შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა.
განცხადების თანახმად, მხარეებმა „მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“. მთავრობა არ აკონკრეტებს, რას ეხება ეს შეთანხმებები.
საქართველოს მთავრობის განცხადება შინაარსით თითქმის იდენტურია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გავრცელებული განცხადებისა.
ასევე ნახეთ
„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზექართული მხარის ცნობით, ზურაბაშვილმა და გალუზინმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები განიხილეს.
„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის ცნობით, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზეც ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“, – წერია განცხადებაში.
ზურაბაშვილი და გალუზინი შეთანხმდნენ, რომ ამ ფორმატში შეხვედრებს გააგრძელებენ. მათ ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ასევე ნახეთ
„საქართველო გაიზარდა“ - რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკშიქართველი დიპლომატების კრიტიკა
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ განცხადებით გამოეხმაურა მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრას.
ორგანიზაციაში, რომელიც კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ „რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“.
ამასთან, მათი განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა.
„ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს" და რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება, ნაცვლად რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ დიალოგისა.
ასევე ნახეთ
მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია - „დიპლომატთა საზოგადოება“ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზემინსკი პრაღის ნაცვლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.
- რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს.
- მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ.
- მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.
რაც შეეხება მინსკს, - ბელარუსის დედაქალაქს, - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას:
„ჟენევის ფორმატი“ - ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ - წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.
რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას. ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.
გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.
ასევე ნახეთ
ზახაროვას მხარდაჭერა ფარცხალაძის ფონდს, პუტინის მადლობა მის თანამოაზრესკონტაქტები აღდგება
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა.
ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.
მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი.
- სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა;
- ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.
კრიტიკა მანდატის გაფართოების გამო
გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ 21 ოქტომბერსაც გააკრიტიკა.
ამ ჯგუფის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა.
„დიპლომატთა საზოგადოების“ შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, - რასაც ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ
ძებნილი ფარცხალაძე, რუსი მაღალჩინოსანი და მღვდელი – რაზე ისაუბრეს მოსკოვის ფორუმზე- ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უშლის ხელს.
- „აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.