როცა კედელი აღმართეს: ბერლინი, 1961 წელი

1961 წლის 13 აგვისტო. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო არმიის მოსამსახურეები დიდი რაოდენობით მორიგეობდნენ ბერლინის ქუჩებში.

გდრ-ის პოლიცია დარაჯობს ბერლინის კედლის დროებით, წინასწარ დამზადებულ სექტორს. 13 აგვისტოს, შუაღამისას, გდრ-ის არმიის მოსამსახურეებმა დაიწყეს აშენება კედლისა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტმა ლიდერმა ვალტერ ულბრიხტმა "ანტი-ფაშისტურ დამცავ ზღუდედ" მონათლა. ორი თვით ადრე, 15 ივნისს, იმავე ულბრიხტმა საჯაროდ განაცხადა: "არავინ აპირებს კედლის აშენებას!"

ბერლინის გაყოფის პირველ კვირაში ბეტონისგან წინასწარ დამზადებული კედლის სექციებს ქალაქის სახვადასხვა რაიონში ამონტაჟებენ. პროცესს ახლავს მავთულხლართების გაბმა და კარგად შეიარაღებული ჯარისკაცებისა და პოლიციელების რიცხვის მკვეთრი ზრდა. მთავარი კედლის მშენებლობა აგვისტოს ბოლო კვირაში დაიწყება.

1961 წლის აგვისტოს შუა რიცხვები. გდრ-ის ჯავშანმანქანები აკონტროლებენ ზოლს, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონებს.

რადიო თავისუფალი ევროპის ბერლინის ბიუროს უფროსი უილიამ მარში პოტსდამის მოედანზე ინტერვიუს ართმევს პოლიციის ოფიცერს. უკანა პლანზე მიმდინარეობს მშენებლობა მთავარი კედლისა, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე ეს მოედანი მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უკაცრიელ და საუკეთესოდ დაცულ ადგილად აქცია.

ახალაშენებული კედლის ხედი დასავლეთის მხრიდან. 1961 წლის 19 აგვისტოს კედელმა პირველი სიცოცხლე შეიწირა: დაიღუპა მამაკაცი, რომელმაც ბერნაუერ შტრასეზე მდებარე თავისი ბინიდან დასავლეთ ბერლინის მხარეს გადაძრომა სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და ფანჯრიდან გადავარდა.

ბერლინის ახალაღმართული კედლის ხედი აღმოსავლეთის მხრიდან. 1961 წლის 24 აგვისტოს, მდინარე შპრეეს გადაცურვის მცდელობისას, მესაზღვრეებმა მოკლეს 24 წლის გიუნტერ ლიტფინი. კედლის აღმართვის შემდეგ ეს იყო პირველი მკვლელობა, რომელსაც მომდევნო წლებში, საზღვრის გადაკვეთის, მცდელობისას, მრავალი სხვა ფატალური შემთხვევა მოჰყვა.

კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი. 1962 წლის 17 აგვისტოს 18 წლის პეტერ ფეხტერმა აღმოსავლეთ ბერლინიდან გაქცევა სცადა. გდრ-ის მესაზღვრეებმა მას ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. დასავლეთის მხრიდან ოპერატორები ერთი საათის განმავლობაში იღებდნენ, როგორ იცლებოდა სისხლისგან ფეხტერი.

კედლის ერთი მონაკვეთი ბრანდენბურგის ჭიშკრის მახლობლად. ამ ჭიშკართან, 1987 წლის 12 ივნისს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა კედლის დანგრევის მოწოდებით მიმართა მაშინდელ საბჭოთა ლიდერს და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: "ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!"

1961 წელი. ჯავშანმანქანა ბრანდენბურგის ჭიშკრის სვეტებს შორის (ხედი დასავლეთის მხრიდან).