UMG კომპანიაა, რომელიც პოპულარულ მომღერლებს, მათ შორის ტეილორ სვიფტს და დრეიკს წარმოადგენს. ხუთშაბათს სოციალური მედიის პლატფორმიდან უკვე გაქრა პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი. მუსიკის სრულად ამოღებას რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა ტიკტოკის მომხმარებლები ცვლილებას უკვე ატყობენ. აი, რა ვითარებაა ახლა.
ამერიკელი მომღერალი დრეიკი. 2021 წლის 23 მაისი.
რატომ ქრება მუსიკა ტიკტოკიდან?
ტიკტოკიდან იღებენ სიმღერებს, რომელთა ლიცენზიასაც UMG ფლობს. ამ კომპანიას მუსიკის ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა აქვს. „Universal Music Group მუსიკის ინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი ხმის ჩამწერი სტუდიაა“, - ამბობს მუსიკის პროფესორი ენდრიუ მოლი. ის ფლობს უფლებებს „უამრავ სიმღერასა და ხმაზე“. ტიკტოკის მომხმარებლებს ამიერიდან გაცილებით უფრო მცირე აუდიოთეკაზე ექნებათ წვდომა.
ხუთშაბათიდან ტიკტოკზე უკვე აღარ იძებნებოდა არაერთი პოპულარული სიმღერა - მათ შორის, არიანა გრანდეს, ჯასტინ ბიბერის, ბილი აილიშის და სხვების დაწერილი კომპოზიციები. მომხმარებლები ვეღარ დაურთავენ ამ სიმღერებს მათ მიერ შექმნილ ვიდეოებზე. ადრე ჩაწერილი ტიკტოკები, რომელთაც თან UMG-სგან ლიცენზირებული სიმღერები ახლდათ, წაიშლება ან მათ ხმას გაუთიშავენ.
UMG-ს მიერ ლიცენზირებულ სიმღერებს ტიკტოკზე ვერც თავად მუსიკოსები განათავსებენ. საქმე გართულდება იმ სიმღერებთან დაკავშირებით, რომელთაც რამდენიმე ავტორი ჰყავს, რადგან ამ შემთხვევაში აკრძალვა შეიძლება სხვა ხმის ჩამწერი სტუდიების ჩანაწერებზეც გავრცელდეს.
ასევე ნახეთ როგორ ვასწავლოთ "ტიკტოკის თაობას" შუშანიკი, აბო და გრიგოლ ხანძთელი?როგორ მივიდა საქმე აქამდე?
UMG-სა და ტიკტოკს შორის არსებული სალიცენზიო შეთანხმების ვადის მიწურულს ეს ორი კომპანია ვერ შეთანხმდა ახალი ხელშეკრულებების პირობებზე.
სამშაბათს UMG-მ თავის მუსიკოსებსა და სიმღერების ავტორებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია ტიკტოკს სამი მიმართულებით ედავებოდა: რომ ავტორების და შემსრულებლების ანაზღაურება გაეზარდათ, მუსიკოსები დაეცვათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დამაზიანებელი შედეგებისგან და უზრუნველეყოთ ტიკტოკის მომხმარებლების ონლაინუსაფრთხოება.
UMG-ი აცხადებს, რომ ტიკტოკი მუსიკოსებს გაცილებით ნაკლებს უხდის, ვიდრე სხვა სოციალური პლატფორმები და დასძენს, რომ ტიკტოკის მიერ გადახდილი თანხა კომპანიის შემოსავლების 1%-ს შეადგენს. კომპანია ასევე აპროტესტებს მუსიკის შექმნაში ხელოვნური ინტელექტის როლს ზრდას, რასაც ხელს ტიკტოკიც უწყობს.
ტიკტოკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია ყველა სხვა მუსიკალურ კომპანიასთან და ამ ხელშეკრულებების მიხედვით ფულს პირველ რიგში მუსიკოსები მიიღებენ. „სამწუხაროა, რომ Universal Music Group-მა თავისი ავტორებისა და შემსრულებლების ინტერესებზე მაღლა საკუთარი სიხარბე დააყენა“, - განაცხადა ტიკტოკმა.
ასევე ნახეთ Threads-ი, "ტვიტერის" ალტერნატივა - მოკლედ ახალი პლატფორმის შესახებრამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება?
ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ორ კომპანიას მოლაპარაკებები არ შეუწყვეტია და კონფლიქტი სამუდამოდ არ გაგრძელდება.
„ეს კინო ადრეც გვინახავს. ეს არის მშვენიერი, თეატრალური დაპირისპირება ორ დიდ კორპორაციას შორის... რომლებსაც სურთ თავიანთი ავტორიტეტი განამტკიცონ“, - თქვა UMG's Virgin EMI Records-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტედ კოკლმა, რომელიც ახლა მართავს მუსიკალურ საკონსულტაციო კომპანიას Mussel Music Management.
მასაც და სხვებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ ასეთი დაპირისპირება დიდხანს გასტანს, რადგან UMG-სა და ტიკტოკს შორის პარტნიორობა ორივე მხარისთვისაა მომგებიანი. ენდრიუ მოლი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში რამდენიმე ასეთი სალიცენზიო უთანხმოება მოხდა და ისინი რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში გადაიჭრა.
AP