Tinder-მა რა ჰქმნა? - ონლაინ პაემნების ქართული ისტორიები 

მისი მაღვიძარა დილის 7:30-ზე რეკავს. 8:25-ზე სახლის კარი უკვე ჩაკეტილი და ლიფტი გამოძახებული უნდა იყოს. მაქსიმუმ 8:31-ზე - მანქანა დაქოქილი. ხუთი წუთიც რომ გადააცილოს, სამსახურში, სულ ცოტა, 7-8 წუთით დააგვიანებს. არადა, სამსახურში მკაცრად აკონტროლებენ მისვლა-მოსვლის გრაფიკს, ისევე როგორც პერანგისა და ყელსახვევის კვანძს. 32 წლისაა. ბოლო 5 წელია ამ რეჟიმით ცხოვრობს. ჰყავს ბიგლი, რომელიც ერთი წლის წინ აიყვანა. ბიგლისთან ერთად უვლის სამ მცენარეს: გვიმრას, სპატიფილუმს და ბალბას. სპატიფილუმი ბოლო ორი წელია ხან კვდება და ხან ცოცხლდება. გადასაგდებად ენანება.

რუტინულია მისი საქმეც. ურთიერთობა კლიენტებთან. კარგად დამუშავებული მისალმება-დამშვიდობება. მარტივი ფინანსური ოპერაციები. სატელეფონო ზარები.

ჰყავს მეგობრები, რომლებსაც კვირაში ერთხელ ხვდება. ძირითადად სოციალური ქსელებით ურთიერთობენ. წელიწადზე მეტია არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი.

სექსუალურ პარტნიორებს „ტინდერით“ პოულობს. ონლაინ პაემნების აპლიკაციით ნახევარ წელზე მეტია სარგებლობს. ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაციით პოტენციურ პარტნიორებს ძირითადად ერთსაათიანი შესვენებისას ათვალიერებს. თანამშრომლებმა არ იციან, რომ „ტინდერზეა“. და რატომ უნდა იცოდნენ? მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან: „ისიც იციან, როცა „ტინდერით“ გაცნობილ კაცთან მივდივარ პაემანზე - ეს წესია, ამ წესს არასდროს ვარღვევ“.

ნია, 32 - ფოტო: გადაღებული ზურგიდან, ბოსფორის სანაპიროზე. მინაწერი პროფილის ფოტოზე: „გამარჯობა. თუკი შენც ფიქრობ, რომ შავ ფეხსაცმელს თეთრი წინდები არ უხდება, თუკი ფიქრობ, რომ „ჰარი პოტერი“ ეშმაკის ქმნილება არ არის, თუკი არასდროს გადაგიღია „სელფი“ ჯიმში, მეც აქ ვარ“.

როგორ მოიპარა ონლაინ "დეითინგმა" ტრადიციული პაემანი

ონლაინ პაემნების აპლიკაციებმა, მათ შორის, Tinder, OkCupid, Hinge, Badoo, Bumble, Grindr, Happn, SCRUFF, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს სხვადასხვა სურვილით, მისწრაფებით, მიზნით, გენდერული იდენტობით, თავდაყირა დააყენა შეხედულებები ტრადიციული პაემნების შესახებ. აი, მაგალითად, პარტნიორის საპოვნელად აღარ გჭირდება:

  • რომანტიკული სიტყვების ქექვა და მერე წერილების წერა;
  • ტელეფონზე გაბმული უსასრულო საუბრები;
  • პარკში, ხის სკამზე მორიდებული მიყუდება და შეხების საბაბით, ერთმანეთისთვის ხელის კუნთების სინჯვა და ა.შ.

ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაციით ისევე შეგიძლია იპოვო სექსუალური პარტნიორი, თუნდაც მეგობარი, შეყვარებული, ხანდახან მომავალი ცოლი ან ქმარი, როგორც, მაგალითად, შენთვის სასურველი ნივთი - ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, კომპიუტერის რაიმე ნაწილი, წიგნი. შეიძლება ცოტა ყურს ჭრის ეს შედარება, მაგრამ ასეა.

ზიხარ სავარძელში, ყბა მუჭზე გაქვს ჩამოდებული, ხსნი ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციას და ეკრანზე თითის მარჯვნივ და მარცხნივ გადასმა-გადმოსმით (swipe) ირჩევ სასურველ პარტნიორს... NOPE, NOPE, NOPE, LIKE. თუ გაგიმართლა და მანაც მოგნიშნა (დაგა-LIKE-ა), ე.ი. დაწყვილება (match) შედგა - შეგიძლიათ პაემანზე შეთანხმდეთ.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ ჩაანაცვლა ტრადიციული პაემნები ონლაინ პაემნებმა

ონლაინ აპლიკაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა Tinder-ი, მათ შორის, საქართველოშიც. აი, რას ამბობს Tinder-ი საკუთარ თავზე: „თუკი, რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა, რომ ონლაინ პაემნებს მხოლოდ სასოწარკვეთილი ან ცოტა საშიში ადამიანები იყენებდნენ, დღეს, ონლაინ პაემანი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ადვილი გზა, იპოვოთ ახალი ადამიანები“.

თავდაპირველად, „ტინდერი“ უფასო აპლიკაცია იყო. მოგვიანებით მას ფასიანი ფუნქციები დაემატა, რაც სასურველი „მეტჩის“ შანსს ზრდის.

„ტინდერის“ ქართული ისტორიები

„ტინდერს“ ზოგი მაშინ იყენებს, როცა სექსუალური პარტნიორის პოვნა უნდა, თუნდაც ერთი ღამისთვის. ზოგი უფრო ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ეძებს პარტნიორს, თუმცა, კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაზე, მაგალითად, დაოჯახებაზე გათვლა, ნაკლებად აქვთ (მაგრამ გამორიცხული არაფერია), ზოგიც მაშინ იწყებს „ტინდერის“ თვალიერებას, როცა მოწყენილია.

ამბები, რომლებსაც „ტინდერის“ მომხმარებელი ქალები რადიო თავისუფლებას უყვებიან, მრავალფეროვანია. აღმოჩნდა, რომ „ტინდერზე“ დარეგისტრირებას, თავდაპირველად, ზოგი ეჭვის თვალით უყურებდა, ზოგს ერიდებოდა, ზოგს ეშინოდა, ზოგს კი უბრალოდ აინტერესებდა - „ვნახოთ, აბა, რა იქნება“. დარეგისტრირების ძირითადი მიზანი მაინც სექსუალური პარტნიორის პოვნაა.

27 წლის ანა „ტინდერზე“ 2018 წელს დარეგისტრირდა. დიდხანს იკავებდა თავს. ფიქრობდა, ნაცნობს არ გადავეყარო, უხერხულიაო:

„მეგონა, არ იქნებოდა მაინცდამაინც კარგი ტონი, ვინმეს ვენახე „ონლაინ დეითინგის“ აპლიკაციაში, რომელიც სექსუალური პარტნიორის გაცნობასთან ასოცირდება. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადავწყვიტე და დავრეგისტრირდი. მაინტერესებდა, როგორ მოვიქცეოდი, როგორც ცალსახად სექსის ობიექტი. პირველად უცხოელ ბიჭს შევხვდი, ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ, ლუდი დავლიეთ, ვისაუბრეთ, დავიშალეთ. შემდეგ შეხვედრაზე აღარ დავთანხმდი... სამაგიეროდ ქართველ ბიჭს შევხვდი და პირველივე შეხვედრაზე სექსი გვქონდა. მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია და საკმაოდ უცნაურ ურთიერთობაში აღმოვჩნდი რამდენიმე თვე. თუმცა იმის გამო, რომ არც ერთი შევთანხმებულვართ, კონკრეტულად რა გვინდოდა ერთმანეთისგან, გაურკვეველი ურთიერთობა საკმაოდ მტკივნეულად დასრულდა“.

ანამ ჯამში „ტინდერით“ 6 პარტნიორი გაიცნო. დაუგროვდა გარკვეული გამოცდილება და ახლა „ტინდერის“ მხოლოდ იმ მომხმარებლების მიმართ გამოხატავს ინტერესს, რომლებსაც პროფილზე საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია უწერიათ: „თავიდანვე ვაფიქსირებ, რა მინდა და რა არ მინდა. ე.წ. აღწერაც დავურთე ჩემს პროფილს, რომ ავტომატურად გაცხრილულიყვნენ ჩემთვის მიუღებელი ტიპები (ვისაც ნორმალურად საუბარიც არ შეუძლია, სხვადასხვა კომპლექსით და ა.შ. დროსთან ერთად, პროფილებიდანაც შეგიძლია დასკვნების გამოტანა). ახლა უკვე დიალოგის დასაწყისიდანვე ვხვდები, რამდენად ღირს კომუნიკაციის გაგრძელება“.

22 წლის ლიკა „ტინდერს“ საქართველოში იშვიათად იყენებს - გოგოები მოსწონს და აქ სასურველი პარტნიორის პოვნა უჭირს. გაცილებით იოლია საზღვარგარეთ: „ჩვენი შეხვედრების მიზანი ძირითადად ერთი ღამის ურთიერთობებია. ერთხელ გამიმართლა და ძალიან კარგი პარტნიორი ვიპოვე. მეორე პარტნიორი კი ზედმეტად მეგობრული გოგო აღმოჩნდა და სხვა ურთიერთობა არ გამოვიდა“.

33 წლის მარიამი „ტინდერზე“ 2014 წელს, ტალინში სწავლისას დარეგისტრირდა, „შევხვდით, გავერთეთ, გვქონდა სექსი და დავიშალეთ, მათი სახელებიც კი არ მახსოვს“, - ამბობს მარიამი. საქართველოში დაბრუნებულმა კი სექსუალური პარტნიორის ნაცვლად, „ინგლისურის მასწავლებელი“ იპოვა:

„დეითზე“ დამპატიჟა. გემრიელად ვივახშმეთ, თუმცა სექსზე არც გვისაუბრია და არც გვქონია. სტიპენდიის მისაღებად TOEFL-ში მომზადებას ვაპირებდი და ეს ამბავიც მოვუყევი. პირველი შეხვედრის შემდეგ მომძებნა ფეისბუკზე, დამამატა და მალევე სახლში დამპატიჟა. მივედი სახლში და ვერ წარმოიდგენთ, რა შემომთავაზა, TOEFL-ში მოგამზადებ 1500 ლარადო და ენის ტესტი ჩამიტარა. რა თქმა უნდა, იმის მერე აღარ მინახავს. „ტინდერით“ ენის მასწავლებლებს ნამდვილად არ ვეძებდი“.

27 წლის ნინომ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ სურდა ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე და მეგობრის რჩევით, „ტინდერზე“ დარეგისტრირდა. დარეგისტრირებიდან მალევე აღმოაჩინა, რომ კაცების მნიშვნელოვანი ნაწილი დაოჯახებულია და აპლიკაციას „ფარული შეხვედრებისთვის“ იყენებს. „ტინდერზე“ გაცნობილმა პარტნიორმა, რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ფული სთხოვა: „დედა მყავს ავადო. რა თქმა უნდა, ფული მივეცი. და ერთ დღესაც, როდესაც ვალის დაბრუნების ყველანაირი ვადა გავიდა, ვთხოვე, იქნებ დამიბრუნო ვალი-მეთქი, მან კი „ტინდერზე აგდებული ქალი“ მიწოდა და ამით მოიხსნა ყველანაირი პასუხისმგებლობა“.

23 წლის ელენე თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. პარტნიორი, რომელიც „ტინდერით“ გაიცნო, პერიოდულად ფულს სთხოვდა, რომელსაც, სხვადასხვა მიზეზით, აღარ უბრუნებდა. ელენემ რამდენიმე ხანში აღმოაჩინა, რომ მისი პარტნიორი, ანალოგიური ხერხით, სხვა ქალებისგანაც იღებდა ფულს.

კაცები გაცილებით სიტყვაძუნწები აღმოჩნდნენ:

„ცოტა ხნის წინ დავიწყე „ტინდერის“ გამოყენება და არანაირი შედეგი არ მაქვს. რამდენიმემ „დამმეჩა“, მაგრამ კონტაქტი მაინც ვერ დავამყარე. არ მპასუხობენ“.

„სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს აიტანს კაცი, მაგრამ ეს გასათხოვრად გამზადებული გოგოები როგორ ავიტანოთ? ოქროს წესია, „ტინდერზე“ გოგოს თუ შეხვდები და ურთიერთობაზე მეორე დღესვე დაითანხმებ, პრეზერვატივი უნდა იხმარო“.

„ტინდერის“ დადებითი გამოცდილება ისაა, რომ გაერთობი. თუმცა, შესაძლოა, უარყოფითი შედეგიც ჰქონდეს, დაინფიცირდე“.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - საფრთხე ონლაინ აპლიკაციებისგან?

19 წლის სალომე „ტინდერზე“ ერთი წლის წინ დარეგისტრირდა. ერთი წლის განმავლობაში, აპლიკაციის საშუალებით რვა პარტნიორი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ მისი და „ტინდერის“ ურთიერთობა ძირითადად დადებით გამოცდილებასთან ასოცირდება, ამბობს, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს „შარში“ გაეხვია: „ფილმს ვუყურეთ, ვჭამეთ, გვქონდა დაცული სექსი, მაგრამ, ბოლოს გადაწყვიტა, რომ კონდომი უნდა მოეხსნა. არადა, მანამდე გარკვევით და კატეგორიულად შევუთანხმდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრეზერვატივით გვექნებოდა სექსი. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ვეღარაფერს გავხდი. აღმოჩნდა, რომ სოკო გადმომდო. ოთხი თვე ვმკურნალობდი“.

დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მატება, ე.წ. დეითინგ აპლიკაციების დახმარებით ადვილად ხელმისაწვდომმა სქესობრივმა კონტაქტებმა გამოიწვია, თუმცა, ვენეროლოგები თვლიან, რომ ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ესეც იყოს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაავადებების რიცხვი იმიტომ კი არ იზრდება, რომ ადამიანებს უფრო ხელმისაწვდომი სექსი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათ სექსი აქვთ პარტნიორებთან, რომელთა ჯანმრთელობის შესახებაც, შესაძლოა, ბევრი არაფერი იცოდნენ.

ეს ქვიზი დაგეხმარებათ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ და ასევე გაიგოთ როგორ დაიცვათ თავი.

ონლაინ პაემნები - „ტინდერელების“ რამდენიმე რჩევა, რომ ძალადობის მსხვერპლი არ გახდე

„ტინდერმა“ რამდენიმე ქვეყანაში დაამატა ფუნცქია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება თავი დაიცვას შემაწუხებელი, მათთვის მიუღებელი გზავნილებისგან. ამგვარი მესიჯები წითელი დროშითაა მონიშნული.

„ტინდერის“ ამერიკელ მომხმარებელს, საშუალება აქვს ღილაკზე ერთი დაჭერით დაიცვას თავი მოძალადე პარტნიორისგან. ამას უზრუნველყოფს უსაფრთხოების აპლიკაცია „ნუნლაით“, რომელიც ერთი თვის წინ დაუკავშირდა „ტინდერს“ .

„ტინდერის“ მომხმარებელი ქალები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე ნაცად რჩევას ჩამოთვლიან:

  • პირველი შეხვედრა აჯობებს შედგეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - ასე უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს;, რათა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი;
  • თუკი მის სახლში მიდიხართ, გააფრთხილეთ მინიმუმ ორი მეგობარი და შეატყობინებთ ზუსტი მისამართი;
  • სთხოვეთ მეგობრებს, პერიოდულად დაგიკავშირდნენ ტელეფონით, მოგწერონ მესიჯი;
  • როგორც კი გაჩნდება სულ მცირე ეჭვიც კი, რომ შესაძლოა პარტნიორმა თქვენთვის არასასურველი ურთიერთობა მოგთხოვოთ, მაშინვე გაეცალეთ;

ნია, 32 - ეპილოგის მაგიერ

ნია, 32 „ტინდერის“ პროფილის ფოტოს შეცვლას აპირებს. „სელფები“ არ უყვარს. ალბათ ისევ რომელიმე მოგზაურობიდან შემორჩენილ ფოტოს ატვირთავს. მაგალითად, იყოს ეს - ზალცბურგი, წვიმა, ზოლიანი ქოლგა, ქუჩის სახელი აღარ ახსოვს.