აბორტის უფლება: „ვერ იაზრებენ, რა ძალა აქვთ ქალებს და გოგოებს“

რაჭაში, ამბროლაურში, „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვის ერთ-ერთი შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა დამსწრემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სთხოვა, იქნებ „ბავშვთა უფლებების და რელიგიური ღირებულებების დასაცავად, პარლამენტმა აბორტის წინააღმდეგ კანონპროექტი მოამზადოსო“.

მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, პათოსში გეთანხმებით, თუმცა ეს დიდი მსჯელობის საგანია, წელს დავიწყებთ და რაღაც ოპტიმალურ გამოსავლამდე მივალთო.

„ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც ჩვენ წელს ვაპირებთ ვიმსჯელოთ და რაღაცა შედეგამდე მივალთ. მათ შორის, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გვქონდა ამაზე გარკვეული დისკუსია, კამათიც კი... მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ ამაზე, ჩვენ უფრო რბილი... რაღაცამდე უნდა მივიდეთ, მათ შორის, ამ აბორტის თემასთან დაკავშირებითაც. სამედიცინო ჩვენების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავლამდე მივალთ“.

ბოლო კვირაა, „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს ქალაქებში დადიან, ხალხს ხვდებიან და ცდილობენ ადამიანები დაარწმუნონ, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ქვეყანას დიდი საფრთხე ელის. რომ შესაძლოა, ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს ქართველობაც.

მდინარაძის პასუხი სიტყვასიტყვით ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:

Your browser doesn’t support HTML5

მამუკა მდინარაძის პასუხი აბორტის შესახებ დასმულ კითხვაზე

  • რას ნიშნავს “ოპტიმალური გამოსავალი”?
  • რას ნიშნავს, “სამედიცინო ჩვენების დროს გასაგებია”?
  • როგორ უნდა გავიგოთ მამუკა მდინარაძის საჯაროდ ნათქვამი სიტყვები, რომ “რაღაც შედეგამდე უნდა მივიდეთ”?
  • ან რაზე ელაპარაკება ხელისუფლება ეკლესიას და თუ დისკუსია მართლაც მიდის, რატომ არ ჩართეს ამ პროცესში ქალები?

გაჩნდა კითხვები. პირველი შეფასებაც, რომ ხელისუფლებამ “ქალებს ომი გამოუცხადა” და, რაც მთავარია, ეჭვი: მართლაც ხომ არ იგეგმება აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება, მით უმეტეს, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონი ერთხელ უკვე შეიცვალა, რამაც აბორტის გაკეთება მცირედით უკვე გაართულა?

ასევე ნახეთ ცვლილებები შევიდა აბორტის შესახებ ბრძანებაში - ფსიქოლოგთან კონსულტაცია და 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა

ინტერვიუ ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელიც პარლამენტის გენდერულ საბჭოს ხელმძღვანელობს, თუმცა უარი მივიღეთ - პარლამენტარმა მოგვწერა, რომ ამ საკითხს მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და, რომ ამ თემის „გააქტიურება“ არ არის მომგებიანი ქალთა უფლებების კუთხითაც.

„აბორტების თემაზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება“, - მოგვწერა ნინო წილოსანმა.

საკანონმდებლო ორგანოში რომ ამ საკითხზე ჯერ ღიად არავინ ლაპარაკობს, ეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმაც დაგვიდასტურეს, თუმცა მათ არ გამორიცხეს, რომ დახურულ წრეში, ამაზე შესაძლოა უკვე მსჯელობენ.

ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის ოქტომბერში გამოცემული ბრძანებაც ყველასათვის მოულოდნელი იყო - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემაც გვითხრა, რომ დაგეგმილ ცვლილებაზე არც მან და არც მისმა კოლეგა დეპუტატმა ქალებმა არაფერი იცოდნენ.

მაშინ ამ ბრძანების შედეგად საქართველოში აბორტის გაკეთების წესი გართულდა.

2024 წლის 1 იანვრიდან, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულნი არიან, მოიცადონ ხუთი დღით და გაიარონ კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც.

აბორტის უფლება იმ ფუნდამენტურ უფლებათა შორისაა, რომელსაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას ვეძახით. ადამიანის უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ სხეულზე, იყოლიოს თუ არა შვილი, რამდენი და რა ინტერვალით, სწორედ ამ უფლების მთავარი ელემენტია.

„ვერც იაზრებენ, რა ძალა აქვს ამ ქვეყნის წიაღში დაბადებულ ქალებსა და გოგოებს“

გენდერის მკვლევრის ლიკა ჯალაღანიასთვის, რომელიც წლებია ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე დებატებმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეები სულ უფრო დამოკიდებული გახადოს სახელმწიფოზე, კონტროლის, აკრძალვების და მათი სხეულების განკარგვის გზით.

“ჯერ საკონსტიტუციო ცვლილება მიიღეს ქალისა და კაცის ერთობის ექსკლუზიური ფორმის შესახებ, შემდგომ, ლგბტ ჯგუფები სრულიად ამოიღეს პოლიტიკის დოკუმენტებიდან (ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია), მოგვიანებით სუროგაციის კანონი გაამკაცრეს და მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილისთვის დატოვეს ამ სერვისით სარგებლობის უფლება, ამას მოჰყვა აბორტის სერვისის მიღების პროცესში დამატებითი მოთხოვნები სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე, ახლა საუბრობენ აბორტის აკრძალვის სხვადასხვა ფორმაზე”, - აჯამებს ბოლო წლების ტენდენციას ლიკა ჯალაღანია.

ბოლო განცხადება, შესაძლოა, იყოს მანიპულაციაც, დასმულ კითხვაზე ისეთი პასუხის გაცემა, როგორსაც ამომრჩეველი მოელის, - გვეუბნება ლიკა ჯალაღანია, - და შესაძლოა, იყოს წინასაარჩევნო სტრატეგიაც, ერთგვარი დაპირება, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი აბორტს აკრძალავენ.

არჩევნებამდე, აბორტის აკრძალვის საკანონმდებლო რეგულირებად ქცევას ლიკა ჯალაღანია არ მოელის და ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ეცდება ეს იმ დროისთვის მოიტოვოს, როდესაც მათ ხელისუფლებაში ყოფნას აშკარა და გარდაუვალი საფრთხე შეექმნება.

“ქართული ოცნება” დღემდე ვერ იაზრებს, რა ძალა აქვს ამ ქვეყნის წიაღში დაბადებულ ქალებსა და გოგოებს. ქალები ამუშავებენ ამ ქვეყნის ეკონომიკას და მთლიანი სოციალური რეპროდუქციაც ჩვენს ქალებზე გადადის. ამიტომ, მათ ადგილზე, ასჯერ დავფიქრდებოდი ნებისმიერ ინიციატივაზე, რაც ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული”, - უთხრა ლიკა ჯალაღანიამ რადიო თავისუფლებას.

რატომ წამოწია ეს საკითხი ხელისუფლებამ არჩევნების წინ, როცა ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი ქალია?

„აბორტის სერვისი, მიუხედავად აბორტის მიმართ ქალების პიროვნული დამოკიდებულებისა, პოტენციურად ყველას შეიძლება დასჭირდეს, ვინც შეიძლება დაორსულდეს“, - გვეუბნება მედეა ხმელიძე, ორგანიზაცია „რეალური ხალხი, რეალური ხედვის“ თანამშრომელი, რომელიც 14 წელზე მეტია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე მუშაობს. მან იცის, რომ ცუდი - არასასურველი ორსულობის დროს ქალი აკეთებს ყველაფერს, რაც იცის და რაც არ იცის, რომ ეს მდგომარეობა დაასრულოს.

„ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხერხებს მიმართავდნენ ქალები სულ ცოტა ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მედიკამენტოზური აბორტი, რამხელა რისკზე მიდიოდნენ და რამხელა საფრთხე ექმნებოდა მათ სიცოცხლეს. ამაზეა სამუშაო, რომ ქალები არასასურველი ორსულობის წინაშე არ აღმოჩნდნენ. თორემ თუ ამის წინ დგებიან, აბორტი გამოსავალია. მაშ, როგორ შეიძლება ებრძოლო იმას, რაც არის გამოსავალი და არა პრობლემა?“ - ამბობს მედეა ხმელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ აბორტზე ხელმისაწვდომობის ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ მავნებლური საქციელი.

ასევე ნახეთ რა ხდება, როცა ორსულობა წყდება - რას ჰყვებიან ქალები

ის, რომ აბორტის შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წესს და არღვევდა ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლებას, ქალთა უფლებებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის სახელზე გაგზავნილ ღია წერილშიც ჩაწერა.

ხელმომწერები, რომელთა შორის იყო მედეა ხმელიძეც, წერდნენ იმასაც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არც ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელს გაზრდიდა, რადგან ვერცერთმა ქვეყანამ, აბორტის შეზღუდვით, შედეგს ვერ მიაღწია და, რომ პირიქით, გაიზარდა დედათა ავადობა და სიკვდილიანობა.

ამ ღია წერილზე ხელმომწერებს მოჰყავდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც, რომელიც აჩვენებდა, რომ აბორტების რაოდენობის შემცირება - შობადობის გაზრდასთან კავშირში არ იყო.

იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი აკრძალულია (მაგალითად, ელ სალვადორში), ამ აკრძალვას არაერთი ქალი ემსხვერპლა, რადგან მათ ვერ შეძლეს ქვეყნიდან გასვლა და სხვა ქვეყანაში აბორტის გაკეთება.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, აბორტის აკრძალვის ინიციატივები განსაკუთრებით პოლიტიკურად კრიტიკული ვითარების დროს აქტიურდება.

„არსებობს ირლანდიის მაგალითიც, სადაც მკაცრი კანონი ხალხმა უკეთესობისკენ რეფერენდუმით შეცვალა“, - გვიამბობს მედეა ხმელიძე.

პროტესტი ვაშინგტონში, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც შტატებს ინდივიდუალურად ექნებათ აბორტის აკრძალვის ან გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება. 2022 წელი, მაისი.

2024 წლის 11 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიაში აბორტის უფლების განმტკიცებას.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში აბორტთან დაკავშირებული კანონების ლიბერალიზაციის ტენდენციაა.

რეპროდუქციული უფლებების ცენტრის თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში 60-ზე მეტმა ქვეყანამ და ტერიტორიამ აირჩია აბორტის კანონების ლიბერალიზაციის გზა. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ამ გზას ადგანან კოლუმბია, მექსიკა, არგენტინა.

საფრანგეთში აბორტის უფლება კონსტიტუციით არის გამყარებული.

დიდი პროტესტი მოჰყვა 2022 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე - მაშინ მოსამართლეებმა შტატებს ინდივიდუალურად მისცეს აბორტის აკრძალვის ან გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება.

2022 წელს უნგრეთის მთავრობამაც გაამკაცრა აბორტის გაკეთების წესები, რამაც ორსულობის შეწყვეტა უფრო ბიუროკრატიული გახადა.

კანონმა ორსულებს დაუწესა აბორტის გაკეთებამდე ნაყოფის გულისცემის მოსმენა.

აბორტის გამკაცრების საწინააღმდეგო დემონსტრაცია ვარშავაში, პოლონეთში, 2021 წლის იანვარი.

ევროპაში აბორტის რეგულირების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა პოლონეთს აქვს. იქ აბორტი დასაშვებია მხოლოდ სამ შემთხვევაში:

  • თუ ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • თუ ნაყოფს მძიმე ფორმის დაავადება აქვს;
  • გაუპატიურების შემთხვევაში.

სხვა მიზეზებით იქ აბორტის გაკეთება აკრძალულია.

ბოლო მასობრივი აქციები აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ იქ ქალებმა 2020 წლის შემოდგომაზე გამართეს და ქვეყნის 150 ქალაქში, მათ შორის, ვარშავაშიც, მანქანებით, ველოსიპედებითა და ფეხით მოძრავმა ათობით ათასმა ადამიანმა გადაკეტა მოძრაობა გზებზე.

მანამდე, 2016 წელს, პოლონეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა სადავოდ ქცეულ კანონპროექტს, რომელიც აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარდგენილ ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა პოლონეთის კათოლიკური ეკლესია, რომელიც მომხრე იყო აბორტის თითქმის სრულად აკრძალვის, გარდა შემთხვევისა, როცა ოპერაცია აუცილებელი იქნებოდა დედის გადასარჩენად.

ასევე ნახეთ მონათლე და დამარხე. რა გამოიწვია აბორტების აკრძალვამ პოლონეთში

რეპროდუქციული უფლებების მკვლევარი ელენე ქაიხოსროშვილი ქალთა უფლებების დამცველების იმ ნაწილს ეთანხმებოდა, ვისი აზრითაც, ხელისუფლება, როგორც ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონს, ისე აბორტის თემას წინასაარჩევნოდ, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის იყენებდა და ან თემებზე გამოხმაურება არ ღირდა.

მაგრამ მამუკა მდინარაძის საჯარო გამოსვლის ის ნაწილი, სადაც უმრავლესობის ლიდერმა საპატრიარქოსთან წამოწყებული კონსულტაციები ახსენა, ელენესაც საგანგაშოდ მოეჩვენა.

„ჩვენ აქამდე ისიც კი არ ვიცით, ვის ჰკითხეს აზრი შარშან შემოდგომაზე, როცა აბორტის გაკეთების წესი გაართულეს. ახლა კი ვიგებთ, რომ საერთოდაც, საპატრიარქოსთან აქვთ რაღაც დისკუსია აბორტსა თუ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე და თან, როგორც ჩანს, მხოლოდ მათთან“.

კიდევ იგეგმება თუ არა კანონის გამკაცრება, ამის შესახებ არც ელენეს აქვს ინფორმაცია. ამბობს, რომ ნებისმიერი პატარა შეზღუდვაც კი ამ გზაზე, ქალებს კიდევ უფრო დააზარალებს.

„მაშინ როცა სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ საერთოდ არ დადგეს დღის წესრიგში არასასურველი ორსულობა, ის მთელი ძალით გვეჭიდავება ყველა შეხვედრაზე, სადაც ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე ან კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობაზე ვლაპარაკობთ თუნდაც სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის“, - გვეუბნება ელენე ქაიხოსროშვილი.

და ეს მაშინ, როცა საქართველოში, დღემდე არიან ქალები, ვისთვისაც აბორტი, ინფორმაციის უქონლობის, გავრცელებული მითების, უსახსრობის გამო, კონტრაცეფციის ერთადერთი საშუალებაა.