2014 წლის 9 ნოემბერს შესრულდება 25 წელი იმ დღიდან, როცა ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილება ორ გერმანიას შორის საზღვრის გახსნის შესახებ, რასაც ბერლინის კედლის დანგრევა მოჰყვა. ამ კედლის აღმართვა დაიწყო 1961 წლის 13 აგვისტოს, როცა გდრ-ის სახალხო არმიის მოსამსახურეები ბრანდენბურგის ჭიშკრის მახლობლად განლაგდნენ და აღკვეთეს მიმოსვლა ქალაქის დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. როცა კედლის მშენებლობა დასრულდა, მისმა სიგრძემ ბერლინის გარშემო 155 კილომეტრი შეადგინა. არსებობის 28 წლის მანძილზე გდრ-ის მესაზღვრეებმა თუ ავტომატურმა ცეცხლსასროლმა დანადგარებმა კედლის გადალახვის მრავალი მოსურნე გამოასალმეს სიცოცხლეს. 1989 წლის 9 ნოემბერს გდრ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორ გერმანიას შორის მოქმედი საზღვრის გახსნის შესახებ, რაც ბერლინის კედლის ნგრევასაც ნიშნავდა. ამ მოვლენამ დასაბამი დაუდო კომუნიზმის ნგრევას საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
ბერლინის კედელი: აღმართვიდან ნგრევამდე
1
1961 წლის აგვისტო. კედლის მშენებლობა ბერნაუერ შტრასეზე.
2
კედლის მშენებლობის სამუშაოები ბრანდენბურგის ჭიშკართან. სურათი გადაღებულია 1961 წლის 20 ნოემბერს.
3
1963 წლის ივლისი. დასავლეთბერლინელი ბიჭები "ჩეკპოინტ ჩარლის" სახელით ცნობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, ბერლინის ამერიკულ სექტორში.
4
1963 წლის 26 ივნისი, ბერლინის შიონებერგის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი წარმოთქვამს თავის ლეგენდარულ სიტყვას "Ich bin ein Berliner" ("მე ბერლინელი ვარ").
5
1968 წლის ივნისი. ბრანდენბურგის ჭიშკარი მავთულხლართის ფონზე.
6
1968 წლის ივნისი. "ჩეკპოინტ ჩარლის" სახელით ცნობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
7
1968 წლის ივნისი. კედლის ხედი დასავლეთის მხრიდან. უკანა პლანზე მოჩანს აღმოსავლეთ ბერლინის ნაწილი.
8
1984 წლის 29 აპრილი. ბერლინის კედლის დასავლეთი მხარე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხატვრებისთვისა თუ მოყვარული ხელოვანებისთვის მოღვაწეობის პოპულარულ სარბიელად იქცა. კედლის აღმოსავლეთი ნაწილი მის დანგრევამდე ხელუხლებელი (და მოუხატავი) რჩებოდა.
9
1986 წლის 18 ივლისი. ორად გახლეჩილი ბერლინის ხედი "ჩეკპოინტ ჩარლის" მახლობლად.
10
1989 წლის 9 ნოემბერი, საზღვარი გაიხსნა. ბერლინელები კედლის ნატეხებს ახლა მხოლოდ სამახსოვროდ თუ შეინახავენ.