლიდნენ. ერთ-ერთი თანამშრომელი მხოლოდ კი არ გვაკვირდებოდა (ვიდეოკამერების საშუალებით – რ.თ.), არამედ კომენტარებსაც აკეთებდა, მაგალითად, რომ ვიღაცას საცვლები დახეული ჰქონდა და კიდევ სხვა რაღაცებს ამბობდა. სრულიად არასასიამოვნო რამეებს. ზოგიერთი მამაკაცი თანამშრომელი თავს უფლებას აძლევდა, ქარხანაში ხელსაბანების ან თუნდაც ტუალეტების შესამოწმებლად შესულიყო“, - იხსენებს ყოფილი პატიმარი ქალი.

ერთ-ერთმა ოფიცერმა მსჯავრდადებულ ქალს ტანსაცმლიდან რამდენჯერმე ააგლიჯა სავალდებულო იარლიყი, რადგან, მისი აზრით, ის ოდნავ მრუდედ იყო მიკერებული. ნასტა ლოიკა იხსენებს, რამდენად უსიამოვნო იყო ეს.

ქალებს „ჰუმანიტარული პაკეტიდან“ თვეში მხოლოდ ათ ჰიგიენურ საფენს და ტუალეტის ქაღალდის ერთ პატარა რულონს აძლევენ. დანარჩენის შეძენა მაღაზიაში შეუძლიათ. თუ პატიმარი კარცერში იმყოფება, მას დამატებითი ჰიგიენური საშუალებების შოვნის საშუალება არ აქვს. გამოყოფილი რაოდენობა კი, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამასთან საფენების თან ტარება აკრძალულია.

პოლინა შარენდა-პანასიუკის თქმით, N24 კოლონიაში პატიმრები საწოლში ვერ დარჩებიან ავადმყოფობის შემთხვევაში. მაღალი სიცხის მქონე ქალებიც კი ვალდებული არიან სამუშაოდ წავიდნენ. სამედიცინო პუნქტში მოხვედრა მხოლოდ ისეთი შემთხვევაშია შესაძლებელი, როგორიცაა, მაგალითად, ფაბრიკაში საკერავი მანქანით ხელის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში, ავადმყოფებს მხოლოდ ორ აბს აძლევენ - იბუპროფენს ან ტკივილგამაყუჩებელს. ყოფილი პატიმრის თქმით, კოლონიაში ყოფნის პერიოდში ორი ქალი პატიმარი გარდაიცვალა.

კოლონიაში ქალებს უწევთ არაპროპორციულად დიდი მოცულობის მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება. N24 კოლონიაში ქალებს 350 კილოგრამის წონის ტექნიკური ტვირთის გადმოტვირთვას ავალებდნენ. რამდენიმე მათგანი ცხენივით უღელში შეაბეს და ასეთი ტვირთის გადატანა აიძულეს. ქალებს ასევე ხელით უწევდათ ასფალტის დამტვრევა და მისი ნამსხვრევების გატანა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრები ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან იმის გამოც, რომ მათ ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ქალებთან ერთად ათავსებენ. ეს ქალები აგრესიულად იქცევიან, ყვირიან, თავს ესხმიან სხვებს, ჩხუბობენ, თვეობით არ იბანენ და სხვის ნივთებსაც იპარავენ.

„ოთახში თეფშები დაფრინავს. გარემო ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჰგავს“, - ამბობს პოლინა.

კოლონიაში პატიმარ ქალს პრაქტიკულად არსად აქვს პირადი სივრცე.

„ყველას თვალწინ იცვლით ტანსაცმელს, ყველას თვალწინ იბანთ პირს, პირადი ცხოვრება საერთოდ არ გაქვთ“, - ამბობს ნასტა.

პოლინა შარენდა-პანასიუკს მიაჩნია, რომ ბელარუსის ქალთა კოლონიებს ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის. ყოფილი პოლიტპატიმრის აზრით, ეს დაწესებულებები საერთოდ უნდა გაუქმდეს.

„ყველა ქალი ოცნებობს, რომ ეს კოლონიები აღარ არსებობდეს. ისინი ამბობდნენ: გვესმის, თუ რაიმე დანაშაული ჩავიდინეთ, ციხეში უნდა ვისხდეთ და თანახმა ვართ, რომ ოთხ კედელში გამოგვკეტონ. მაგრამ ეს უნდა იყოს ციხე და არა კოლონია, სადაც ასე დაგვცინიან და სადაც უბრალოდ მონები ვართ. პატიმართა შრომის კომერციული გამოყენება სრულიად დაუშვებელია. ეს უბრალოდ გულაგია - უფასო შრომა, რომლითაც რეჟიმი ფულს შოულობს“, - აჯამებს პოლინა შარენდა-პანასიუკი.

საღამოს, მესამე შემოწმების შემდეგ, ქალებს ძილისთვის მომზადების დრო აქვთ: კბილებს იხეხავენ და კარადიდან პიჟამებს იღებენ. 21:30 საათზე იძინებენ. 22:00 საათზე მეორე ცვლის მუშაკები თავიანთ საცხოვრებელ შენობებში ბრუნდებიან.

„გზის ნაწილის გავლისა და თავიანთ ადგილებამდე მიახლოებისას ჯგუფი იშლება. ყველაზე ჯანმრთელები და სწრაფები წინ გარბიან. სულ უფრო და უფრო აჩქარებენ ნაბიჯს, რათა პირველებმა მიაღწიონ მიზანს და მოასწრონ სხვებს ხელსაბანამდე, პირველებმა დაიბანონ სახე, ხელები და ფეხები. მერე სწრაფად გარბიან სამზარეულოში, რთავენ ჩაიდნებს და ჩაის დალევასაც ასწრებენ სხვებს. ეს ყველაფერი ცოტა კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ამ კომიკურობის მიღმა ადამიანური ტრაგედია იმალება“, - იხსენებს პოლინა, ყოფილი პოლიტპატიმარი.

ღამით შუქს აქრობენ საძინებლებში. მაგრამ სანამ თქვენ გძინავთ, მცველები ფანრებით დადიან ოთახებში და ამოწმებენ, ყველაფერი რიგზეა თუ არა.

ასევე ნახეთ

ბელარუსში ქალები წინააღმდეგობის მოძრაობის წინა ხაზზე დგანან