პოლიტიკა უკრაინაში: მუშტებითა და წიხლებით!

ჩხუბი უკრაინის პარლამენტში 2017 წლის 6 ოქტომბერს. ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა დავას კანონზე, რომელიც ეხება უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. 
 

კომუნისტი პარლამენტარი ადამ მარტინიუკი (მარჯვნივ) რადიკალური ზომით ცდილობს რადიკალური პარტიის ლიდერის, ოლეგ ლიაშკოს გაჩუმებას 2011 წლის მაისში.

ერთი წლის შემდეგ ლიაშკომ შური იძია იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეზე: მას ჩაი შეასხა! სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდა კომუნისტი დეპუტატის კომპიუტერი. 

უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზი 2010 წლის აპრილში: მუშტი-კრივი, მოგუდვის ილეთი და იარაღად გარდაქმნილი ბოთლი. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი გახდა გადაწყვეტილება, რუსეთისათვის გაეგრძელებინათ ყირიმში სამხედრო-საზღვაო ბაზით სარგებლობის ვადა.

2010 წლის აპრილში ყველას ვერ უშველა ქოლგამ კვერცხების მოსაგერიებლად. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს მთელი ყირიმის ანექსია მოახდინა, დიდად აღარავის აინტერესებს, რამდენი ხნით გაუგრძელდა რუსეთის ფლოტს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარა.

2012 წლის დეკემბერში დაპირისპირება გაიშალა ორ „ფრონტზე“: პარლამენტის შიგნით დეპუტატები ერთმანეთს მუშტებით უმასპინძლდებოდნენ, ხოლო პარლამენტის გარეთ ისმოდა ანტიკორუფციული ლოზუნგები „ფემენის“ წევრი აქტივისტების - წელზევით შიშველი ქალების - შესრულებით.

2013 წლის აგვისტოში პოლიციელები ცდილობენ, შეაჩერონ ოპოზიციონერი დეპუტატი კიევის საქალაქო საბჭოში შეჭრის მცდელობისას.

 „საპარლამენტო მოსმენას“ ძნელად თუ უწოდებ მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის მაისში განვითარდა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ენით სარგებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას. 

პოლიციელი გაოცებული უყურებს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მამა-შვილ ანდრეი და ალექსანდრ ტაბალოვების გამოძევებას. 2012 წლის დეკემბერში ტაბალოვებს კოლეგების რისხვა დაატყდათ ბრალდებასთან ერთად, რომ მმართველი პარტიის მხარეს გადასვლას აპირებდნენ.

კვამლის ყუმბარებმა და გიგანტურმა დროშამ უკრაინის პარლამენტი საფეხბურთო ხულიგნების ასპარეზს დაამსგავსა. ეს სცენა 2010 წლის აპრილში გათამაშდა, ყირიმის ბაზით რუსეთის ფლოტის სარგებლობის გახანგრძლივებაზე დავის დროს. 

აკრძალული ილეთი 2006 წლის თებერვალში, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოველწლიური მოხსენების დაწყებამდე. ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა კომუნისტური პარტიის წევრების მცდელობას, პლაკატი დაემაგრებინათ კათედრაზე.

ეს სურათი მშვენიერი კანდიდატია ფოტოგრაფიის შთამბეჭდავი ჟანრის, „შემთხვევითი რენესანსის“ ნიმუშად გამოსაცხადებლად. უკრაინის პარლამენტში ფიზიკურმა დაპირისპირებამ იფეთქა 2012 წლის მარტში, რუსული ენის შესახებ კანონპროექტის განხილვისას. 

მარჯვენა ჰუკი ულტრამემარჯვენე მიხაილო ჰოლოვკოსაგან 2014 წლის აპრილში, კომპარტიის წევრებთან გამწვავებული დავის დროს.

პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკისა და დეპუტატ ოლეგ ბარნას პა-დე-დე 2015 წლის დეკემბერში. ბარნამ ვარდების თაიგული გადასცა იაცენიუკს, რის შემდეგაც ის ხელში აიტაცა. დინამიური ქორეოგრაფია გაგრძელდა ჩხუბით, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაზიანებისგან გადაერჩინა ყვავილები.