Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილაძე VS საქართველო - TikTok-ის ვიდეოს გამო დაჯარიმებული კაცის საქმე სტრასბურგში წავიდა


ირაკლი მილაძე
ირაკლი მილაძე

„შიშის განცდა? არა, მხოლოდ ოჯახის წევრების რჩევა გავითვალისწინე, რომ სოციალურ ქსელებში კრიტიკული მოსაზრება უფრო კორექტული ფორმით გამოვხატო ხოლმე. სხვა მხრივ, პირიქით, ხელისუფლებას უფრო მეტად და უფრო მეტი შემართებით ვაკრიტიკებ, ჩემს ქცევებს უსამართლო ჯარიმები ვერ შეცვლის“, - მეუბნება ირაკლი მილაძე, სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, 2023 წლის თებერვალში, სასამართლომ ორი, 2000-2000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რატომ დააჯარიმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი?

ირაკლი მილაძემ 2022 წლის 6 დეკემბერს TikTok-ზე ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში, სადაც მანქანები არ უნდა დადიოდნენ, ბევრი მანქანა გადაადგილდებოდა, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებდა. ირაკლი მილაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებითაც მოიხსენია. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

როგორც ირაკლი მილაძე მიყვება, ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, ის „უფორმო პოლიციელებმა“ გააჩერეს, მანქანაში ჩასვეს, გინების გამო პასუხი მოსთხოვეს და სცემეს. იხსენებს, რომ ამის შემდეგ ის პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, სადაც დამამცირებლად ეპყრობოდნენ და ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მალევე აღმოაჩინა, რომ TikTok-ზე დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც დაიწყო.

საბოლოოდ, 2023 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 2000-2000- ლარიანი, ანუ ჯამში 4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ირაკლიმ და მისი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის ეპიზოდთან მიმართებით, "ამორიცხა" 173-ე მუხლი, ანუ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა, 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, კვლავ ძალაში დატოვა და საბოლოოდ, სამოქალაქო აქტივისტმა ჯარიმის სახით 2500 ლარი გადაიხადა.

რატომ წავიდა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში?

„მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ასე ჰქვია საქმეს, რომელიც ნოემბრის ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ორგანიზაცია, ამ საქმით, სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების - გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას.

დავით ჯავახიშვილი, საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ევროპულ სასამართლოში ეს იქნება საქართველოდან წასული პრეცედენტული საქმე, რომელიც ეხება სოციალურ ქსელში, კონკრეტულად TikTok-ზე გამოთქმული კრიტიკული აზრის გამო პირის სამართალდამრღვევად ცნობას და მის დაჯარიმებას.

„რატომ გადავწყვიტეთ ამ საქმის ევროპულ სასამართლოში წაღება? იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში პრეცედენტია“, - მეუბნება ის და განმარტავს, რატომ თვლის, რომ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო, თუნდაც ის უხამს ტერმინოლოგიას შეიცავდეს, პირის სამართალდამრღვევად ცნობა სახიფათო ტენდენციაა:

დავით ჯავახიშვილი
დავით ჯავახიშვილი

„ამას ექნება მსუსხავი ეფექტი საზოგადოებისთვის. სასჯელის შიშით ადამიანები ვეღარ შეძლებენ საკუთარი კრიტიკული აზრის დაფიქსირებას ღიად, ცხადად და გულწრფელად. თუკი სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ინტერვენცია საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა და ამის გამო, შესაძლოა ძალიან ბევრმა ადამიანმა აღარ გააზიაროს სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აღარ გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი. ეს უფლება თუ არ დავიცავით, ამან შეიძლება უფრო კრიტიკული ფორმები მიიღოს და ჩამოყალიბდეს რეჟიმის ფორმად“.

დავით ჯავახიშვილი ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც ირაკლი მილაძემ გასული წლის ბოლოს სოციალურ ქსელში გააზიარა, არ შეიცავდა არც მუქარას, არც ძალადობისკენ მოწოდებას და არც არავის უქმნიდა მყისიერ საფრთხეს. მისი თქმით, ეს იყო კრიტიკა არა კონკრეტული პირებისა თუ კონკრეტული სამართალდამცავების მიმართ, არამედ ირაკლი მილაძე აკრიტიკებდა ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკასა და უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას:

„აკრიტიკებდა სამართალდამცავებს, რომლებიც არ აჯარიმებენ ისეთ პირებს, რომლებიც ავტობუსის ზოლებს იყენებენ ბოროტად და როგორც უნდათ, ისე გადაადგილდებიან. ამაზე კი სამართალდამცავებს არ აქვთ შესაბამისი რეაგირება. მას გაუჩნდა პროტესტი, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მიმართ სამართალდამცავების დამოკიდებულება, საზოგადოებას ჰყოფს პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ კლასებად“.

ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საქმეს, „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ჯერჯერობით რეგისტრაციის ნომერი მინიჭებული არ აქვს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ახლა ელოდება სტრასბურგის სასამართლოს პირველად რეაგირებას და შემდეგ უკვე კომუნიკაციას სახელმწიფოსთან, რაც გულისხმობს ამ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთვის კონკრეტული კითხვების გაგზავნას.

ირაკლი მილაძეს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის საქმეზე მიიღებს და საბოლოოდ დაადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციის მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევას:

ირაკლი მილაძე
ირაკლი მილაძე

„ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული სასამართლო არის პოლიტიზირებული და მიკერძოებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, შეიქმნას პრეცედენტი, რომ TikTok-ზე გამოქვეყნებული აზრის გამოხატვის გამო, ადამიანები არ დააკავონ და ჯარიმები არ უნდა გამოუწერონ“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

კრიტიკის ჩახშობის მცდელობა?

ირაკლი მილაძის საქმე არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, მოქალაქეებს საგამოძიებო უწყებებში იბარებენ და ამ საქმეებზე გამოძიებაც იწყება.

მაგალითად, ასე დაიბარეს 2022 წელს გამოკითხვაზე სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი მიშა მშვილდაძეც.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ქეთევან გაბიანს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ქეთევან გაბიანს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უჩივლა.

"დემოკრატიის მცველების" ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ირაკლი მილაძის მიმართ, რომელიც სოციალურ ქსელში პროტესტს გამოხატავდა ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, მათ შორის, თუნდაც უცენზურო სიტყვების გამოყენებით, ხულიგნობის მუხლის გამოყენება არამართებული და გაუმართლებელი იყო:

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„კი, სოციალური ქსელი არის საჯარო სივრცე და ვიზიარებ ამ შეხედულებას, რადგან საჯაროდ, ასობით და ათასობით ადამიანის გასაგონად და დასანახად გამოვხატავთ საკუთარ აზრს. მაგრამ საკითხი დგას ასე, როდის შეიძლება შეიზღუდოს აზრის და სიტყვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით დაცული უფლებაა? როდესაც პირი აკრიტიკებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ვიღაცები ავტობუსის ზოლში დადიან და უკანონოდ სარგებლობენ პრივილეგიებით, მათ შორის, შესაძლებელია, ეს აზრი ვიღაცისთვის ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს, უნდა გავიაზროთ, რომ ამ გამოხატვას გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის პროტესტი და ის მიმართულია ხელისუფლებისადმი. ამიტომ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული თუნდაც ამ ტიპის პროტესტის გამო, ამ მუხლის ასე გამოყენება და მოქალაქის დასჯა, მიუღებელია ჩვენი გამოხატვის თავისუფლების სივრცისთვის“.

გიორგი მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ ამ ტიპის ტენდენციის დამკვიდრებით, ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეებში კრიტიკისა და პროტესტის მუხტის ჩახშობას.

XS
SM
MD
LG