არცერთ ტექსტში არ არის ნახსენები „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების” საკითხი - რაც “ქართული ოცნების” მთავრობამ, მანამდე, რუსეთთან დიალოგის პირველ საკითხად დაასახელა. ქართული მხარე ახსენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც კონფლიქტის მოგვარება განიხილება. რუსეთის ტექსტში კი ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
მინსკში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს - პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი წარმოადგენდა. რუსეთს კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი, რომელიც რუსეთის მხარეს ჟენევის ფორმატშიც ხელმძღვანელობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზურაბაშვილს თან არ ახლდა მედია - პროსახელისუფლებო ტელევიზიების წარმომადგენლები, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაჰყვებიან საზღვარგარეთ.
“ზურაბაშვილი-გალუზინის” საკომუნიკაციო არხის ამოქმედებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა რამდენიმე პრინციპული ცვლილების გამო, რაც მანამდე არ არსებობდა “აბაშიძე-კარასინის ფორმატში”:
- შეცვლილი ფორმატი - პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსით - რუსეთს საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ელაპარაკება;
- შეცვლილი მანდატი - თბილისის თანახმად, “კონფლიქტის მოგვარება” განსახილველ საკითხებს დაემატა;
- შეცვლილი ადგილი - რუსეთის მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქი მინსკი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ჩეხეთის დედაქალაქი - პრაღა ჩაანაცვლა.
მინსკის შეხვედრას, დიპლომატები თუ ანალიტიკოსები, საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების დასტურად და დასავლელი პარტნიორებისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთ მკაფიო სიგნალად განიხილავენ.
რუსული და ქართული ტექსტები - მსგავსება და განსხვავება
ორივე ტექსტი ადასტურებს, რომ შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს, მინსკში; მხარეებმა მადლიერება გამოხატეს ბელარუსის მიმართ შეხვედრის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვეს შეხვედრების გაგრძელების საჭიროებას, სავარაუდოდ - ისევ მინსკში.
შეხვედრის ფორმატს რუსეთის მხარე უწოდებს „განახლებულ პირდაპირ რუსულ-ქართულ დიალოგს“; ხოლო ქართული მხარის მიერ მინსკში გამართული შეხვედრა მიხაილ გალუზინთან გიორგი ზურაბაშვილის “პირველ შეხვედრად” არის მოხსენიებული.
განსხვავებულია თავად ზურაბაშვილის წარდგენის ფორმაც:
- საქართველოს მთავრობის განცხადება მას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად მოიხსენიებს;
- რუსეთის საგარეო უწყება კი აზუსტებს, რომ - ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
ასევე ნახეთ
„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზეასევე ნახეთ
საქართველოს მთავრობა არ აკონკრეტებს, რა შეთანხმებებს მიაღწიეს ზურაბაშვილმა და გალუზინმაგანსახილველ საკითხებს შორის ორივე მხარემ დაასახელა: სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები და აღნიშნეს, რომ მიაღწიეს “რიგ შეთანხმებებს”. რუსეთი ამ შეთანხმებებს, დამატებით - “პრაქტიკულსაც” უწოდებს - თუმცა ასევე არაფერს აკონკრეტებს.
მთავარი განსხვავება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს შეეხება. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ის საერთოდ არ არის მოხსენიებული.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს”, - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის განცხადების ბოლოს წინა აბზაცში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის საფრთხე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია საქართველოში, იმ ცოდნის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამ ფორმატის დისკრედიტაციას ეწევა და ჟენევიდან სხვაგან გადატანა სურს. ერთ-ერთ ახალ მასპინძლად რუსული მხარე ასახელებდა მინსკსაც.
ასევე ნახეთ
„საქართველო გაიზარდა“ - რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს დიალოგი მინსკში- ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მოსკოვს სწორედ გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე - მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.
- აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლი სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში ცდილობს თბილისის დაყოლიებას, ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შეთანხმებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან, რაც მათი აღიარების ტოლფასია და რაზეც თბილისი წლების განმავლობაში - უარს აცხადებს.
- ჟენევის შეხვედრები ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით იმართება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ანალიტიკოსები საქართველოს ინტერესების დაცვის აუცილებელ პირობად განიხილავენ.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო ცვლილების მიმართ ეჭვი გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ ზურაბაშვილის სპეცწარმომადგენლად დანიშვნის დღეს, 21 ოქტომბერს, "კონფლიქტის მოგვარება" რუსეთისა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი არხის საკითხებს შორის დაასახელა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მაშინ, როცა - 2008 წლის ომის შემდეგ კონფლიქტების მოგვარების თემატიკა მხოლოდ ჟენევის ფორმატში განიხილებოდა.
“კონფლიქტის მოგვარება” 19 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ არცერთ ტექტში არ არის ნახსენები. თუმცა ორივეგან არის აღნიშნული, რომ ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრა მინსკში - დისკუსიები თბილისში
“მინსკი იგივე რუსეთის მოედანია… რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებული ბელარუსის დედაქალაქის შერჩევა რუსეთის ძალის დემონსტრირებაა და მნიშვნელობა არა აქვს, იქნებოდა ეს მინსკი, მოსკოვი თუ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტი. მისი შეფასებით - მინსკში შეხვედრაზე თბილისის თანხმობა “პირდაპირ მიანიშნებს “ქართული ოცნების” მიერ ეროვნული ინტერესების დათმობის მზადყოფნაზე”.
ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ალიაქსანდრ ლუკაშენკა - ბელარუსის ავტორიტარი მმართველი - რუსეთის პრეზიდენტის მკაფიო მოკავშირეა - მათ შორის, უკრაინასთან ომში. 2022 წელს მინსკმა მოსკოვს ბელარუსის ტერიტორიის უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად გამოყენების უფლება მისცა და შემდგომ წლებშიც მრავალმხრივ გაუმართა ხელი.
- დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ - ქვეყნის შიგნით რეპრესიების გამო პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რასაც 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოკავშირეობაც დაემატა.
- სანქცირებული არიან ბელარუსის მაღალი რანგის თანამდებობის პირები; მათ შორის - ბელარუსის ვიცე-პრემიერი, იური შულეიკა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ, 2026 წლის მარტში, თბილისში უმასპინძლა.
ასევე ნახეთ
მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია - „დიპლომატთა საზოგადოება“ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“, რომელიც სხვადასხვა დროის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ - „რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“.
რუსეთთან დიალოგის ახალი არხისთვის პრემიერის სპეცწარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შერჩევას - მისთვის ამ პოსტის შენარჩუნებით, დიპლომატები „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“ განიხილავენ.
თბილისში აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ მოხდება - საქართველოს დეოკუპაციამდე.
“ის ფაქტი, რომ ორივე მხარემ დიალოგის წარმართვა ასეთი მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატებს მიანდო, მარწმუნებს, რომ თბილისიც და მოსკოვიც ამ შეხვედრას სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდებიან”, - აღნიშნავს “ქართული ოცნების” პოლიტიკის მხარდამჭერი ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გალუზინისა და ზურაბაშვილის საკომუნიკაციო არხის გახსნის შესახებ; გალუზინს აქებს, როგორც - “უმაღლესი კლასის დიპლომატს”, რომელიც “საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობილია” და იხსენებს მასთან შეხვედრასაც, სანქტ-პეტერბურგში, სადაც - 2026 წლის ივნისში, 3+3 ფორმატის „პირველ საექსპერტო შეხვედრაში“ მონაწილეობდა. ეს შეხვედრა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა და საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა მიხაილ გალუზინმაც კმაყოფილებით აღნიშნა.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის „საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის გარეშეც „3+3-ის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულყოფილი იყოს”.
„3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაა, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ფორმატის ფარგლებში მთავარ ამოცანებად სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანზიტო პროექტებზე მუშაობას ასახელებენ.
საქართველო ამ პლატფორმის შეხვედრებში, უკვე წლებია, ოფიციალურად ამბობს უარს.
ოკუპაცია
გიორგი მელაშვილის თქმით - რუსეთსა და საქართველოს შორის ამოქმედებული - მაღალი დონის პირდაპირი დიალოგის ახალი ფორმატი არაფრით ჩამოუვარდება დიპლომატიურ ურთიერთობებს, როცა საქართველოს რუსეთთან პრაქტიკულად “ძალიან აქტიური ყველა ტიპის ურთიერთობები” აკავშირებს, იმ ფონზე, როდესაც - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილია ორი "საელჩო" [ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში].
“ამ "საელჩოების" დახურვის გარეშე დე ფაქტო დიპლომატიური ურთიერთობების დაწყება არის არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი დარღვევა”, - გვეუბნება მელაშვილი.
ლუკაშენკა ბიჭვინთაში
ბელარუსს არა აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რაც რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გამოაცხადა; თუმცა ლუკაშენკა აღიარებს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერებს.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველი სხვადასხვა დროს სტუმრობდა და მასპინძლობდა მათ; და მაგალითად:
- 2022 წლის სექტემბერში - ლუკაშენკა ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ბიჭვინთაში, შეხვდა აფხაზეთის მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას.
- 2023 წლის თებერვალში ლუკაშენკამ ბჟანია უკვე მინსკში მიიღო;
- 2023 წლის ოქტომბერში - მინსკში ჩავიდა ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ - „ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების “ გამართვის მიზნით.
ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.
ასევე ნახეთ
ლუკაშენკა ბჟანიას: როგორც იქნა, ჩამოხვედი მინსკამდე“დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს თავს ხდება. როგორ შეიძლება, რომ საკუთარ ქვეყანას მოუსპო საერთაშორისო შეხვედრების შესაძლებლობა… მინსკი მხოლოდ გეოგრაფია არ არის. ჩვენი მინსკში გამოჩენა ძალიან ცუდ სიგნალია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. რატომ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ საქართველოსთან, როცა მისი წარმომადგენელი მინსკში ელაპარაკება რუსეთს… რუსეთი და ბელარუსი ერთად არიან უკრაინის წინააღმდეგ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გუცა გველესიანი - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თითქმის 20-წლიანი მუშაობის სტაჟით, მათ შორის - ნატოს სამეკავშირეო ოფისში და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების” სამმართველოში. გველესიანი სამსახურიდან 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს, პროდასავლურ პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ.
გველესიანისთვის არადამაჯერებელია თბილისის განცხადება, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი კვლავ ძველი ფორმით შენარჩუნდება, გალუზინი-ზურაბაშვილის ახალი საკომუნიკაციო არხის გახსნის მიუხედავად.
მან ჟენევის ფორმატში საქართველოს ხმის დასუსტებად ჩათვალა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2025 წელს მიღებული გადაწყვეტილება - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. ეს ცვლილება 2026 წლის იანვარში შევიდა ძალაში.
ასევე ნახეთ
"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ლიკვიდაციით თბილისი ცხინვალზე "ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმს" კარგავს?2007 წელს შექმნილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში - მონაწილეობდნენ. ბოლო ხელმძღვანელი, თამაზ ბესტაევი, სულ ბოლოს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდში [2025 წლის 11-12 ნოემბერს] მონაწილეობდა. ამ დროისთვის მთლიანად გაუქმებულია ადმინისტრაციის ვებსაიტი.