უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, 6 ოქტომბერს ხმათა უმრავლესობით პირველივე მოსმენით მიიღო ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლებმაც დროებით ოკუპირებულ დონბასში უკრაინის სუვერენიტეტი უნდა უზრუნველყონ, თუმცა ერთ-ერთ კანონს, უკრაინის ოპოზიციის ნაწილის გარდა, აკრიტიკებს ასევე რუსეთი, რომელიც დოკუმენტში აგრესორად და ოკუპანტად არის მოხსენიებული.
კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება უკრაინის მოქალაქეების ქონებრივი უფლება, ხოლო საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიებზე წყდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება, კონტროლს ახორციელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და არა უკრაინის უშიშროების სამსახური.
უკრაინა ორ კანონს შუა
- ვერხოვნა რადამ 6 ოქტომბერს მიიღო კანონი დონბასის შესახებ
- კანონს აკრიტიკებენ: ოპოზიცია, რუსეთი, სეპარატისტები
- კანონს მხარს უჭერს: აშშ
დეპუტატები ასევე მიემხრნენ კანონპროექტს „ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისათვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში აუცილებელი პირობების შექმნის შესახებ“. ის ერთი წლით ახანგრძლივებს ძველ კანონს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის საგანგებო სტატუსის თაობაზე.
კვამლში გახვეული „ვერხოვნა რადა“
კანონის მიღების წინ კი კიევში, პარლამენტის შენობაში, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პარასკევს დილიდანვე მმართველი პარტიის, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“, წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს ტრიბუნას, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისათვის კენჭისყრის ჩაშლის შესაძლებლობა არ მიეცათ, როგორც ეს 5 ოქტომბერს მოხდა. ექსცესების თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ. იუწყებიან, რომ პოლიციამ შენობის წინ ოპოზიციური რადიკალური გაერთიანება „ნაციონალური კორპუსის“ რამდენიმე წევრი დააკავა. თავად „ვერხოვნა რადას“ დარბაზში კი მწვავე დებატებისა და პარლამენტარებს შორის დაპირისპირების დროს დარბაზში კვამლის ყუმბარა ააფეთქეს. საინფორმაციო სააგენტო „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, კანონპროექტს დაუპირისპირდნენ ოპოზიციური ფრაქციები „ბატკივშჩინა“ და „სამოპომოშჩი“, აგრეთვე ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ დიდი ნაწილი. 5 ოქტომბერს საპარლამენტო ტრიბუნის ბლოკირების ინიციატორი იყო ფრაქცია "სამოპომოშჩი", რომელმაც დოკუმენტს "უკრაინის კაპიტულაცია" უწოდა.
უხსენებელი „მინსკის შეთანხმება“
უკრაინის საპარლამენტო ოპოზიცია სახიფათოდ თვლის კანონპროექტების იმ მუხლს, რომელიც დონბასის რეინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვნად მიიჩნევს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას და სპეციალური სტატუსის ხსენებას, რითაც, ოპონენტების თქმით, კიევი სეპარატისტების მმართველობის ლეგიტიმაციას ახდენს.
უკრაინა დგამს მკვეთრ ნაბიჯებს მშვიდობის მისაღწევად. იმედი მაქვს, რომ ახლა რუსეთი იმოქმედებს, რათა დასრულდეს კონფლიქტი და დაისადგუროს მშვიდობამ.კურტ ვოლკერი
თუმცა ვალში ოპონენტებს არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარჩენია. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა, „რუსეთის აგენტურა“ უწოდა სახალხო დეპუტატების ნაწილს, რომელიც კანონპროექტში მინსკის შეთანხმების ფორმატის ხსენებას კაპიტულანტურ ნაბიჯად მიიჩნევს. „მინსკის ფორმატი - ეს არის ერთადერთი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფორმატი, რომლითაც ხდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედება არასამხედრო გზით. ეს ფორმატი აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, მასზეა მიბმული ყველა სანქცია რუსეთის მიმართ და ამ ფორმატის შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შეწყვეტას“, - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოპონენტების გასაგონად, თუმცა მოგვიანებით კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა მინსკის შეთანხმების ხსენება.
„მკვეთრი ნაბიჯი“ მშვიდობისაკენ
უკრაინის პარლამენტის მიერ სადავოდ ქცეული კანონპროექტის დამტკიცებას ტვიტერით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი, რომელმაც კანონის მიღება შეაფასა როგორც მშვიდობის დამყარებისაკენ გადადგმული „მკვეთრი ნაბიჯი“. „სპეციალური სტატუსის შეთავაზება ცხადყოფს, რომ უკრაინა დგამს მკვეთრ ნაბიჯებს მშვიდობის მისაღწევად. იმედი მაქვს, რომ ახლა რუსეთი იმოქმედებს, რათა დასრულდეს კონფლიქტი და დაისადგუროს მშვიდობამ“, - წერს კურტ ვოლკერი.
თუმცა ამერიკელი დიპლომატის ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს, დიდი ალბათობით, ახდენა არ უწერია. რუსეთის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „დეკლარაციული“ უწოდა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონს დონბასის რეინტეგრაციის შესახებ და აღნიშნა, რომ იგი მიუღებელია როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე. კრემლისათვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის აგრესორად მოხსენიება ტექსტში, რომელშიც არსადაა ნახსენები მინსკის შეთანხმებების იგნორირება.
მოსკოვის მხრიდან ასეთ რეაქციას მოსალოდნელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელიც აცხადებს, რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა, რაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა რუსეთის უკანონო ფორმირებებს პროვოკაციული მოქმედებების დასაწყებად დაპირისპირების ხაზზეო.
დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში ესკალაციას ახდენენ უკრაინელ ნაციონალისტთა მოხალისეთა ბატალიონები, რომელთა დაშლის არანაირი შესაძლებლობა კიევს არ გააჩნია.