მიუხედავად ამისა, სწორედ მის კონცერნს მიანდვეს საკვანძო როლის შესრულება ვალდაიში პუტინის რეზიდენციისა და სხვა ობიექტების უკრაინული დრონების თავდასხმებისგან დაცვის საქმეში.
უკრაინამ 2023 წლის ზაფხულში დაიწყო რუსეთის დედაქალაქზე მოიერიშე დრონებით რეგულარული დარტყმები.
მალევე რუსმა სამხედროებმა მოსკოვში „პანცირის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსება დაიწყეს საგანგებო პლატფორმებსა და ყოფილ ნაგავსაყრელებზე. იმავე წლის ბოლოს დამკვირვებლებმა ქალაქში შენიშნეს პირველი კოშკურები, რომლებზეც საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო განთავსებული – მაღალი მდებარეობის წყალობით მათ შეუძლიათ უპილოტო საფრენი აპარატის უფრო ადრე ამოცნობა და მიზანში ამოღება.
„პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემით აღჭურვილი კოშკურა მოსკოვის ოლქის მიტიშჩის რაიონის სოფელ კაპუსტინოში. “იანდექს.პანორამის" ფოტო.
მას შემდეგ „პანცირებისა“ და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების, მაგალითად „ტორის“, კოშკურებმა, დაიწყეს სწრაფად გამრავლება.
მხოლოდ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში დაახლოებით 100 კოშკურაა აღმართული, ხოლო ვლადიმირ პუტინის რეზიდენცია ვალდაიში, სადაც მისი ვაჟები და მათი სავარაუდო დედა, ალინა კაბაევაც ცხოვრობენ, 50-ზე მეტი ასეთი კოშკურითაა გარშემორტყმული. საზენიტო-სარაკეტო სისტემების კოშკურები დგას ასევე სტრატეგიული ობიექტების მახლობლად, რომლებიც რეგულარულად ხდებიან უკრაინის თავდასხმების სამიზნე: ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, აეროდრომებსა და სამხედრო საწარმოებთან.
ასევე ნახეთ
"სამაშველო რგოლი" - ახალი "სადარაჯო კოშკურები" მოსკოვის ირგვლივრადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ამ კოშკურების გამომგონებელი და მათი მწარმოებელი გახდა კონცერნი „კროსტი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმირ პუტინისა და სერგეი სობიანინის ნდობით აღჭურვილი პირი, ალექსეი დობაშინი. დობაშინმა კარიერა 90-იან წლებში ძალოვან უწყებებთან - უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ), შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (МВД) და თავდაცვის სამინისტროსთან - გაფორმებული კონტრაქტების წყალობით აიწყო. მას შემდეგ „კროსტი“ იქცა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერად, რომლის ისტორიასაც მრავალი სკანდალი ახლავს თან.
„მასობრივი წარმოების ორგანიზება შესაძლებელია“
2024 წლის მაისში, ექვსი თვის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვში საჰაერო თავდაცვის პირველი კოშკურები შენიშნეს, ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში (როსპატენტი) შეიტანეს განაცხადი გამოგონების (რომლის სახელწოდებაა „მრავალდონიანი სპეციალური დანიშნულების საინჟინრო-საფორტიფიკაციო ნაგებობა „კოშკურა“) რეგისტრაციის მოთხოვნით. თუმცა განაცხადში არ არის ნახსენები უკრაინასთან ომი ან „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
„ამჟამად შეინიშნება ბანდფორმირებების აქტივობის მკვეთრი ზრდა, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებენ სამხედრო, სოციალური, სამრეწველო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმართულებით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რის გამოც მისმა ავტორებმა საჭიროდ მიიჩნიეს, შეემუშავებინათ „ასაწყობ-დასაშლელი მრავალდონიანი საინჟინრო-საფორტიფიკაციო ნაგებობა დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად, რომლის გამოყენება შესაძლებელია გაშლილ ადგილზე, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, რადიოელექტრონული დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების) სიმაღლეზე განსათავსებლად“.
საპატენტო დოკუმენტაციაში ცალკეა აღნიშნული ასაწყობი რკინაბეტონის კოშკურის „დაბალი ღირებულება ადგილობრივი სამშენებლო მასალების გამოყენების შემთხვევაში“ და უნივერსალურობა: ადგილმდებარეობის რელიეფის მიხედვით შესაძლებელი იყო ორიარუსიანი ან სამიარუსიანი კოშკურების გამოყენება - რეალურ ცხოვრებაშიც სწორედ ეს ორი ტიპი გვხვდება. ცალკე აქცენტია გაკეთებული აღმართვის მაღალ სისწრაფესა (10 დღე-ღამემდე) და მასობრივი წარმოების ორგანიზების შესაძლებლობაზე.
პატენტში წარმოდგენილი კოშკურების გამოსახულებები უმცირეს დეტალებამდე ემთხვევა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი იმ კოშკურების ფოტოებს, რომლებსაც რადიო თავისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაკვლია. ამ კოშკურების სიმაღლე 25-დან 35 მეტრამდე მერყეობს.
საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი ორ და სამიარუსიანი კოშკურები, რომლებსაც კონცერნი „კროსტი“ აწარმოებს: ნახაზები საპატენტო დოკუმენტაციიდან და „იანდექს.ზერკალას“ ფოტოები
პატენტზე განაცხადის ავტორი, შემდგომში კი ამ კოშკურებზე საავტორო უფლებების მფლობელი გახდა საწარმოო-სამშენებლო ფირმა „კროსტი“ - კონცერნ „კროსტის“ (რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი ალექსეი ალექსეის ძე დობაშინია) დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მთავარი კომპანია.
„კროსტის“ მიერ დაპროექტებული კოშკურებით სხვადასხვა ობიექტების აღჭურვა ხდება. ცოტა ხნის წინ საჰაერო თავდაცვის ასეთი კოშკურა, სავარაუდოდ, დაუგეგმავად აღმართეს კალუგაში, „იანდექსის“ იმ მონაცემთა ცენტრთან, რომელზეც 9 ოქტომბერს მოხდა თავდასხმა. „კროსტის“ ათობით კოშკურის დანახვა მოსკოვის ცენტრალურ წრიულ საავტომობილო გზაზე მანქანით გავლისას ან პარკ „პატრიოტში“ ექსკურსიის დროსაც არის შესაძლებელი.
„მაჟინოს“ ხაზი
„კროსტი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უმსხვილესი რუსული სამშენებლო კომპანიაა. მან საქმიანობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ ასობით პროექტი განახორციელა, რომელთაგან ბევრი სკანდალებით იყო მოცული. მოსკოვის სამშენებლო ბაზარზე „კროსტი“ ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ჯერ კიდევ მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მმართველობისას იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ლუჟკოვის ცოლს, ელენა ბატურინას, საკუთარი დეველოპერული კომპანია „ინტეკო“ ჰქონდა. სერგეი სობიანინის მერობის პერიოდში „კროსტის“ საქმეები კიდევ უფრო სწრაფად წავიდა წინ: 2018 წელს ალექსეი დობაშინი მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა, სექტემბერში კი მერის არჩევნებზე - სობიანინის ნდობით აღჭურვილი პირი.
საპატენტო განაცხადის „აპრობაციის“ ნაწილიდან ირკვევა, რომ მისი წარდგენის მომენტისთვის „კროსტს“ უკვე დამზადებული ჰქონდა 25 ორ- და სამიარუსიანი კოშკურისგან შემდგარი საცდელი პარტია. პატენტის ერთ-ერთი ავტორი, სერგეი გრომოზდინი, სხოდნიასთან მდებარე ფაბრიკა „მაჟინოს“ გენერალური დირექტორია. ეს „კროსტის“ ერთადერთი საწარმოო ბაზაა, სადაც ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციები მზადდება — მაგალითად, კიბის უჯრედები (ზუსტად ისეთი, როგორითაც საჰაერო თავდაცვის კოშკურებია აღჭურვილი), შენობების კარკასის ელემენტები, ბეტონის გადახურვის ფილები და ბეტონის სხვა ნაკეთობები.
ფაბრიკა „მაჟინოს“ ბეტონის კონსტრუქციების საწარმოო საამქრო
„საცდელი“ პარტიის ერთ-ერთი პირველი კოშკურა ფაბრიკა „მაჟინოდან“ ორ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, სოფელ პოდოლინოში, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში აღმართეს. მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ სატელიტური ფოტოების, „იანდექსის“ პანორამებისა და სხვა ღია წყაროების მეშვეობით დაადგინა, მთელ რუსეთში დაახლოებით ორასი ასეთი კოშკურა დაიდგა. ისინი სტრატეგიულ ობიექტებს დრონების იერიშებისგან ხშირად ვერ იცავენ, თუმცა ამაში, სავარაუდოდ, დამნაშავეა გვიანდელ საბჭოთა პერიოდში შექმნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც შორსაა სრულყოფილებისგან.
„წარმატება ძალოვნებთან თანამშრომლობამ მოიტანა“
„კროსტის“ ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც კომპანიამ რუსეთის ძალოვანი უწყების დაკვეთით შეასრულა, „ბუტირკის“ ციხის რეკონსტრუქცია იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. სამუშაოები სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა პატიმრების გაქცევის გახშირებული შემთხვევების შემდეგ შეუკვეთა (მოგვიანებით „კროსტმა“ ციხის მიმდებარე სამრეწველო ზონის „აღდგენაში“ მიიღო მონაწილეობა და იქ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სახლები ააშენა).
„ის მშენებლების ოჯახიდანაა, მუშაობა 14 წლის ასაკში ოემზეს (ОМЗ) ქარხანაში რიგით მუშად დაიწყო, მოგვიანებით კი ოსტატი გახდა. 15 წლის წინ დააარსა მცირე კომპანია „გადახურვა და მშენებლობა“ (Кровля и строительство — სხვათა შორის, კონცერნის ახლანდელი სახელი „კროსტი“ სწორედ პირველი კომპანიის სახელწოდების აბრევიატურაა). 1999 წელს ბატონმა დობაშინმა პირველი საინვესტიციო კონტრაქტი განახორციელა.
ასევე ნახეთ
მამას შეუძლია. პუტინის ქალიშვილების ფონდის მახლობლად ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი განათავსეს„კროსტის“ ემბლემიანი უნიფორმით შემოსილი მშენებლები ხშირად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სამშენებლო ობიექტებზე. 90-იანი წლების დასაწყისში, პირველებმა სწორედ შსს-ს, ფეესბე-სა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელებმა შეაფასეს ბატონი დობაშინის კომპანიის მუშაობის ხარისხი და სისწრაფე. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ბევრი მათგანი სამინისტროს კაბინეტებიდან „კროსტის“ ოფისებში გადაბარგდა.
ფართო კავშირების მქონე, გამოცდილი მენეჯერები კომპანიას ძალოვანი უწყებების მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერებში გამარჯვებაში ეხმარებიან. ბატონი დობაშინი ბევრს აშენებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მათ შორის - (საკუთარი) კომპანიის სახსრებით. კონკურენტები ზურგს უკან მას „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გენპოდრიადჩიკს“ (გენერალურ კონტრაქტორი) ეძახიან“, წერდა დობაშინის შესახებ 2005 წლის ოქტომბერში გაზეთი „კომერსანტი“.
2021 წელს დობაშინის „კროსტმა“ ბალაშიხაში „როსგვარდიის“ მთავარი ტაძარი ააგო. ერთი წლის შემდეგ ამ უწყების ჯარები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ ფაზაში მონაწილეობდნენ.“
ბალაშიხაში მდებარ ვლადიმირის ეკლესია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „როსგვარდიის ეკლესია“, როსგვარდიის ელიტური ძერჟინსკის დივიზიის სახლია
„კროსტის“ ანგარიშზეა 2020 წელს მოსკოვში ბორდიურების მასობრივი, მიმად ქცეული გამოცვლა, განახლების პროგრამაში მონაწილეობა, „ადამიანთა საცხოვრებელი ფუტკრის სკების“ (ე.წ. „ჩელოვეინიკების“) უსასრულო მშენებლობა, ცნობილი საქანელები ტრიუმფალურ მოედანზე, „ყინულის მღვიმე“ კრემლთან მდებარე პარკ „ზარიადიეში“, ВДНХ-ის (სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა) პავილიონების რეკონსტრუქცია და მოსკოვისა და ფედერალური ხელისუფლების სხვა საკვანძო ობიექტები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე „კროსტი“ ზაჰა ჰადიდის არქიტექტურულ ბიუროსთან თანამშრომლობასაც კი გეგმავდა. ხალხმა შენობას, რომლის აშენებაც ამ პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა, მეტსახელად „ ვაგინებიანი სახლი“ შეარქვეს. 2022 წლის გაზაფხულზე ჰადიდის ბიურომ რუსეთში მუშაობა შეწყვიტა, თუმცა „კროსტი“ კვლავაც აპირებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.
კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მშენებლობად 2003 წელს იქცა მოსკოვში, მალაია დმიტროვკას ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია „ვლადიმერ პოზნერის სატელევიზიო ოსტატობის სკოლისთვის“. მაშინ რაიონის მცხოვრებთა ჯგუფმა სასამართლოს მიმართა და „კროსტი“ „არქიტექტურის ძეგლის განზრახ განადგურებაში“ დაადანაშაულა. შენობის ინტერიერისთვის ბეტონის კოჭები და კიბის მარშები სწორედ იმავე ქარხანა „მაჟინომ“ დაამზადა.
„პოზნერის სკოლის“ შენობა მალაია დმიტროვკაზე
„კროსტის“ თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ПВО) კოშკურების შემუშავებისა და წარმოების გარდა - დიდი ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გრძელდებოდა.
2023 წლის ოქტომბერში კომპანიამ მოსკოვის აღმოსავლეთით, ნეკრასოვკაში, საამქროები ააგო კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ქარხნისთვის, რომელიც სარაკეტო კომპლექსებს აწყობს.
2025 წლის მაისში „კროსტმა“ ახალი შენობა ააშენა მოსკოვის მთავარი სამხედრო კომისარიატისთვის იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო იმავე წლის თებერვალში - რუსეთში უდიდესი საფრენოსნო-საგამოცდო კომპლექსი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ინდუსტრიულ პარკ „რუდნევოში“, რომელიც სერგეი სობიანინმა საზეიმოდ გახსნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად.
2024 წლის ოქტომბერში ალექსეი დობაშინი ჰყვებოდა, რომ მისი კონცერნი მუშაობს „შემოერთებულ ტერიტორიებზეც“ (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ნაწილებსა და თვითგამოცხადებული „დნრ“-ისა და „ლნრ“-ის ტერიტორიებს). ამის მიუხედავად, „კროსტი“ არ იქნა შეყვანილი არც ევროპის, არც აშშ-ისა თუ უკრაინის სანქციების სიებში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსკოვში ქარხანა „ალმაზ-ანტეის“ გახსნაზე. 2023 წლის ოქტომბერი
ომის დაწყების შემდეგ „კროსტის“ შემოსავალი (ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის თანახმად, რომელიც ეყრდნობა ფედერალური საგადასახადო სამსახურისა და "როსტატის" მონაცემებს) რამდენჯერმე გაიზარდა - 2021 წლის 822 მილიონი რუბლიდან 5 მილიარდამდე 2022 წელს. 2024 წელს კომპანიის წმინდა მოგება ერთბაშად სამჯერ გაიზარდა, 25-დან 76 მილიონამდე, თუმცა 2025 წელს კვლავ წინანდელ მაჩვენებლებამდე დაეცა.
კომპანია „კროსტში“ თავდაცვის სამინისტროსთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის კოშკების მიწოდების საქმეში თანამშრომლობის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კითხვებს არ უპასუხეს.
ალექსეი დობაშინი (მარჯვნივ) ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს „კროსტის“ კონცერნის სახელოსნოებში ტექნოგრადში, VDNKH-ში, 2018 წლის ოქტომბერი
არა მხოლოდ მოსკოვი და ვალდაი
თუკი „კროსტის“ ბეტონის კოშკები „პანცირებისა“ და საზენიტო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის უპირატესად მოსკოვსა და პუტინის ვალდაის რეზიდენციის სიახლოვეს გვხვდება, რუსეთის სხვა რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება და ომისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების მფლობელები საკუთარი ძალებით ცდილობენ ფონს გასვლას - ზოგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს კვლავ ხელოვნურ შემაღლებებზე აყენებენ, სხვა ადგილებში კი, სადაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უბრალოდ არ არის, იყენებენ ლითონის კოშკურებს ტყვიამფრქვევებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) სისტემების დასამონტაჟებლად ან ჭიმავენ ბადეებს, რომლებიც პოტენციური სამიზნის დრონებისგან დაცვისთვისაა განკუთვნილი.
ასეთ ობიექტებს შორისაა — „შაჰედის“/„გერანის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების რამდენიმე კორპუსი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, „ალაბუგას“ ტერიტორიაზე (თუმცა აქ „მოსკოვური“ ტიპის კოშკურებიც არის), ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო საწარმოები. განსაკუთრებული ეფექტიანობით ეს კონსტრუქციები ჯერჯერობით არ გამოირჩევიან: მაგალითად, ჩებოქსარიში მათ ვერ იხსნეს ნგრევისგან თავდაცვითი საწარმოს, „ Прогресс“-ის კორპუსები (გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში იერიშისთვის რაკეტები იქნა გამოყენებული და არა დრონები), ხოლო სექტემბერში ბადეები უძლური აღმოჩნდა ადლერში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს.
დრონების საწინააღმდეგო კოშკურები ჩებოქსარიში, „Прогресс“-ის ტერიტორიაზე
„რადიო თავისუფლებამ მსგავსი კოშკურების ერთ-ერთი მწარმოებელი ნოვოსიბირსკში აღმოაჩინა. 20-დან 40 მეტრამდე სიმაღლის ასაწყობ ლითონის „უპილოტო საფრენი აპარატებისგან დამცავ კოშკურებს“ აქ ამზადებს და ყიდის „პირველი მაღლივი კომპანია.“
შპს „პირველი მაღლივი კომპანიის“ წარმოების „უპილოტო საფრენი აპარატებისგან დამცავი კოშკურები“
მსგავსი კონსტრუქციების მწარმოებლები სხვა რეგიონებშიც არიან — მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (НПО) „ლეგიონი“, კიროვის ქარხანა „რეკოსტროი“, ომსკის НПО ЗМК. რიგი კომპანიები - მაგალითად, „ენგელსსკი მეტალი“ სარატოვის ოლქში - უშვებენ ლითონის გადახურვას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რეზერვუარების დასაცავად.
ქარხანა „ენგელსმეტალ-ის“ წარმოების ლითონის გადახურვა უპილოტო საფრენი აპარატებისგან დასაცავად
2026 წლის 24 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ“. თუ ასეთი საწარმოების მესაკუთრეები არ იღებენ საკმარის ზომებს მათ დასაცავად, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან, მაშინ კანონის თანახმად, შესაძლოა ბიზნესის მართვა დროებით გარედან გაგრძელდეს.
უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვას კერძო საწარმოებიც სთავაზობენ ორგანიზაციებს. კომპანია „როსსეტიმ“, მაგალითად, ორ კერძო დაცვის საწარმოსთან გააფორმა კონტრაქტები „მოსკოვის ენერგეტიკული რკალისა“ და ნოვგოროდის ოლქის, იმავე ვალდაის რაიონის ელექტროქვესადგურების „უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის მომსახურების გაწევაზე“, სადაც პუტინის რეზიდენცია მდებარეობს.
რაც შეეხება კონცერნ „კროსტს“, რომლის ბეტონის კოშკურებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის მოსკოველებისთვის პეიზაჟის ჩვეულ ნაწილად და „ომის შინ დაბრუნების“ ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, სულ ახლახან მორიგ სკანდალში გაეხვა: სექტემბერში, როგორც რუსული ტელეგრამ-არხები ამტკიცებენ, კომპანიამ ერთდღიანი ფირმის მეშვეობით 100 მილიონ რუბლად (ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში ოროთახიანი ბინის ფასად) შეიძინა XVII საუკუნის უნიკალური არქიტექტურული ძეგლი — კოჟევენნაიას სლობოდას პალატები მოსკოვის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. ქალაქის დამცველები შიშობენ, რომ ისევე, როგორც მალაია დმიტროვკაზე პოზნერის სკოლისთვის განკუთვნილი სასახლის შემთხვევაში მოხდა, დარბაზებისგან რეკონსტრუქციის შედეგად უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ისტორიული ფასადი დარჩება.