პატიმრების ოჯახის წევრები ციხეში შეშვებას ითხოვდნენ

გლდანის მე-8 საპყრობილე

გლდანის N8 საპყრობილეში რიგგარეშე პაემნით სარგებლობას დღეს ყველა მსურველი შეძლებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა შოთა უტიაშვილმა. რიგგარეშე პაემანზე შესვლა პატიმართა ოჯახის წევრებისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მისივე ინიციატივით, ციხის ბადრაგი პატრულის თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს. მანამდე კი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრებმა დილიდან დაიწყეს შეკრება. ისინი პატიმართა მონახულებას ითხოვდნენ. დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ასევე სახალხო დამცველის მონიტორები. მათ პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილიც მოინახულეს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 სექტემბრის განცხადებით, ”პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან“. რა ვითარება იყო გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღის განმავლობაში?

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმართა ოჯახის წევრები დილიდან ითხოვდნენ ციხეში შესვლის შესაძლებლობა მისცემოდათ, რათა საკუთარი თვალით ენახათ თავიანთი ახლობლების მდგომარეობა:

”მინდა გავიგო, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი. რა ვიცი, რა ხდება ციხის მიღმა, რა გავიგო მე. არ გვიშვებენ. მარტო მაშინ შეხვალთ, როცა გეკუთვნითო. ჩვენ, ხუთი მშობელი, ვითხოვთ შეშვებას. ხუთი დედა შევალთ, მეტი არა, და გვაჩვენონ პატიმრები რა მდგომარეობაში არიან. არ დავთმობთ, დღე და ღამე აქ ვიქნებით და არ დავთმობთ, თუ არა და რაღაც სასწაულს ვიზამთ. მეტს ვერაფერს ვერ უზამენ ჩემს შვილს - ერთადერთი, მოკლავენ”, - ამბობდნენ გლდანის მე-8 საპყრობილესთან შეკრებილი პატიმართა ახლობლები.

დღის განმავლობაში გლდანის მე-8 ციხეში გეგმისდა მიხედვით უშვებდნენ პატიმრებთან პაემანზე მისულ ახლობლებს. პაემნიდან გამოსული პატიმართა ახლობლები ამბობდნენ, რომ შიგნით ვითარება ნორმალურია, პატიმრები არც კი იყვნენ ინფორმირებული 18 სექტემბერს გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე და მათზე ზეწოლა არავის უცდია:

მე-8 საპყრობილესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები


”გაუკვირდა, რაც მოვუყევით. არაფერი იცოდა. არაფერი ასეთი არ ხდებაო. ისედაც არაფერი ეტყობოდა გარეგნულად.”

”ძალიან კარგად იყო, დამშვიდებულ-დაწყნარებული. მე ვუთხარი, სიმართლე თქვი ან თვალით მანიშნე, მაგრამ არაო, შენგან მესმის ეს ყველაფერიო.”


19 სექტემბერს დილით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მეორედ მოინახულეს მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი თამაზ თამაზაშვილი. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა,”დღეს მასთან იმყოფებოდნენ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები. მისი თქმით, მასთან საკანში არავინ შესულა და ასევე არ შეხვედრია გამომძიებელს. პატიმარმა კიდევ ერთხელ უარყო მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელება”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მე-8 საპყრობილესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები


თამაზ თამაზაშვილი მოინახულა ასევე ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

”მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი ღონისძიებები არ განხორციელებულა, მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს; ამასთან, შეხვედრაც არავის არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული წარმომადგენელი იტყუებოდა, როცა აცხადებდა, რომ იგი დანაშაულის დამკვეთი და მასში ფულის გადამხდელია. მასთან არც გამომძიებელი შესულა, მას არც ბრალი წარდგენია”, - განაცხადა თამაზ თამაზაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
ამჟამად ყველა ამ დაწესებულებაში სიმშვიდეა. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს თითქოს ფანჯრები ამოუქოლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვაგრძელებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს...
ნინო ერემაშვილი

19 სექტემბერს სახალხო დამცველის მონიტორებმა ასევე მოინახულეს გლდანის N8, ზუგდიდის N4, ბათუმის N3 და ქუთაისის N2 დაწესებულებები. როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ერემაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს და წყლის მიწოდება შეუწყვიტეს:

”ამჟამად ყველა ამ დაწესებულებაში სიმშვიდეა. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს თითქოს ფანჯრები ამოუქოლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვაგრძელებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს.”

აქვე გეტყვით, რომ 19 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პატიმართა ოჯახის წევრებს უნდა მიეცეთ ციხეში შესვლის და მათი ნათესავების მონახულების საშუალება:

მე-8 საპყრობილესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები


”ყველგან ახლა პატრული, სახალხო დამცველი, მონიტორინგის ჯგუფები და ნათესავებიც შეუშვით და აჩვენეთ თავისი ოჯახის წევრები.”

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმართა ახლობლების რეგისტრაცია დაიწყო. მოგვიანებით მათ რიგგარეშე პაემნის უფლებით სარგებლობის საშუალებაც მისცეს.