დიდი სამიტი დიდი სიურპრიზების გარეშე

ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩიკაგოში უკვე ჩამოვიდნენ ალიანსის წევრი და ნატოს პარტნიორი სახელმწიფოების 50-მდე ლიდერი. ჩიკაგოს სამიტი, რომელიც ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, ადრე ჩატარებულ ყველა უმაღლესი დონის შეხვედრებზე უფრო დიდია, რამდენიმე საათში მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით გაიხსნება.

დღის წესრიგის თანახმად, ნატოს ორდღიანმა შეხვედრამ პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე მთავარ შეკითხვას: რა იქნება ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის დასრულების შემდეგ? როგორ მოხერხდება საკუთრივ ნატოს სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის გაზრდა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების პერმანენტული შემცირების ფონზე და რამდენად სიცოხლისუნარიანი აღმოჩნდება ალიანსის ახალი კონცეფცია - ე.წ. „გონივრული თავდაცვა“ (Smart Defence), რომელმაც ირანის შესაძლო ბირთვული მუქარისაგან ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვა უნდა უზრუნველყოს?..

„ნატო განაგრძობს ავღანელი ხალხის მხარდაჭერას, რათა ავღანეთს მიეცეს შესაძლებლობა მის ყველა მოქალაქეს შესთავაზოს უკეთესი მომავალი და უკეთესი უსაფრთხოებაო“, - განაცხადა 18 მაისს ნატოს გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდობის სამიტზე, რომელიც ტრადიციულად წინ უძღვის ხოლმე ალიანსის სახელმწიფო მეთაურების უმაღლესი დონის შეხვედრებს.


განაღდებული თამასუქები ლაპარაკის ნაცვლად

ავღანეთის უსაფრთხოებისათვის კი ნატოს მხარდაჭერა საბრძოლო ოპერაციის გზით დახმარებიდან, პირდაპირ ფინანსურ დახმარებად უნდა ტრანსფორმირდეს. როგორც ცნობილია, 2012-დან 2014 წლამდე, სულ უფრო მეტი მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტი დატოვებს ავღანეთს. შესაბამისად, ქვეყანაზე კონტროლი სულ უფრო მეტად დააწვება მხრებზე ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალებს. თუმცა პროგრესი შესამჩნევია და პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ნატოს სამიტის კვირაძალზე განაცხადა, რომ მომდევნო კვირებში ავღანეთის არმია უსაფრთხოების მართვის განხორციელებას თანამიმდევრულად დაიწყებს ქვეყნის მთავარ პროვინციებსა და ქალაქებზე.

თუმცა ავღანეთის არმიას მთელი ქვეყნის საბოლოო და საიმედო კონტროლისათვის ესაჭიროება დამატებითი აღჭურვილობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ინტენსიური წვრთნა და ორგანიზება, რისთვისაც ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ფონდს 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებენ. თანხის საერთო მოცულობა, მართალია, განისაზღვრა, თუმცა გასანაღდებელი თამასუქები ჯერჯერობით ნატოს ყველა წევრს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ჩიკაგოს ნატოს სამიტზე უნდა გაირკვეს საბოლოოდ, თუ ვინ რა წილის გასაღებად არის მზად ავღანეთის უსაფრთხოების დასაფინანსებლად. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები წინააღმდეგი არიან პირდაპირი დაფინანსებისა ავღანეთის მთავრობის კორუმპირებულობის გამო.

ამ მხრივ ჩიკაგოს სამიტის ერთ-ერთ მთავრი ინტრიგა მასში საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის მონაწილეობაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მხოლოდ ერთი კვირის წინ ეკურთხა ქვეყნის პრეზიდენტად. არამედ იმიტომ, რომ ფრანსუა ოლანდი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჰპირდებოდა ფრანგებს, რომ საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფი 2012 წლის ბოლოსათვის მთლიანად დატოვებდა ავღანეთს, რაც ოლანდმა 18 მაისს, აშშ-ის პეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროსაც გაიმეორა.

თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე ნატოსთვის არც მთლად უიმედოა და საფრანგეთი 2012 წლის შემდეგაც გააგრძელებს „სხვადასხვა ფორმით“ ავღანეთის დახმარებას. „საბრძოლო ოპერაცია დასრულდება 2012 წლისათვის, მაგრამ ჩვენი სამხედრო ტექნიკა დარჩება ავღანეთში ნატოს მფარველობის ქვეშ და შემდეგ ჩვენი მთავრი ამოცანა მისი უკან გამოტანა იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრანსუა ოლანდმა.

20-21 მაისის სამიტზე ცალკე საკითხი იქნება პაკისტანთან თანამშრომლობა. პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ჩიკაგოში ჩამოსვლას დათანხმდა, თუმცა, აშშ-ს და ნატოს ჯერჯერობით უჭირს დაიყოლიოს პაკისტანი, რათა გახსნას ავღანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერია, რომლითაც დადგენილ ვადებში უნდა მოხერხდეს ავღანეთიდან საბრძოლო ტვირთებისა და ლოგისტიკური საშუალებების გატანა. როგორც 19 მაისის „ჩიკაგო ტრიბუნი“ იუწყება, პაკისტანმა თითოეულ კონტეინერის გატარებაში 5000 დოლარი მოითხოვა, რაც პენტაგონისათვის კაბალურია. ცნობისათვის - გასული წლის ნოემბრამდე, ვიდრე აშშ-ის ავიაციის მიერ პაკისტანელი ჯარისკაცების დახოცვის გამო, ისლამაბადი საქარავნე გზას დაკეტავდა, - ნატო თითოეული კონტეინერის ტრანსპორტირებაში 250 დოლარს იხდიდა.


მუდმივად უკმაყოფილო „ძვირფასი პარტნიორი“

სხვათა შორის პაკისტანს არ გაემტყუნება. ალიანსისაგან მან სწორედ ის ფასი მოითხოვა, რასაც ნატოელი მოკავშირეები სახმელეთო გზის გამოყენებისათვის რუსეთს გადაუხდიან.

რუსეთსა და ნატოს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, ნატოს არასაბრძოლო ტვირთების დიდ პარტიას, რამდენიმე მილიონ კონტეინერს, 2014 წლამდე სწორედ რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში ჩაიტანენ სატვირთო თვითმფრინავებით, შემდეგ კი ტვირთები რკინიგზით გადაკვეთავენ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებამდე.

ეს შეთანხმება, რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარის მოგებას დაუტოვებს, თუმცა რუსეთის გულის მოგება ნატომ ბოლომდე ვერ მოახერხა.

ჭირვეულ მოსკოვს ნატოს ტვირთებიდან შემოსავალიც უნდა და ისიც, რომ ალიანსმა ხელი აიღოს „თავდაცვითი ქოლგის“ შექმნაზე აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც მოსკოვი ჯერ კიდევ განიხილავს მისი სტრატეგიული ინტერესების სფეროდ. არადა, ევროპის საჰაერო თავდაცვა, როგორც ზემოთ ითქვა, ნატოს ჩიკაგოს სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. მეტიც, საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩიკაგოს ”მაკკორმიკ პლეისის” ცენტრში, სამიტში მონაწილე ლიდერებისა და ათასობით ჟურნალისტის დასანახად, მოწყობილია დიდი სტენდი, რომელიც მნახველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის იმაზე, თუ რას წარმოადგენს ევროპის თავდაცვის გეგმა, რა სარადარო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა, რომელ გეოგრაფიულ კოორდინატებში უნდა უზრუნველყონ როგორც ადრეული შეტყობინება, ასევე რეალურ დროში რაკეტის დაფიქსირება და სამიზნის განადგურება.


მცირედითაც კმაყოფილი „ასპირანტები“

მოსალოდნელია, რომ მოსკოვის ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ოფიციალურად დადასტურდება „ევროპული ანტისარაკეტო ფარის“ და „გონივრული თავდაცვის“ (Smart Defence) პირველი ფაზის ამოქმედება.

სწორედ ნატოს ანტისარაკეტო გეგმების გამო თქვა ჩიკაგოს სამიტში მონაწილეობაზე უარი რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ. როგორც ირკვევა, ჩიკაგოში არ ჩამოდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც, რაც რუსეთის სერიოზულ განაწყენებაზე აშკარად მიუთითებს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კრემლს ნაკლები ინტერესი ჰქონდეს ნატოს ისეთი თავყრილობის მიმართ, რომელზეც არ დგას ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებისა და მასში ახალი წევრების მიღების საკითხი.

გაწევრიანების მაძიებელი ქვეყნებისათვის - ესენია ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ჩერნოგორია და მაკედონია, რომელსაც თურქეთის პრინციპული მოთხოვნით, ალიანსი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიად მოიხსენიებს, - ჩიკაგოში 21 მაისს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოეწყობა საგანგებო შეხვედრა და, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ითქმება, რომ ეს ქვეყნები იმსახურებენ ალიანსში გაწევრიანებას და ქებას გლობალურ უსაფრთხოებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის.

გარდა ამისა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება ავღანეთში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისა და მთავრობის მეთაურების შეხვედრას, სამუშაო სადილსა და ვახშამს. იმედი, რომ ჩიკაგოს ნატოს ორდღიან სამიტზე რაიმე სიურპრიზი მოხდება, არავის აქვს. თუმცა, სამიტზე მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოხსენიება გაწევრიანების მაძიებელი ე.წ. ასპირანტი ქვეყნების რიცხვში, უკვე არის აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმავალ ძნელად სავალ გზაზე.