მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ასევე ჩამოართმევენ ორ ავტომობილსა და 30 000 აშშ დოლარს.
კილაძის განაჩენი 2026 წლის 17 ნოემბერს, – ჟურნალისტის დაკავებიდან ცხრა თვის თავზე, – გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ელისო კილაძემ თქვა:
„ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე. ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისთვის, ქრონიკა პლუსის დასახურად“.
- „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალდებულები არიან ბიზნესმენები, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
- ჯამში ცხრა ადამიანის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გრძელდება.
- ამასთან, სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს მსგავსი ბრალდებით უკვე მიუსაჯეს 13 წლით პატიმრობა.
10 წელი: „თაღლითობა“ და „ფულის გათეთრება“
ელისო კილაძის საქმე, ბრალდებულის პროტესტის მიუხედავად, 9 თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. სასამართლო მხოლოდ განაჩენის გამოცხადებისას გაიხსნა მედიისათვის.
კილაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით:
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
მოსამართლემ ის ორივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ.
მუხლი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში კვლავ უარყო ბრალი და „ქართული ოცნებისგან“, კერძოდ კი სუს-ის ყოფილი უფროსისგან, მამუკა მდინარაძისგან პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა (რასაც მდინარაძე უარყოფდა).
ასევე ნახეთ
„მამუკა მდინარაძის ტყვე ვარ“ - ელისო კილაძის ეპიზოდი „ქოლცენტრების“ დიდ საქმეს გამოეყო, განხილვა დაიხურა„არ ვაპირებ საპროცესოს“ - კილაძე
ელისო კილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას განიხილავს:
„ბრალს არ ვაღიარებ. დამნაშავე არა ვარ. არ ვაპირებ, თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე“, – თქვა მან.
„მამუკა მდინარაძის სცენარი“ - კილაძის დასკვნითი სიტყვა
„თქვენო ღირსებავ, ვთვლი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია“ – მიმართა ელისო კილაძემ სასამართლოს და განაცხადა, რომ ამ სიტყვას ამბობს „ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის“.
სხდომის ეს ნაწილიც დახურული იყო, – მისი დაწერილი სიტყვა ადვოკატმა გააცნო ჟურნალისტებს.
„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ჩემს რეპუტაციას, პრინციპებს, სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე. ამ საქმით სწორედ ამ მონაპოვარს ანადგურებენ“, - თქვა მან.
„პროცესი დახურეს, იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე. მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა, რომ „ქოლცენტრების“ მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი“, – თქვა მან.
„რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში. მენატრებოდა შვილების ხმის გაგონება. ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატებას გამოვაკლდი, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა, მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც, კვირიდან კვირამდე, ადვოკატების მეშვეობით აღწევდა ჩემთან“, – განაცხადა კილაძემ.
ელისო კილაძეს პატიმრობა მიუსაჯეს
„არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი. და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – თქვა მან, რის შემდეგაც კვლავ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე:
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს უფროსი მამუკა მდინარაძე. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი გიორგი გვარაკიძე [გენერალური პროკურორი]“.
„მიზანი მიღწეულია, რედაქცია დანგრეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტს ჯერ კიდევ 19 თებერვალს უპასუხა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ - მისი შეფასებით, ჟურნალისტის ბრალდებები მდინარაძის მისამართით „აბსურდია“ და „როცა არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება“.
„ქოლცენტრების საქმე“
2026 წლის 18 თებერვალს პროკურატურაში განაცხადეს, რომ „2020-2023 წლებში ქოლ-ცენტრებთან გამოცხადებული სამართლებრივი ბრძოლის“ მიუხედავად, ქვეყანაში მაინც არსებობდა „რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი“.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, მათი უმრავლესობა „ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა“. ეს მედიები ან პირთა ჯგუფი არ დაუსახელებია.
მისი თქმითვე, „შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ“.
ასევე ნახეთ
ელისო კილაძეს, ფარცხალაძესა და მიქაძეებს „ქოლცენტრებზე“ ედავებიანმაღალჩინოსნები და ბიზნესმენები
თუმცა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდება ცალკე იყო და ამ საქმესთან პირდაპირი სამართლებრივი კვეთა არ აქვს. 2025 წლის 23 დეკემბერს დაპატიმრებულ ლილუაშვილს 2026 წლის 16 სექტემბერს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კილაძე კი ფარცხალაძის გარემოცვის წევრებთან ერთად დაასახელეს. მომიჯნავე საქმეზე ბრალდებულები არიან:
- აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, – რომელსაც „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვისაც ეძებენ;
- ფარცხალაძის დიდი ხნის მეგობარი, მიხეილ ჩოხელი;
- მისი გარემოცვის წევრები, ბიზნესმენი ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, – რომლებიც ასევე ჯანგველაძის საქმეზე არიან მსჯავრდადებულები; ასევე, ირაკლი სეხნიაშვილი;
- ბიზნესმენები, ბენ ანორი, გივი ჯიბლაძე („სვეტის“ დირექტორი), გიორგი კამლაძე და თორნიკე ჯანელიძე – სწორედ ამ ოთხეულის ჩვენებებია საქმეში; მათ „ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან“ და არც წინასწარი პატიმრობა შეუფარდებიათ.
გამოძიების ვერსიით, მათ 2020-23 წლებში ორგანიზებული ჯგუფი „მოტყუებით დაეუფლნა“ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
ფარცხალაძე, დავით მიქაძე და მიხეილ ჩოხელი საზღვარგარეთ მიმალვაში არიან.
ასევე ნახეთ
მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?რას ედავებოდნენ კილაძეს?
გამოძიების ვერსიით, ელისო კილაძე საქმეში ერთვებოდა ამა თუ იმ „ქოლცენტრის“ საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში“:
„სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას“, - ასეთია პროკურატურის ვერსია
„ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - ეწერა პროკურატურის ბრალდებაში.
ასევე ნახეთ
ელისო კილაძეს და 5 ბრალდებულს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს, - ზოგიერთს დაუსწრებლადგივი ჯიბლაძის ჩვენებით, ის 5000 აშშ დოლარს ყოველთვიურად უხდიდა კილაძეს, „რის სანაცვლოდაც ელისო კილაძე უზრუნველყოფდა ჩემი და ჩემი თაღლითური ქოლ-ცენტრების საჯარო სივრცეში საინფორმაციო მხარდაჭერას მის ხელთ არსებული საშუალებებით“.
მისი ჩვენებითვე, „ოთარ ფარცხალაძე ელისო კილაძეს იყენებდა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, რაშიც მას 7000 დოლარს უხდიდა“.
თავის მხრივ, კილაძე ჩვენებაში ამბობს, რომ გივი ჯიბლაძისგან $5000-ს ყოველთვიურად სარეკლამო მომსახურებისთვის იღებდა, რითაც თანამშრომელთა ხელფასებს იხდიდა, თუმცა „ქოლცენტრებთან“ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ჯიბლაძე და კილაძე. 16.06.2023. კილაძე ამ ფოტოთი გამოეხმაურა ცნობას, რომ „ბაჰამაზე“ ისვენებდა და ირონიით დაწერა: „რაის შვებულება და დასვენება თქვენს ხელში. ბაჰამის პიკანტური ფოტოები არა სტაფილო! ფანჯიკიძის 1 -ში ვზივართ"ქოლცენტრში"-მე და ჯიბო, პენსიონრების ძარცვის გეგმებს ვაწყობთ“
„ეს არის $5000-იანი ჰონორარი შემოსავალი, რომელიც მას პირადად არ ხმარდებოდა. ელისო კილაძე ხელმძღვანელობდა 18 ადამიანით დაკომპლექტებულ ბეჭდურ მედიას და, რა თქმა უნდა, ხელფასს იღებდნენ და ეს ხელფასი იყო ეს თანხა“, – ამბობდა კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
რაც შეეხება ფარცხალაძისგან რაიმე თანხის აღებას, ისევე, როგორც მასთან პირად ნაცნობობას – კილაძე კატეგორიულად უარყოფდა.
ასევე ნახეთ
სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმევინ არის ელისო კილაძე?
- ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორი იყო;
- მისი გავრცელებული სკანდალური თუ ექსკლუზიური ცნობები, რომელთა გადამოწმება უმეტესად რთული ან შეუძლებელი იყო; ჟურნალისტი ფარული წყაროების ცნობებს ეყრდნობოდა. „სახელმწიფო სტრუქტურებში ჩიტები მყავს“, - ამბობდა ელისო კილაძე.
- ბოლო დროს აშუქებდა კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს და სასამართლო პროცესებს – და პროკურატურას „საქმის შეკერვაში“ სდებდა ბრალს. აცხადებდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებულის, დავით მიქაძის მეგობარია, ხოლო გიორგი მიქაძეს და ოთარ ფარცხალაძეს არც იცნობდა.
ასევე ნახეთ
„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავესბიზნესმენის ჩვენება სქემის ზოგად მუშაობაზე
საქმე დახურული იყო. „ფორმულაში“ გაჟონილი ჩვენებების თანახმად, გივი ჯიბლაძე ამბობდა:
- „თითოეული დიდი ზომის ქოლ-ცენტრიდან ჩვენ შემოსავალი გვქონდა ყოველთვიურად საშუალოდ 1 000 000 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
- ეს იყო სრული შემოსავალი, რომელიც შემდგომში ნაწილდებოდა კონკრეტული პროცენტებთ.
- ბრუნვის 10%-ს უხდიდნენ ფარცხალაძეს“, – ხოლო ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილი მოგება გარკვეული სქემის ნაწილდებოდა.
მასალების თანახმად, ბენ ანორმა და გივი ჯიბლაძემ პირველი ქოლცენტრი 2020 წელს გახსნეს ბერბუკის ქუჩაზე, შემდეგ კი ოფისები დაემატა ვაჟა ფშაველა, ასათიანის ქუჩაზე, სანაპიროსა და ბულაჩაურს ქუჩაზე.
ამონარიდი ჯიბლაძის ჩვენებიდან: „მიხეილ ჩოხელს სხვადასხვა ქოლცენტრების უფროსები საქმის კურსსი ვაყენებდით, როცა ერთმანეთის თანამშრომლები მოგვყვადა ჩვენს ოფისში, ანუ ქოლცეტრიდან თანამშრომლის სხვა ქოლცენტრის გადაყვანის ფაქტი წინასწარი თანმხდებოდა მიხეილ ჩოხელთან“.
ჯიბლაძის ჩვენებითვე:
- ფარცხალაძე ქოლცენტრების მფლობელებს შუამავლის – ირაკლი სეხნიაშვილის, მიშა ჩოხელის ან ძმები მიქაძეების – მეშვეობით წინასწარ აგებინებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ან სუსი „ქოლცენტრების“ ჩხრეკას გეგმავდა.
- „ფინანსური პოლიციის“ თანამშრომლებმა ერთი ასეთი ჩხრეკისას უთთხრეს, რომ მეორე დღიდან არ ემუშავათ;
- ხუთ დღეში ჩხრეკა ჩაატარა შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ და წაიღო „ლიდები“, – პოტენციური კლიენტების მონაცემები, თუმცა „ირაკლი სეხნიაშვილმა დაურეკა ოთარ ფარცხალაძეს და მეხსიერების ბარათის დაბრუნება მოითხოვა“, რის შემდეგაც, „მეორე დღეს სეხნომ მიიტანა მეხისერების ბარათი, რაც პირადად გადასცა შალვა ბედოიძემ“; ბედოიძე დღეს შს მინისტრის მოადგილე აღარაა, თუმცა ბრალი არ წარუდგენიათ.
- „ფარცხალაძე [მოგებას] უნაწილებდა როგორც ლილუაშვილის, ისე ფინანსური პოლიციის უფროს სოსო რამიშვილს“; ლილუაშვილი, თავის მხრივ, ფარცხალაძის გადაცემულ რიცხვებს ამოწმებდა ბიძაშვილის, სანდრო ლილუაშვილის ხელით.
ფარცხალაძის ადვოკატის შეფასებით, როდესაც ბრალის დასადასტურებლად თითქოსდა დანაშაულში ჩართულ პირთა ჩვენებები მოჰყვათ, „სამართლებრივი აბსურდია“ და ეს არის „საქმე მტკიცებულებების გარეშე“.
სხვა ბრალდებულთა პოზიციით, ამ ოთხეულმა ჩვენებები „თავის გადარჩენის მიზნით“ მისცა გამოძიებას, მტკიცებულება ვერ იქნება და სასამართლო მას არ უნდა დაეყრდნოს.