მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”?

მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მთავრობაში სუსის მე-4 უფროსი იყო.

ბოლო სამ თვეში ორი ახალი თანამდებობა მისთვის შეიქმნა; მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე სწრაფად გაეზარდა წოდებები; სუსში თანამდებობის დატოვების შემდეგ, უკვე გენერალი მდინარაძე, კვლავ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახდა.

18 მაისს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, მამუკა მდინარაძემ პირველმა განაცხადა შსს-ს სისტემაში "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” შექმნის შესახებ. 28 ივლისს სამმართველოს მუშაობას შეშფოთებით გამოეხმაურა აშშ, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს.

  • უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე სექტემბრის პირველ კვირამდე რეგიონული განვითარების მინისტრად იმუშავებს, ვიდრე ეს სამინისტრო გაუქმდება;
  • შემდეგ მისი ტიტული კვლავ შეიცვლება და გახდება სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.

29 ივლისს, წარდგენისას, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მდინარაძის ბოლო თანამდებობა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ამიერიდან საჭირო საერთოდ აღარ იქნება, რადგან მდინარაძემ ეფექტიანი კოორდინირების სისტემა უკვე ჩამოაყალიბა. მას არ აუხსნია, რატომ გახდა საკადრო გადაწყვეტილება აუცილებელი საპარლამენტო პროცედურებამდე (სამინისტროს გაუქმება და სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა) და რას ცვლის მდინარაძის ნაჩქარევი გადაყვანა ახალ, დროებით თანამდებობაზე?

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა - ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება

დააწინაურეს თუ დააქვეითეს? - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ძალოვანი ბლოკიდან მამუკა მდინარაძის რეგიონების მიმართულებით გადაყვანას მოჰყვა.

“სადისკუსიო არაფერია” - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი.

“ძალოვანი სტრუქტურებიდან რომ გაგიშვებენ, ეს არ უნდა იყოს მისთვის [მამუკა მდინარაძისთვის] კარგი ნიშანი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყანაში შსს, პროკურატურა, უშიშროება და სასამართლო სისტემაა - კიდევ ცალკე… აშკარად ხდება მდინარაძის ჩამოცილება ძალაუფლების ოლიმპიდან”, - დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიღებულია; რატომ და რისთვის - შესაძლოა ამ ეტაპზე არც არავინ არ იცოდეს, თუმცა შესაძლოა სულაც “ფარულ ჩანაწერში მოუსმინა რაღაცას და იმაზე გაბრაზდა”.

“ბევრი ადამიანი ვიცი, ვისზეც ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულა და იმ ადამიანს მერე უთქვამს - ვერ გავიგე, ჩემზე რატომ გაბრაზდაო”, – ზურაბიშვილი ამატებს, რომ მამუკა მდინარაძისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის შენარჩუნება არაფერს ნიშნავს.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, მდინარაძის თანამდებობრივი ზიგზაგების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

დისკუსიებში გაჩენილ მოსაზრებაზე საპასუხოდ - რომ მდინარაძეს ივანიშვილი შესაძლოა სამომავლოდ მაღალი ან უმაღლესი თანამდებობისთვის “ინახავდეს” და ახლა უბრალოდ გაარიდა მწვავე და სადავო განცხადებებსა თუ ინიციატივებს - დავით ზურაბიშვილი იხსენებს არაერთ შემთხვევას, როდესაც განზე გაწეული ადამიანები ივანიშვილს თავის ორბიტაზე დაუბრუნებია. ასე იყო, მაგალითად, ორგზის პრემიერისა და ამჟამად პატიმრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც; თუმცა რასაც ზურაბიშვილი ამ ეტაპზე ხედავს, მდინარაძის მიმართ ივანიშვილის კეთილგანწყობაზე არ მეტყველებს:

“ადამიანი [მამუკა მდინარაძე] დაინიშნება იმ სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც მალე უნდა გაუქმდეს და ეს წინასწარ არის გამოცხადებული” და თუკი მისი მომავალი პოზიცია ასე მნიშვნელოვანია, "რატომ აძლევენ სახელმწიფო მინისტრის პოსტს და არა მინისტრისას".

29 ივლისს კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2026 წლის სექტემბერში საერთოდ გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო - რომელიც 2025 წლის აპრილში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო.

ასევე ნახეთ

სუსის 10 წელი, მე-4 უფროსი და განუზომელი უფლებები

ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში იხსენებენ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე 2025 წლის 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, წარადგინა - ამჟამად დაჭერილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო; 4 აპრილს კი კობახიძემ განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო ლილუაშვილი აღარ დაიკავებდა მინისტრის პოსტს. 2025 წლის ოქტომბერში ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, დეკემბერში კი ის დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მამუკა მდინარაძის დაქვეითებასა და გვერდზე გაწევაზე ლაპარაკობენ, რაც ზოგიერთებისთვის ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის მექანიზმის ირაკლი კობახიძისთვის ჩამორთმევასაც ნიშნავს.

მდინარაძის მიმართ კობახიძის კეთილგანწყობა და ნდობაც თვალსაჩინო იყო ბოლო წლებში: ბევრს მისი გაგენერლების მაგალითი მოჰყავს:

  • 2026 წლის 20 აპრილს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა, სუსის უფროსის პოსტიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე;
  • 2026 წლის 8 აპრილს მას სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა;
  • 2026 წლის 9 მარტს - სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის;
  • 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება მიენიჭა;
  • 2025 წლის 26 დეკემბერს [მეორე დღეს] კი - სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის;
  • 2025 წლის 23 ოქტომბერს მდინარაძეს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა;
  • 2025 წლის 3 სექტემბერს - სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი გახდა.

ასევე ნახეთ

სახელმწიფო დაცვის სამსახური დრონების საწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს - მდინარაძე

წოდებებივით სწრაფად იცვლებოდა მდინარაძის თანამდებობრივი სტატუსებიც:

მდინარაძე “ქართული ოცნების” მთავრობაში სუსის მე-4 უფროსი იყო. 6 წლით არჩეულმა, ამ პოზიციაზე მხოლოდ არასრული 8 თვე დაჰყო [2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე], პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელად და უმრავლესობის ლიდერად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. მანამდე სუსის უფროსის პოსტიდან წავიდა ასევე 6 წლით არჩეული ანრი ოხანაშვილი - არასრულ ხუთ თვეში.

  • სახელმწიფო მინისტრად სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მდინარაძე 3 თვეზე ოდნავ მეტ ხანს მუშაობდა;
  • ვიდრე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუქმნიან, დაახლოებით თვე-ნახევრიანი მუშაობა გამოუვა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე.

“გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო” – 29 ივლისს, ახალ პოსტზე წარდგენისას, მდინარაძემ თქვა, რომ ძველი პოსტიდან “თავაწეული” წამოვიდა და ახალ პოზიციაზეც “თავაწეული” აპირებს “დაუღალავ” ბრძოლას; მიზანი კი ასე ჩამოაყალიბა: “ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართლა იყოს ეფექტიანი”.

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ახალ პოსტზე წარდგენისას, მას უწოდა “განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი”, რომელსაც ყველაზე უკეთესად შეუძლია ამოცანას გაართვას თავი - ეფექტიან მართვას რეგიონებში.

მამუკა მდინარაძეს მხარს უჭერენ თანაგუნდელები.

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და სადაც თავისი კვალი დატოვა. მას მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი მხრიდან კი ყოველთვის ექნება სრული მხარდაჭერა, რათა ერთად კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი საქართველოს რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას”, - ვკითხულობთ “ქართული ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის ფეისბუკპოსტში. ის თავად პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანია.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძისგან რეგიონებში მუშაობის “შვეიცარიული საათის ისარივით” აწყობას მოელის.

“რეგიონებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის. ეს გამოწვევები არის როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიუროკრატიის დაჩქარებაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამართული იყოს. მამუკა მდინარაძე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ამ ყველაფერს იმ დონეზე გამართავს, რა დონეზეც ეს თეორიულად არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მოლოდინები ძალიან დიდია”, - ამბობს მაჭავარიანი.

ფაქტები ახლო წარსულიდან

მამუკა მდინარაძე პროფესიით იურისტია - 2016 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” გუნდში ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა - ჯერ მაჟორიტარი იყო, ხოლო მომდევნო ორ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიის მე-5 ნომრად დაასახელა. ძირითადად იყო “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი. გარკვეული პერიოდი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც.

ასევე ნახეთ

მდინარაძე ამბობს, რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის გაჩერებით თავიდან აირიდეს გაზაფხულის და შემოდგომის არეულობები

ასევე ნახეთ

რა დევს ხელისგულზე 4 ოქტომბერს? მდინარაძე ამბობს, რომ სქემები გაშიფრეს

მდინარაძე "მმართველი პარტიის" ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი იყო - თუმცა ამ ფუნქციას არ ასრულებდა სუსის უფროსობის დროს.

ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, "დიპ სტეიტსა" და საქართველოს ომში ჩართვაზე დაიწყო ლაპარაკი და ვინც საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა. 2022 წლის ივნისში ის ამბობდა, რომ საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნა ევროპარლამენტარებს სურთ. მას შემდეგ მისი ბრალდებებიც დამძიმდა და ადრესატთა წრეც გაფართოვდა.

ასევე ნახეთ

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო

ასევე ნახეთ

„ცენზურის მექანიზმი“ - უფლებადამცველები შსს-ში „კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნაზე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს პირველმა დააანონსა შსს-ს სისტემაში “სისტემური მონიტორინგის” სპეციალური სამმართველოს შექმნის გეგმა. ეს არის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო", რომელსაც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი “სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს უწოდებს და რომლის აქტიურობითაც უკვე ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს და დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტი - ვახო სანაია.

ამ სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს შეერთებული შტატები, რომელთანაც “ქართული ოცნება” ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან დაწყებას" ცდილობს.

აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.

ასევე ნახეთ

სუსის უფროსს აშშ-ში "სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ" - საელჩო